ფოლცვაგენი, ფოლცვაგენი გოლფი, შეზღუდული გამოშვების მოდელი, ფოლცვაგენი გოლფი ჯითიაი, სპეციალური მოდელი
Aa
Aa

სიურპრიზი: Volkswagen-მა Golf GTI-ში მექანიკური გადაცემათა კოლოფი დააბრუნა

Volkswagen-ს Golf GTI-ის მოყვარულთათვის სასიამოვნო სიახლე აქვს. გერმანული ავტომწარმოებელი GTI-ის 50 წლის იუბილის აღსანიშნავად მოდელის სპეციალურ ვერსიას წარადგენს, რომელიც მექანიკური გადაცემათა კოლოფით იქნება აღჭურვილი. 1976-ის სახელით ცნობილი მოდელი მხოლოდ ევროპის ბაზარზე იქნება ხელმისაწვდომი და სულ 1 976 ეგზემპლარად გამოვა.

Golf GTI-ის სპეციალური ვერსიის დებიუტი გერმანიაში, Essen Motor Show-ზე უკვე შედგა. როგორც იცით, ამ მოდელის სახელწოდება 1976 წელს უკავშირდება, წელს, როდესაც პირველი თაობის Golf GTI გაყიდვაში გამოვიდა. წელს გამოსულ საიუბილეო მოდელებს კი სალონში სპეციალურად დანომრილი ფირფიტაც ექნებათ, წარწერით: ONE OF 1976. ევროპაში მოდელების მიწოდება უკვე 2027 წლის პირველ კვარტალში დაიწყება.

ამ მოდელში მთავარი სიახლე, რაც დაგხვდებათ, 6-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფია. 2024 წელს განახლებული Golf GTI მხოლოდ ორმაგი გადაბმულობის ავტომატური კოლოფით (DSG) გამოდიოდა. ახალ, საიუბილეო ვერსიაში კი ეს შეიცვლება და, შედეგად, მოდელი ამჟამინდელ GTI-ებს შორის ერთადერთიც იქნება, რომელიც მხოლოდ მექანიკური გადაცემათა კოლოფით იქნება ხელმისაწვდომი.

თუმცა მექანიკური გადაცემათა კოლოფის დაბრუნება სიმძლავრის შემცირებას არ ნიშნავს. Golf GTI 1976 321 ცხენის ძალას და 380 ნმ მაბრუნ მომენტს გამოიმუშავებს. ეს მაჩვენებლები იდენტურია Golf GTI Edition 50-ის, ხოლო სტანდარტულ Golf GTI Clubsport-თან შედარებით 25 ცხენის ძალით მეტია.

Golf GTI 1976 სტანდარტული GTI-ისგან დიზაინითაც განსხვავდება. ავტომობილის წინა სპლიტერზე წითელი ზოლია დამატებული, რომელსაც GTI 1976-ის წარწერა ავსებს. სპეციალური გრაფიკა გვხვდება სახურავის სპოილერზეც, ხოლო მანქანის გაჩერებისას გვერდითა სარკეები მიწაზე სპეციალური ვერსიის აღმნიშვნელ წარწერას ანათებს.

ავტომობილი 19-დუიმიან Queenstown-ის ალუმინის დისკებზე დგას, რომელთა დიზაინიც კლასიკური GTI მოდელებითაა შთაგონებული. მყიდველებს არჩევანის გაკეთება სამ ძარის ფერს შორის შეეძლებათ. ესენია: Pure White, Grenadilla Black Metallic და Tornado Red.

სალონში კი Volkswagen-მა პირველი თაობის Golf GTI-ის ერთ-ერთი გამორჩეული დეტალიც დაამატა. მექანიკური გადაცემათა კოლოფის ბერკეტს გოლფის ბურთის ფორმის სახელური აქვს. ასევე დაგხვდებათ სპორტული სავარძლები, წინა და უკანა გვერდითა სავარძლებისთვის წითელი უსაფრთხოების ღვედები, წითელი აქსელერატორი, კარბონის დეკორატიული დეტალები და ა.შ.

Volkswagen-ს Golf GTI 1976-ის ფასი ჯერ არ გამოუცხადებია, თუმცა მოსალოდნელია, რომ ის სტანდარტულ ვერსიაზე მნიშვნელოვნად ძვირი ეღირება. ცნობისთვის, გერმანიაში Golf GTI Clubsport-ის ფასი 50 000 ევროს აღემატება, ხოლო Golf GTI Edition 50-ის ღირებულება 54 540 ევროა. GTI-ის შეძენის მსურველთათვის კი კიდევ ერთი დაბრკოლება მოდელის შეზღუდული რაოდენობა იქნება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები