პარკინგი, უცნაური
Aa
Aa

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული პარკინგი $1.3 მილიონი ღირს | მიზეზი

საპარკინგე ადგილისთვის დამატებითი საფასურის გადახდა მძღოლების უმეტესობას, წესით, არ სიამოვნებს. თუმცა, როგორც ჩანს, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ავტომობილის გასაჩერებელ ადგილში რეკორდულ თანხებსაც იხდიან. იმდენს, რომ თავისუფლად იქნება საკმარისი ახალი ძვირად ღირებული სუპერქარის შესაძენად.

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული საპარკინგე ადგილი ჰონგ-კონგში დაახლოებით $1.3 მილიონად გაიყიდა. ეს თანხა წარმოუდგენლად მაღალია, განსაკუთრებით იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მხოლოდ ავტომობილის გასაჩერებელ ადგილს მოიცავს.

თუმცა ძვირადღირებული საპარკინგე ადგილები მხოლოდ ჰონგ-კონგში არ გვხვდება. მაგალითად, შანხაიში ასეთი ადგილი $150 000-ად გაიყიდა, სიდნეიში — 525 000 აშშ დოლარად. ლონდონში კი საპარკინგე ადგილის ღირებულებამ $66 000-ს მიაღწია. მართალია, ეს ფასები ჰონგ-კონგისას მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება, თუმცა მაინც საკმაოდ მაღალია.

რეკორდული გარიგება ჰონგ-კონგში, Mount Nicholson-ის ელიტური საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე შედგა. კომპლექსი აზიის ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ საცხოვრებელ უბანში მდებარეობს და ვიქტორიას ნავსადგურს (Victoria Harbour) გადაჰყურებს.

ამ ტერიტორიაზე განთავსებული უძრავი ქონების ფასები იმდენად მაღალია, რომ საპარკინგე ადგილისთვის გადახდილი $1.3 მილიონიც კი მცირედია. აღსანიშნავია, რომ ამ გარიგებამდე ყველაზე ძვირადღირებული საპარკინგე ადგილის რეკორდი კვლავ ჰონგ-კონგს ეკუთვნოდა და $980 ათასად იყო გაყიდული.

ჰონგ-კონგში უძრავი ქონების მაღალი ფასები რამდენიმე ფაქტორით აიხსნება. ქალაქს მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი აქვს. ქალაქის ცენტრში ბინების ერთი კვადრატული მეტრის საშუალო ღირებულება დაახლოებით 27 753 დოლარს შეადგენს.

ამ ფასს მიწის შეზღუდული რესურსი და მოსახლეობის მაღალი სიმჭიდროვეც განაპირობებს. ტერიტორიაზე კი, სადაც საცხოვრებელი ფართი ასეთი ძვირი ღირს, ავტომობილის გასაჩერებელი ადგილებიც განსაკუთრებულად ფასობს. სწორედ ამ გარემოებების ერთობლიობამ განაპირობა, რომ მსოფლიოში ორი ყველაზე ძვირადღირებული საპარკინგე ადგილის რეკორდი სწორედ ჰონგ-კონგს ეკუთვნის.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები