რატომ არ ჩაუშვეს სერიულ წარმოებაში პირველი BMW M8?
კეცვადი მაშუქების მქონე 8 Series-ი საკულტო რეტრო სიმბოლოა.
ამ ავტომობილის გამოშვება ჩინებული გადაწყვეტილება იქნებოდა. 1990 წელს BMW M-ის ინჟინრების ჯგუფმა მუშაობა სიტყვა „მძლავრის“ ახალ საფეხურზე გადასაყვანად დაიწყო. მათი მიზანი არ იყო მხოლოდ უფრო სპორტული V12-ძრავიანი მერვე სერიის შექმნა. M8 ნამდვილი მონსტრი უნდა ყოფილიყო.
იმ პერიოდისთვის Porsche 928-ს ცხენის ძალების რაოდენობა ყოველ ახალ ვერსიაში იზრდებოდა. თუმცა, სიმძლავრე 300 ცხენის ძალას მცირედით სცდებოდა. Mercedes-სა და Ferrari-ს V12-ძრავიანი ახალი მოდელები არ ჰყავდა გამოშვებული, მაგრამ როდესაც გამოუშვეს 600SL-ი და 456GT-ი 389 და 436 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. ჰიპერქარები? F40 და 959 წარმოებაში ჯერ კიდევ გახლდათ. ორივე მათგანი მსოფლიოს 500 ცხენის ძალაზე ნაკლები სიმძლავრით აზანზარებდა. BMW M-ის ბიჭები კი M8-ში 550 ცხენის ძალის თავმოყრას გეგმავდნენ.
საბოლოოდ პროექტი შეჩერდა. ამ ავტომობილს ისტორიის შეცვლა ან მოვლენების მნიშვნელოვნად დაჩქარება შეეძლო. 90-იანებში მსოფლიოს რეცესიამ დაარტყა. BMW-ს დაფაზე კი M8-ს საკმარისი ყურადღება ვერ დაეთმო. რეგულარული E31 850i ‘89 წელს გამოვიდა. სამწუხაროდ, მოდელი კარგად არ იყიდებოდა.
ფურცელზე 850i საოცარი ავტომობილი გახლდათ. მას V12 ძრავა, უკანა ბორბლების მოხვევა, საოცრად დახვეწილი და ხარისხიანად შესრულებული სალონი და ულამაზესი, ისრისებრი კორპუსი ჰქონდა.
გზაზე კი 850i იმედს ოდნავ გაგიცრუებდათ. მისი გამოყენება საუცხოო შეგრძნებებთან იყო დაკავშირებული, თუმცა, მასზე მიჯაჭვულობა რთული გახლდათ. უამრავი ავტომოყვარულის აზრით, ყველაზე მისაღები ვერსია V8 ძრავიანი 840Ci იყო. ის ნაკლებად მძიმე და მეტად მოქნილი იყო, თანაც, მაღალი კუბატურის მოდელებთან შედარებით, ბევრად უფრო ნელიც არ ყოფილა.
BMW M-ს ყველა ამ ნაკლის გამოსწორება სურდა. ყველაფერი ძრავადან უნდა დაწყებულიყო, მაგრამ რომელი ძრავადან? აქ გარემოებები ბურუსით მოცული ხდება. M8 პროტოტიპის შესახებ უამრავი ლეგენდა არსებობს. ყველაზე ხშირად გვესმის, რომ ეს ავტომობილი 20 წლის განმავლობაში საიდუმლოდ ინახებოდა. თუმცა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. 1991 წლის აპრილში სტატია გამოვიდა, სადაც ამ ავტომობილის შესახებ დაიწერა. სტატიაში კი ნახსენები იყო, რომ მოდელი წარმოებაში არ ჩაეშვებოდა.
პრესაში სურათები არ გასაჯაროვებულა. მისი წაკითხვა კი მხოლოდ გერმანულ ენაზე შეიძლებოდა. პუბლიკაციაში ავტომობილს M8 არ ჰქვია და არც მერვე სერიად არის ნახსენები. სტატია ეხება „BMW Motorsport GmbH-ის სპორტულ კუპეს“, სადაც ნათქვამია, რომ მანქანის 48 სარქველიანი V12 ძრავა პოლ როშეს მიერაა შექმნილი.
როგორც მოგეხსენებათ, როშემ BMW S70/2 ძრავა შექმნა, რომელიც McLaren F1-ში ვიხილეთ. გარდა ამისა, მისი შექმნილია 4-ცილინდრიანი ტურბინიანი ძრავაც, რომლითაც BMW-მ ბრაბამის Formula 1-ის ჩემპიონატი მოიგო. ზემოთ ნახსენები სტატიის მიხედვით, როშეს 500 ცხენის ძალაზე ნაკლები სიმძლავრის ძრავის აწყობას არც კი იწყებდა. გათვლა ყოველთვის მასშტაბური ჰქონდა.
2010 წელს BMW-მ M8 გაასაჯაროვა. მოხსენებების მიხედვით, ავტომობილი McLaren-ის S70/2 V12-ს არ იყენებდა. თუმცა, საინტერესო ის არის, რომ M8-ს სპეციფიკაციები F1-ის მონაცემებს საოცრად ჰგავს და თითქმის იდენტურია.
M70 და S70/2 საერთო ბლოკისგან იყო დამზადებული, მაგრამ ბლოკის მიღმა ამ ორ ძრავას ცოტა საზიარო დეტალი თუ გააჩნდა. McLaren-ის ძრავა 6.1 ლიტრი მოცულობის იყო და მეტი კომპრესია ჰქონდა. გარდა ამისა, მასში ოთხ-სარქველიანი ცილინდრის თავები იყო გამოყენებული. ასევე სურათებში ჩანს, რომ M8-ს ძრავას განსხვავებული შემშვები სისტემა აქვს.
და მაინც, ამ ძრავის სიმძლავრე 550 ცხენის ძალას შეადგენდა. ეს კი არ ყოფილა ერთადერთი ფაქტორი, რის გამო M8-ის პროტოტიპი უმაღლეს ლიგას განეკუთვნებოდა. კორპუსსა და შასის მნიშვნელოვანი მოდიფიკაციები ჩაუტარდა.
პირველ რიგში, 850i-ს შასის დიდი წონა მოსცილდა. დონორი ავტომობილის წონა ორ ტონამდე იყო. ინჟინრების ჯგუფმა კი ეს პარამეტრი თითქმის ნახევარი ტონით შეამცირა. სალონში წინა რიგის მსუბუქი სავარძლები დამონტაჟდა, უკანა რიგი, სტერეოსთან ერთად, ამოღებული იქნა. სალონის დეტალები უფრო მარტივი დიზაინითა და მსუბუქი ნაწილებით დააპროექტეს. კეცვადი მაშუქები ფიქსირებული წვრილი მაშუქებით ჩაანაცვლეს. გარდა ამისა, ტრანსმისია 6-სიჩქარიანი მექანიკური კოლოფით აღიჭურვა. ყველაზე საოცარი კი კარბონის გულის მქონე დისკები გახლდათ. წარმოიდგინეთ, ეს ყველაფერი 1990 წელს. გასაოცარია.
ახალი კორპუსი უფრო განიერიც იყო. უკანა ბორბალთან არსებული საჰაეროები ჰაერის ნაკადს დიფერენციალისკენ, გამაგრილებელისკენ და კოლოფის ზეთისკენ უშვებდა. მოჭიმულობის გასაზრდელად ავტომობილს გვერდითა შუშები ფიქსირებული ჰქონდა.
როგორი ავტომობილი იქნებოდა ის? უკანა საბურავების გამანადგურებელი. სურათებიდან ავტომობილის წონის გადანაწილების შეფასება რთულია. გარკვეული დისბალანსი კი ჩანს - მას 235-იანი წინა და 285-იანი უკანა საბურავი აქვს. 17-იანი დისკები კი არც ისე მისაღები ზომაა. ეს ზომა სამუხუჭე დისკისთვის პატარა ადგილს ტოვებს. თუმცა, უკმაყოფილებას არ გამოვთქვამთ. ეს საოცარი ქმნილებაა. ის თითქმის ახალი BMW M8-სავით მძლავრი და უფრო მსუბუქი ავტომობილია, რომელიც სამი ათწლეულის წინ შეიქმნა.