მძღოლების პერსონალური ინფორმაციით ვაჭრობისთვის GM-ს 220 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს
თანამედროვე ავტომობილი სულ უფრო მეტად ემსგავსება ბორბლებიან სმარტფონს, რომელიც ჩვენს ყოველ ნაბიჯსა და მანევრს აფიქსირებს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ზოგიერთი ავტომწარმოებელი ამ მონაცემებს არა მხოლოდ დიაგნოსტიკისთვის, არამედ საკუთარი მომხმარებლების ზურგს უკან კომერციული მიზნებისთვისაც იყენებდა. General Motors-მა აშშ-ის 35 შტატისა და კოლუმბიის ოლქის გენერალური პროკურორების კოალიციასთან მოლაპარაკებები დაასრულა და მძღოლების ფარული მონაცემების უკანონოდ გაყიდვის გამო $220 მილიონის ოდენობის ჯარიმა იკისრა.

სკანდალი ცნობილი პროგრამის — „Smart Driver“-ის გარშემო ატყდა, რომელსაც GM-ი 2016 წლიდან 2024 წლამდე პერიოდში იყენებდა. ავტომწარმოებელი Smart Driver-ს მძღოლებს წარუდგენდა, როგორც უვნებელ სერვისს, რომელიც მათ მართვის სტილისა და უსაფრთხოების გაუმჯობესებაში უნდა დახმარებოდა, თანაც ირწმუნებოდა, რომ მონაცემები მესამე პირებს არ გადაეცემოდათ. რეალობაში კი, როგორც გამოძიებამ დაადგინა, GM-მა მილიონობით მძღოლის სენსიტიური ინფორმაცია — მათ შორის ზუსტი გეოლოკაცია, სიჩქარე, მკვეთრი დამუხრუჭებისა და აჩქარების დეტალები — მონაცემთა ბროკერებს არაერთხელ მიჰყიდა. თავის მხრივ, ბროკერები ამ ინფორმაციას სადაზღვევო კომპანიებს გადასცემდნენ, რათა ამ უკანასკნელთ მძღოლებისთვის სადაზღვევო ტარიფები ხელოვნურად გაეზარდათ. მომხმარებლების უმეტესობამ, ცხადია, არც კი იცოდა, რომ მათი ყოველდღიური გადაადგილება ფარულად კონტროლდებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ GM-მა Smart Driver-ის პროექტი ჯერ კიდევ 2024 წელს დახურა, სარჩელმა შედეგი მაინც გამოიღო. გარდა 220 მილიონი დოლარის კომპენსაციისა, შეთანხმება ავტოგიგანტს მკაცრ პირობებს უწესებს — მომავალში GM-ი ვალდებულია მომხმარებლისგან მიიღოს მკაფიო, აშკარა და ნებაყოფლობითი თანხმობა სანამ რაიმე სახის მართვისა და მდებარეობის მონაცემებს შეაგროვებს ან მესამე პირებს გადასცემს. ასევე, კომპანიის კონფიდენციალურობის პროცედურები მესამე მხარის მიერ რეგულარულ აუდიტს დაექვემდებარება.
ასევე იხილეთ: ტყუილი, რომელმაც Mitsubishi-ის დინასტია გაანადგურა
GM-ის ოფიციალური წარმომადგენლობის განცხადებით, ბოლო წლებში მათ შიდა კონტროლი და კონფიდენციალურობის პოლიტიკა საგრძნობლად გააძლიერეს, განაახლეს აშშ-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკის დოკუმენტაცია და შექმნეს სპეციალური „კონფიდენციალურობის ცენტრი“ მომხმარებლებისთვის. თუმცა, ეს საქმე კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ ზოგად პრობლემას, რომლის წინაშეც დღეს თანამედროვე მძღოლები დგანან — კავშირი „ქსელთან“ და მუდმივი ტელემეტრია ხშირად მძღოლების წინააღმდეგ მუშაობს.
ექსპერტები მძღოლებს ურჩევენ, სადაც შესაძლებელია, გამორთონ არასაჭირო მონაცემთა გაზიარების ფუნქციები და ყურადღებით წაიკითხონ ავტომობილის მართვის სისტემებში ინტეგრირებული კონფიდენციალურობის პირობები.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს