ჯერემი კლარკსონი, ჯეიმს მეი, რიჩარდ ჰამონდი, ტოპ გირი, გორდონ რემზი
Aa
Aa

„გადაცემას ახალგაზრდა წამყვანები სჭირდება, ამისთვის ზედმეტად ბებერი ვარ“ | ჰამონდმა Top Gear-ში დაბრუნებაზე უარი თქვა

საკულტო საავტომობილო შოუ Top Gear-ი ტელეეკრანებზე გრანდიოზული დაბრუნებისთვის ემზადება. განახლებული გადაცემის წამყვანი კი ცნობილი შეფმზარეული, ტელევარსკვლავი და გამორჩეული ავტომოყვარული გორდონ რემზი იქნება.

თუმცა, როგორც ჩანს, რემზი ერთადერთი კანდიდატი არ ყოფილა, რომელიც BBC-მ Top Gear-ის შესაძლო წამყვანობისთვის განიხილა. როგორც გადაცემის ყოფილმა თანაწამყვანმა, რიჩარდ ჰამონდმა გაამხილა, BBC მას დაუკავშირდა და განახლებულ ვერსიაში მონაწილეობა შესთავაზა. თუმცა მან შეთავაზებაზე უარი თქვა, რადგან თვლის, რომ გადაცემას ახალგაზრდა წამყვანები სჭირდება.

ჰამონდმა ამის შესახებ ოთხშაბათს Times Radio-სთან ინტერვიუში ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ის ჯერემი კლარკსონთან და ჯეიმს მეისთან ერთად გადაცემას 2002-2015 წლებში უძღვებოდა.

ჰამონდის კომენტარი კი მას შემდეგ გავრცელდა, რაც BBC-მ Top Gear-ის მთავარ წამყვანად გორდონ რემზი დაამტკიცა.

„BBC-სთან Top Gear-ში დაბრუნების საკითხი მართლაც განვიხილე. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი სხვებსაც [კლარკსონი და მეი] დაუკავშირდნენ. ჩემთანაც მოვიდნენ და მკითხეს, დამაინტერესებდა თუ არა ეს შეთავაზება. თუმცა მიმაჩნია, რომ ამისთვის უკვე ძალიან ასაკოვანი ვარ, გადაცემას კი ახალგაზრდა წამყვანები სჭირდება“, — განაცხადა ჰამონდმა.

„ეს უკვე გავაკეთე და უკან დაბრუნება არ მინდა. ეს ხომ ჩვენი Top Gear-ი იყო? ჩვენ სამმა ერთად შევქმენით. ხოლო როდესაც წამოვედით და სხვა პროექტზე გადავედით, იქაც ჩვენ სამნი ვიყავით. ეს ჩვენი გადაცემა იყო“, — დაამატა ჰამონდმა.

რას ფიქრობს ჰამონდი გორდონ რემზის წამყვანობაზე?

რაც შეეხება გორდონ რემზის არჩევას, ამ საკითხზე საუბრისას ჰამონდმა ცნობილი შეფმზარეულის ავტომობილებისადმი დიდი ინტერესი გაიხსენა:

„გამოუვა თუ არა გორდონს? შეფმზარეულ-ტელესახეებს სამი რამ უყვართ: საჭმლის მომზადება, დიდი ზომის საათები და ავტომობილები. მის შემთხვევაში მეოთხე რამ, გინებაც უნდა დავამატოთ. თუმცა მათ ყველას უყვართ მანქანები, ასე რომ მის გატაცებაშიც ეჭვი არ მეპარება. ვნახოთ, თუ რა გამოვა“.

Top Gear-ის დაბრუნება კი ოთხწლიანი პაუზის შემდეგ იგეგმება. BBC-ის პრესრელიზის თანახმად, ახალი სეზონის გადაღებები მომდევნო წელს გაერთიანებულ სამეფოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უნდა დაიწყოს. ხოლო გადაცემა ეთერში, სავარაუდოდ, 2028 წლისთვის დაბრუნდება. ცნობილია ისიც, რომ გადაცემას დაუბრუნდება იდუმალი მრბოლელი The Stig-ი, თუმცა რემზის თანაწამყვანების ვინაობა ჯერ არ დასახელებულა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები