ეს უცნაური მანქანა ხეებს 20 მეტრის დისტანციიდან ჭრის...
ვინმეს „მანქანები“ ანიმაციის ნაცვლად ჰოლივუდურ თრილერად რომ გადაეღო, ეს აპარატი მთავარი „ბოროტმოქმედის“ როლისთვის იდეალური კანდიდატი იქნებოდა. ეს გერმანული კონსორციუმის მიერ შემუშავებული უნიკალური სატყეო მექანიზმია — HSM Project Outreach-ი, რომელიც გარეგნობითაც და შესაძლებლობებითაც ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს.
ეს უცნაური სპეც-ტექნიკა გიგანტური, წარმოუდგენლად გრძელი მექანიკური ხელითაა აღჭურვილი, რომელიც დაახლოებით 20 მეტრის რადიუსში იჭიმება და მძლავრი ინდუსტრიული ხერხით ხე-ტყეს ანადგურებს. მიუხედავად იმისა, რომ მისი ვიზუალური მხარე დაკუნთული და შიშისმომგვრელია, მისი მიზანი კეთილია — აპარატი საშიშროებისთვის კი არა, უსაფრთხოებისთვის შეიქმნა.
ტყის მასივებში ხეების ჭრა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო პროფესიად ითვლება, სადაც მძიმე ტრავმებისა და უბედური შემთხვევების რისკი მუდმივად მაღალია. გერმანული პროექტის მთავარი იდეაც სწორედ ეს იყო — ჩაანაცვლოს სახიფათო მექანიკური და ხელით შესასრულებელი სამუშაოები და ტყემასალების სრულად მექანიზებული დამუშავება უზრუნველყოს.
მსგავსი სპეციალიზებული ტექნიკა დასაქმებულებს საშუალებას აძლევს, რთულად მისადგომ, ნიადაგის ეროზიისადმი მიდრეკილ ან ციცაბო ფერდობებზე ხეები ისე მოჭრან, რომ თავად მძიმეწონიანმა მანქანამ მყიფე ეკოსისტემა, ნიადაგი და მუშები არ დააზიანოს. გრძელმკლავიანი მანიპულატორი საშუალებას აძლევს ოპერატორს, უსაფრთხო მანძილიდან იმუშაოს და ძვირფასი მასალის დამზადება მაქსიმალურად ეფექტურად წარმართოს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს