დუბაის პოლიციას ავტომობილები აღარ ჰყოფნის და კოლექციას BMW-ის სუპერბაიკიც დაუმატა
დუბაის პოლიცია ავტომობილებისადმი თავისი დახვეწილი გემოვნებით კარგად არის ცნობილი და პლანეტაზე ერთ-ერთ ყველაზე იშვიათ და ძვირფას ეგზოტიკურ მოდელებს ფლობს. მათი ავტოპარკის უახლეს შენაძენებს შორისაა Mansory-ს მიერ მოდიფიცირებული Ferrari 812 Superfast-ი და Lamborghini Temerario. როგორც აღმოჩნდა, დუბაის პოლიციას ძვირადღირებული და სწრაფი მოტოციკლებიც აინტერესებს, რადგან ცოტა ხნის წინ კოლექციას ახალი სუპერბაიკი, BMW M 1000 RR-ი დაემატა.
ასევე იხილეთ: BMW-ს ბურუსით მოცული წარსული და აქამდე უცნობი ფაქტები
ახალი ეგზემპლარის პრეზენტაცია დუბაიში გამართულ მსოფლიო პოლიციის სამიტზე გაიმართა. წლების განმავლობაში M 1000 RR-ი ბაზარზე ერთ-ერთ საუკეთესო სუპერბაიკად მიიჩნევა და თავისი მონაცემებით შეუძლია თითქმის ნებისმიერ ოთხბორბლიან ავტომობილს აუწყოს ფეხი.
ჯერჯერობით უცნობია, გამოიყენებს თუ არა დუბაის პოლიცია BMW-ს რეალურად დამნაშავეების დასადევნებლად და დასაკავებლად. ის ავტოპარკს ქალაქის ღირსშესანიშნაობებსა და ტურისტულ ლოკაციებზე პოლიციელების წარმომადგენლობის გასაძლიერებლად დაემატა, ამიტომ, სავარაუდოდ, უფრო საჩვენებელ ეგზემპლარად გამოიყენებენ, ვიდრე მაღალი სიჩქარით დევნისთვის.
M 1000 RR-ი მოტომოყვარულებისთვის საყვარელ S 1000 RR-ზეა დაფუძნებული და, ფაქტობრივად, ყველაზე ახლოს დგას საგზაო სარბოლო მოტოციკლთან. მისი 999-კუბიანი ატმოსფერული ერთრიგა ოთხცილინდრიანი ძრავა 218 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. შესაბამისად, მაქსიმალური სიჩქარე თავბრუდამხვევია — 315 კმ/სთ. ელვისებურია აჩქარებაც — 0-დან 100კმ/სთ-მდე მისაღწევად სუპერბაიკს სულ 3.1 წამი სჭირდება. დუბაის პოლიციის იმ ოფიცრებს, რომლებსაც მისი ტარების შესაძლებლობა მიეცემათ, ამ მონსტრის დასამორჩილებლად განსაკუთრებული უნარები დასჭირდებათ...
დუბაის პოლიციას BMW-ის სხვა არაერთი მოტოციკლიც ჰყავს, რომლებსაც საპატრულო მოვალეობის შესასრულებლად აქტიურად იყენებს. 2020 წელს მათ 10 ერთეული BMW R 1250 RT-P მიიღეს, რომლებიც გაცილებით დიდია M 1000 RR-ზე და ყოველდღიური საპატრულო საქმიანობისთვის ბევრად ხელსაყრელია.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს