ავტოკოლექცია, ამერიკული კუნთები, ვი 8, მოჰამედ ბენ სულაიემი, ეფ აი ეი, ევროპული ავტომობილები
Aa
Aa

FIA-ს ხელმძღვანელმა ევროპულ ავტომობილებს „ასანთის კოლოფები“ უწოდა

საერთაშორისო ავტოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტი მოჰამედ ბენ სულაიემი, თქვენ წარმოიდგინეთ, პირად ცხოვრებაში ავტოჰოლიკი და კოლექციონერია. მიუხედავად იმისა, რომ მის ავტოფარეხში პლანეტის ყველაზე ეგზოტიკური და ძვირადღირებული ჰიპერქარები დგას, ბენ სულაიმმა აღიარა, რომ მისი გული ამერიკული V8 ძრავების მქონე კლასიკას ეკუთვნის.

ფორმულა 1-ის აშშ-ის გრან-პრის დროს ჟურნალისტებთან საუბრისას, FIA-ს პრეზიდენტმა ამერიკულ ავტომობილებსა და მათ V8 ძრავებზე დიდი სიყვარულით ისაუბრა. მან ახსნა, საიდან მოდის მისი გატაცება დიდი ზომის ამერიკული მანქანების მიმართ და რატომ ანიჭებს უპირატესობას მათ თავად აღდგენასა და მოდიფიცირებას.

„მე მიყვარს ამერიკული V8 ძრავები... უნდა გახსოვდეთ, სად გავიზარდე [არაბეთის გაერთიანებული საამიროები]: ღია გზები, საწვავის დაბალი ფასი — ზუსტად ისე, როგორც შეერთებულ შტატებში — ამიტომ ამერიკული მანქანები იქ იდეალურია. დღესაც კი ამერიკაში ყველაფერი V8-ზეა აგებული. ღრიალი, თავისუფლების შეგრძნება... იცით, როდესაც ამერიკაში ჩამოვდივარ, აქ უზარმაზარი მანქანებია, რომლებსაც ნამდვილი „წონა“ და სახე აქვთ. როდესაც ევროპაში მივდივარ, იქ ყველაფერი, როგორც ასანთის კოლოფები, ისეა“, — განაცხადა ბენ სულაიემმა.

FIA-ს პრეზიდენტის კოლექცია ნამდვილად შთამბეჭდავია — ფლობს რა ისეთ უახლეს და უძვირფასეს მოდელებს, როგორებიცაა Mercedes-AMG One-ი, Ferrari Daytona SP3, Bugatti Bolide, Koenigsegg Agera RS-ი, Lexus LFA, GMA T.50, კლასიკური Jaguar XJ220, Mercedes 300SL-ი და Ferrari F40. მიუხედავად ამისა, როდესაც მას ჰკითხეს, რამდენი ამერიკული V8 ავტომობილი ჰყავს კოლექციაში, პასუხი მარტივი იყო — 160.

კითხვაზე, თუ რომელ ავტომობილს აირჩევდა, მხოლოდ ერთის დატოვება რომ შეძლებოდა, მან უყოყმანოდ უპასუხა:

„კადილაკს, უპირობოდ. ისინი დიდები არიან და მათ „გზების გემებს“ ტყუილად არ ეძახიან. მათ გზაზე სიარულის განსაკუთრებული, სასიამოვნო შეგრძნება მოაქვთ. დიდი მანქანების სიყვარული მამაჩემისგან გადმომედო... ძალიან მომწონს Chrysler Imperial-ი და Lincoln-ები. მართალია, ეს დიდი მანქანები ყოველთვის იდეალურად არ იმართება, მაგრამ მე მიყვარს მათი საბაზო შესაძლებლობებისა და მართვადობის გაუმჯობესება. ხშირად ისეა, რომ სიმძლავრე გაქვს, მაგრამ მისი გაჩერება შეგიძლია? არა [იცინის]. ამიტომ ვზრუნავ იმაზე, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების, მუხრუჭების, საბურავებისა და დაკიდების სისტემის გამოყენებით მათმა მოხვევამ და გაჩერებამ იდეალურად იმუშაოს.

ეს არის პროცესი, რომლის დასრულებაც არ მინდა. როდესაც ერთს მორჩები და ტკბები მანქანით, მერე ჩნდება სხვა დეტალები, რომელთა გაუმჯობესებაც შეიძლება — და მერე ვიწყებ მეორე და მესამე მანქანის აწყობას,“ — ამბობს ღიმილით ბენ სულაიემი.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები