ძრავები, კადილაკი, უცნაური, შევროლეტი
Aa
Aa

ორი Chevrolet V8 ერთ V16-ად გააერთიანეს | 1 250 ცხენის ძალის მქონე მონსტრი Cadillac-ში მოთავსდება

ამერიკელმა კონსტრუქტორმა ბრაიან ფულერმა ორი 7-ლიტრიანი Chevrolet LS V8 ძრავისგან ერთი 14-ლიტრიანი V16 შექმნა. აგრეგატი 1 250 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და მას 5.8-მეტრიან Cadillac Fleetwood-ში გამოიყენებს.

თანამედროვე ავტომოყვარულებისთვის Chevrolet LS V8-ზე დაფუძნებული აგრეგატები სიახლეს არავისთვის წარმოადგენს. თუმცა ამერიკელმა კონსტრუქტორმა ბრაიან ფულერმა ჩვენი გაკვირვება მაინც მოახერხა. მისმა კომპანიამ, Fuller Moto-მ, ორი Chevrolet LS V8 ძრავისგან შექმნილი V16 წარადგინა, რომლის სიმძლავრეც 1 250 ცხენის ძალას აღწევს.

ეს პროექტი მხოლოდ საინჟინრო ექსპერიმენტი არაა. როგორც გითხარით, ის რეალურ ავტომობილში განთავსდება. ეს მანქანა კი Hot Wheels-ის სათამაშო მანქანებით შთაგონებული, სპეციალურად შექმნილი Cadillac Fleetwood-ი გახლავთ. Fuller-სა და მის გუნდს არც უბრალოდ ორი დამოუკიდებელი ძრავის ერთ ავტომობილში მოთავსება უცდიათ. მათი მიზანი ორი აგრეგატისგან ერთი სრულფასოვანი 16-ცილინდრიანი ძრავის შექმნა იყო.

ამისთვის კი Fuller-ის გუნდის წევრებს სპეციალურად დამზადებული დეტალების, 3D-პრინტერით შექმნილი კომპონენტებისა და ალუმინის ბლოკების გამოყენება დასჭირდათ. საბოლოოდ კი საკმაოდ უჩვეულო და გრძელი კონსტრუქციის V16 მიიღეს. მის ორივე მხარეს ცილინდრების თითო რიგია. ინდივიდუალურად შეიქმნა გამონაბოლქვის სისტემაც, რაც ამ რთულ კონფიგურაციას ძრავას უფრო შთამბეჭდავ იერს აძლევს.

მწარმოებლის განცხადებით, აგრეგატის სიმძლავრე 1 250 ცხენის ძალას აღწევს. ძრავა 2026 წლის SEMA-ს გამოფენაზე, BluePrint Engines-ის სტენდზე წარადგინეს.

Fuller Moto-ს ამ უცნაური ძრავისთვის არანაკლებ უჩვეულო პროექტიც შერჩეული აქვს — დაახლოებით 5.8 მეტრის სიგრძის Cadillac Fleetwood-ი, რომლის დიზაინიც Hot Wheels-ის სათამაშო ავტომობილებითაა შთაგონებული. არჩევანი შემთხვევითი არაა. თავად Cadillac-ს 16-ცილინდრიანი ძრავების დიდი ისტორია აქვს. კომპანიამ პირველი V16 ჯერ კიდევ 1930 წელს წარადგინა. იმ პერიოდში მსგავსი აგრეგატების დანიშნულება მხოლოდ წარმადობა არ იყო — ისინი ტექნოლოგიური შესაძლებლობებისა და ფუფუნების სიმბოლოდაც ითვლებოდა.

ბრაიან ფულერის პროექტი ამ ტრადიციას გაცილებით ექსტრავაგანტული ფორმით გვთავაზობს. კლასიკური და ელეგანტური მოდელის ნაცვლად, რადიკალურად მოდიფიცირებულ ავტომობილს იყენებს. ამ მოდელს კი ისეთი V16 ექნება, რომელიც ამ დრომდე General Motors-ის არცერთ მოდელში არ გვინახავს. ამ ეტაპზე ძრავაზე მუშაობა უკვე დასრულებულია, Cadillac-ზე მუშაობა კი გრძელდება. ჯერჯერობით უცნობია, როდის იქნება ავტომობილი სრულად მზად და როდის შეძლებს გზაზე გასვლას.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები