სერ პატრიკ სტიუარტი ჩვენიანი იყო! | ლეგენდარული მსახიობის კავშირი ავტოსპორტთან
სერ პატრიკ სტიუარტი — ლეგენდარული ბრიტანელი მსახიობი, რომელიც 60 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ამშვენებდა თეატრისა და კინოს სამყაროს, შექსპირის სამეფო თეატრიდან დაწყებული, Star Trek-ის ხომალდ USS Enterprise-ის კაპიტნისა თუ X-Men-ის პროფესორი ქსავიეთი დამთავრებული — 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. თუმცა, გარდა მისი გრანდიოზული კინოკარიერისა, არსებობს კიდევ ერთი ვნება, რომელიც მას თითოეულ ავტომოყვარულთან აერთიანებდა: ავტოსპორტისა და რბოლებისადმი უსაზღვრო სიყვარული.
მსახიობის წარმომადგენლის, კელი ბუშ ნოვაკის განცხადებით, სტიუარტი ალცჰაიმერისა და დემენციის წინააღმდეგ ხანმოკლე ბრძოლის შემდეგ, ოჯახისა და ახლობლების გარემოცვაში მშვიდად წავიდა. მსოფლიო კინემატოგრაფში სტიუარტის მემკვიდრეობის მასშტაბების შეფასება რთულია, თუმცა ავტომოყვარულებისთვის ის ყოველთვის დარჩება ადამიანად, რომელიც ავტოსპორტს ისეთივე ბავშვური აღტაცებითა და ენთუზიაზმით უყურებდა, როგორც ნებისმიერი ჩვენგანი.
ფილმი ბავშვობის კერპზე
პატრიკ სტიუარტის ავტოსპორტულ ვნებაზე ყველაზე უკეთ დოკუმენტური ფილმი მეტყველებს, რომელიც მან თავისი ბავშვობის გმირის — ლეგენდარული ბრიტანელი მრბოლელის, სერ სტირლინგ მოსის შესახებ გადაიღო. სტირლინგ მოსი, რომელიც 2020 წელს გარდაიცვალა, ავტოსპორტის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მრბოლელად ითვლება, რომელმაც აუხსნელი მიზეზების გამო Formula 1-ის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება ვერასდროს შეძლო.

იორკშირელი მსახიობი ამ დოკუმენტური პროექტის გადაღებისას 72 წლის გახლდათ. მან სპეციალურად აიღო ოფიციალური სარბოლო ლიცენზია, მონაწილეობა მიიღო Silverstone Classic Celebrity რბოლაში და იმ საკულტო ბოლიდების საჭესთან დაჯდა, რომლებითაც მოსი თავის დროზე ტრასებზე დომინირებდა.
ერთსაათიანი ფილმი სავსეა არა მხოლოდ სტირლინგ მოსის კარიერის არქივებითა და ორ ლეგენდარულ ბრიტანელს შორის გამართული გულწრფელი საუბრებით, არამედ ისეთი საყვარელი ფიგურების გამოჩენითაც, როგორიც ლეგენდარული კომენტატორი მარი უოლკერია. ეკრანზე აშკარად ჩანს სტიუარტის უსაზღვრო სიხარული და აღტაცება, როდესაც მას საშუალება ეძლევა, თავისი ბავშვობის კერპთან ერთად დრო სარბოლო ტრასაზე გაატაროს.
მშვიდობით განისვენე, პროფესორო!
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს