ფორმულა 1, მაქს ფერსტაპენი, ლანდო ნორისი, შარლ ლეკლერი, სან პაულოს გრან-პრი
Aa
Aa

ნორისის დომინაცია, ფერსტაპენის მორიგი ქამბექი და Mercedes-ის საჩემპიონო ტრიუმფი | სან პაულოს გრან-პრი

ლანდო ნორისმა ინტერლაგოსზე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, მაქს ფერსტაპენმა სტარტიდან დაიწყო პოზიციურად გაუმჯობესება, ხოლო Mercedes-ის გუნდმა ჩემპიონობა სეზონის დასრულებამდე გაინაღდა.

კვალიფიკაციის შემდეგ მაქს ფერსტაპენი და ლუის ჰამილტონი ერთ აზრზე იყვნენ: 2026 წლის ახალი რეგლამენტით შექმნილი ბოლიდებით სან-პაულოში პოზიციურად გაუმჯობესება უფრო რთული იქნებოდა, ვიდრე წლების წინ. თუმცა მაქსმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისთვის შეუძლებელი არაფერია და წარმოუდგენელი ქამბექი შემოგვთავაზა.

ასევე იხილეთ: ისტორია, რომელიც არ იცით: რატომ არ არიან ქალები F1-ში?

ნიდერლანდელმა პილოტმა მოწინააღმდეგეები ისე ჩამოიტოვა, როგორც ეს წარსულშიც არაერთხელ გაუკეთებია. ფერსტაპენმა რბოლა 21-ე პოზიციიდან დაიწყო და საბოლოოდ მეორე ადგილი დაისაკუთრა. შედეგად, მაქსი დღის საუკეთესო მრბოლელიც გახდა.

თუმცა გამარჯვება მაინც McLaren-ის პილოტსა და გასული წლის ჩემპიონს, ლანდო ნორისს დარჩა. ბრიტანელმა შაბათს პოულ პოზიცია მოიპოვა, ხოლო კვირას დამაჯერებელი სხვაობით გამარჯვებაც დაისაკუთრა. მიუხედავად სტარტზე ანტონელის გადასწრებისა, ნორისმა ფაქტობრივად უშეცდომოდ იარა და როგორც მშრალ, ასევე სველ ტრასაზე ბოლიდის მართვას თავი შესანიშნავად გაართვა.

Mercedes-მა ორივე ჩემპიონობა გაინაღდა

კიმი ანტონელის მიერ ჩემპიონობის დასაკუთრების შემდეგ კი Mercedes-მა სეზონის დასრულებამდე კონსტრუქტორთა თასიც დაისაკუთრა. ეს განსაკუთრებით შთამბეჭდავია იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ Mercedes-ის ბოლო ჩემპიონობიდან ხუთი წელია გასული, 2024 წელს კი კონსტრუქტორთა ჩემპიონატში ის მხოლოდ მეოთხე პოზიციას დასჯერდა. აღსანიშნავია ისიც, რომ გუნდმა ეს წარმატება ტექნიკური რეგულაციების მასშტაბური ცვლილების პირველივე სეზონში მოიპოვა.

Mercedes-მა მიმდინარე სეზონი დომინანტურად დაიწყო და ახალი ბოლიდით გამარჯვების პოტენციალი თავიდანვე გამოავლინა. თუმცა დროთა განმავლობაში მისი უპირატესობები ისეთი შესამჩნევი აღარ იყო: მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა Red Bull-მა, McLaren-მა და Ferrari-მ კი სხვაობის შემცირებაც შეძლეს. ეს შესაძლოა Mercedes-ისთვის მომდევნო სეზონში თავის ტკივილად იქცეს.

მიუხედავად ამისა, ძირითადად ანტონელის წარმატებულმა სეზონმა Mercedes-ს ამ წელს ორივე ჩემპიონობა სეზონის დასრულებამდე მოუტანა. მთლიანობაში Mercedes-ის სეზონი უდავოდ წარმატებული გამოდგა.

რაც შეეხება Ferrari-ს, გუნდი გუშინ გამართულ რბოლაში პოდიუმისთვის ბრძოლაში ფაქტობრივად არ ჩართულა. ლეკლერმა და ჰამილტონმა რბოლა, შესაბამისად, მეშვიდე და მეცხრე ადგილებზე დაასრულეს. ეს შედეგი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ Ferrari-ს ჯერ კიდევ აქვს პრობლემები, რომელთა მოგვარებაც მომავალი სეზონისთვის მოუწევს. მარანელოს ერთ-ერთ მთავარ სისუსტედ მაქსიმალური სიჩქარის ნაკლებობა რჩება და მოდი, ვაღიაროთ, რომ გუნდს დიდად არც მენეჯმენტი ეხერხება.

ამჟამად კონსტრუქტორთა ჩემპიონატში პირველი სამეულის ქულები შემდეგნაირადაა გადანაწილებული:

Mercedes — 652 ქულა

Ferrari — 510 ქულა

Red Bull Racing — 415 ქულა

მრბოლელთა პირველი ხუთეული კი შემდეგნაირია:

კიმი ანტონელი (ჩემპიონი) — 390 ქულა

მაქს ფერსტაპენი — 279 ქულა

ჯორჯ რასელი — 262 ქულა

ლუის ჰამილტონი — 261 ქულა

შარლ ლეკლერი — 249 ქულა

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები