Aa Aa
22 ივლისი 2022  |  10:31

Top-ი: ყველაზე გიჟური „სვაპები“, რაც ოდესმე გვინახავს

ავტომოყვარულების ფანტაზიას საზღვარი არ აქვს! 

დღეს მოდიფიცირებული ავტომობილების ეპოქაში ვცხოვრობთ. ავტომობილის მონაცემების გაზრდა არასდროს ყოფილა ისეთი მარტივი როგორც ახლა. მოყვარულთა ნაწილი ძრავის შეცვლასაც, იგივე „სვაპს“, არ ერიდება. ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ საყვარელი ავტომობილის მართვა იდეალურ გამოცდილებასთან იყოს დაკავშირებული. „სვაპისთვის“ კი ყველაზე ხშირად ისეთ ძრავებს იყენებენ, როგორიც LS-ი, 2JZ-ი და სხვა პოპილარული ძრავებია.

მიუხედავად ამისა, გვინახავს ისეთ შემთხვევებიც, როდესაც ამა თუ იმ მანქანაში შეცვლილი ძრავა ძალზედ უცნაური არჩევანი ყოფილა. ამ სტატიაში კი სწორედ ასეთ მაგალითებზე მოგიყვებით.

Jaguar E-Type V-8


დავიწყოთ პურისტების კოშმარით. Jaguar E-Type-ი ავტოსამყაროში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ მანქანად ითვლება. ამ ავტომობილის შესახებ ენცო ფერარიმ ასეთი რამ თქვა: „ეს ყველაზე ლამაზი მანქანაა, რაც ოდესმე მინახავს.“ თუმცა, სილამაზე გვერდზე რომ გადავდოთ, E-Type ძალზედ არასაიმედო მანქანა გახლდათ. განსაკუთრებით მაშინ, თუ ის V12-ით იყო აღჭურვილი.

ამ ფაქტის შესახებ ბევრმა მფლობელმა იცის, რის გამოც ისინი V12-ს იღებენ და ქარხნული 6-ცილინდრიანი ერთრიგა ძრავით ანაცვლებენ. სურათებზე ნაჩვენები 1964 წლის E-Type Coupe-ს ბედი კი ცოტა განსხვავებულად გადაწყდა. მასში Ford Performance-ის 302 V8 აგრეგატი განათავსეს, რომელიც 400 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ერთადერთი ცვლილება, რაც V8-ს „სვაპისთვის“ განხორციელდა ქვეჩარჩოს რამდენიმე სანტიმეტრით დადაბლება გახლდათ.

ერიკ ჰოუკსონი, ამ V8 ძრავიანი E-Type-ის მფლობელი, ამაზე არ შეჩერდა. მან მანქანას სრული რესტავრაცია ჩაუტარა. ძირფესვიანად განახლდა სალონი. შედეგი კი საკმაოდ შთამბეჭდავი გახლდათ. ვერავინ იფიქრებდა, რომ ამ ტრადიციულ ბრიტანელ არისტოკრატს ამერიკული გული უძგერდა.

ცნობისთვის, ეს მანქანა გასულ წელს 185 000$-ად შეფასდა.

Ford Mustang 2JZ


ალბათ Mustang-ის 2JZ-ით აღჭურვას და მისი ძრავის განყოფილებიდან წამოსულ ტურბინის ხმას არავინ ელის. ეს 1995 წლის SN95 Mustang-ი არამხოლოდ Mk IV Supra-ს აგრეგატით, არამედ Getrag V160-ის 6-სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფითაც არის აღჭურვილი. ყველაზე შთამბეჭდავი კი ისაა, რომ მანქანა კალიფორნიისთვის ლეგალური გახლავთ.

მფლობელის მიხედვით, 2JZ-ის „სვაპს“ დიდი შრომა დასჭირდა, მაგრამ შედეგი ამად ღირდა. მიზეზი ამ აგრეგატის საიმედოობა და მონაცემებია, რის შესახებ საუბარსაც აღარ გავაგრძელებთ. ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც Mustang-ში 2JZ-ი ვიხილეთ, თუმცა, ეს ავტომობილი ერთდროულად ტრეკის იარაღიცაა და ყოველდღიური მოხმარების მანქანაც. სამწუხაროდ, მის მონაცემებზე ზუსტი ინფორმაცია არ ვრცელდება.

Ferrari 308 GTBi Honda K24-ით


Jaguar E-Type-ის მსგავსად, ამ ავტომობილის ისტორიამ შესაძლოა პურისტების გაღიზიანება კიდევ გამოიწვიოს. ჩვენ Stance Works-ის მიერ გადაკეთებულ Ferrari 308 GTBi-ზე უნდა ვისაუბროთ.

ეს მანქანა სპეციალურად რბოლისთვის შეიქმნა. მოდელი K-Jetronic-ის საწვავის შეფრქვევის სისტემით იყო აღჭურვილი, რომელიც რეგულაციებს არ შეესაბამებოდა. Ferrari-ის ქარხნული 2.9-ლიტრიანი V8 ძრავა, რომელიც 214 ცხენის ძალასა და 243ნმ-ს გამოიმუშავებდა, დიდი სიმძლავრით ვერ დაიკვეხნიდა. შესაბამისად, მანქანის მფლობელმა მოდელში Honda-ს K24 ტურბინიანი ძრავის ჩადგმა გადაწყვიტა.

სამუშაოები ჯერ კიდევ მიმდინარეობს, მაგრამ აგრეგატი უკვე 1 000 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ეს მაჩვენებელი მფლობელის პირველ მიზანს სრულად შეესაბამება. გეგმაში ავტომობილის მშრალი წონის შემცირებაცაა, რომელიც დაახლოებით 900კგ-მდე უნდა იყოს. შეშლილი, შეშლილი მსოფლიო. 

Rolls-Royce Phantom 2JZ


ამ ჩამონათვალში 2JZ-ის „სვაპს“ ხშირად იხილავთ. ერთზე უკვე მოგიყევით. ახლა კი ცოტა უცნაური მაგალითი განვიხილოთ.

Rolls-Royce Phantom-ისა და 2JZ-ის დაწყვილება იაპონიაში გადაწყვიტეს. მფლობელმა ახალი Phantom-ი 2009 წელს შეიძინა. უმაღლესი კლასის ბრიტანული ავტომობილის მძღოლს კი ძალზედ უჩვეულო შეხედულებები აქვს -„მაშინ, როდესაც მანქანას რაღაც ფუჭდება, მის შეკეთებას არ ვიწყებ, მოდიფიცირებას ვცდილობ."

დიახ. როდესაც 6.75-ლიტრიანი V-12 ძრავა მწყობრიდან გამოვიდა მფლობელმა მის ჩანაცვლებაზე დაიწყო ფიქრი. მან ტრადიციული აგრეგატი სანაგვეზე მოისროლა და სანაცვლოდ 2JZ GTE-ი შეიძინა, რომელსაც ერთი უზარმაზარი ტურბინა დაუმატა. შედეგად, Phantom-მა 700 ცხენის ძალა მიიღო, რომელიც 6-სიჩქარიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან არის დაკავშირებული.

ასეთი „სვაპი“ პრაქტიკული და გასართობის მიზნებით გაკეთდა. სავარაუდოდ, შეუფერებლობაზე მფლობელს არასდროს უფიქრია.

DMC DeLorean-ი Kia Stinger GT-ი ძრავით.


თუ წინა ავტომობილის „სვაპი“ ყოველგვარ აზრს იყო მოკლებული, ეს შემთხვევა ძალზედ გასაგები გახლავთ. მიუხედავად იმისა, რომ „Back to the Future-მ“ DeLorean-ი ნამდვილ ვარსკვლავად აქცია მისი 2.9-ლიტრიანი V6 სიმძლავრეს თითქმის ვერ გამოიმუშავებდა და არც თუ ისე კარგი სამართავი იყო.



სურათზე ნაჩვენები მოდელი კი ერთ-ერთ ყველაზე სწრაფი და მანევრული DeLorean-ია პლანეტაზე. მანქანას Ferrari-ის მუხრუჭები, Porsche-ს სავალი ნაწილები და Kia Stinger GT-ის 3.3-ლიტრიანი ორტურბინიანი V6 ძრავა აქვს. ვინც Kia-ს ძრავის გაგონებაზე ხელი ჩაიქნიეთ გეტყვით, რომ ტურბინები Garrertt G25-ით არის ჩანაცვლებული. საბოლოო ჯამში მანქანა 487 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, რაც უკანა ბორბლებზეა მიმართული.

ახლახან ეს ავტომობილი 243 000$-ად გაიყიდა.

Chevrolet Corvette C5 13B-ი როტორული ძრავით


ამ შემთხვევას როტორული ძრავის შურისძიებაც შეგვიძლია ვუწოდოთ. როტორული ძრავის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, RX-7-ებისა და RX-8-ების მფლობელებს ეს აგრეგატი Chevrolet-ის LS V8 ძრავით ხშირად ჩაუნაცვლებიათ. ახლა კი სრულად საწინააღმდეგო შემთხვევასთან გვაქვს საქმე. ეს C5 Corvette-ი როტორითაა აღჭურვილი.

Corvette-ის ძრავის განყოფილება პირველი ადგილია, სადაც როტორულ ძრავს არავინ ელოდება. კარგია, როდესაც საკუთარი პროექტით ავტოსამყაროს შეგიძლია დასცინო. მფლობელი ამ მანქანით LS-ების შეხვედრებზეც ხშირად დადის. ალბათ, ხვდებით ირონიის რა მასშტაბებთან გვაქვს საქმე. 

რაც შეეხება ამ აგრეგატს, ის Garrett GTX3584RS-ის ტურბინისა და Adaptronic M2000-ის ძრავის კომპიუტერის გარდა, სრულად ქარხნულია. შედეგად „კორვეტის“ როტორი 550 ცხენის ძალასა და 685ნმ-ს გამოიმუშავებს. ამ მომენტისთვის მანქანის სრულად გასამართად მცირედ დეტალებზეა სამუშაო. პროექტის სრულად დასრულების შემდეგ კი მსოფლიოში ყველაზე უცნაური „სვაპის“ ტიტული შესაძლოა სწორედ ამ მანქანას გადაეცეს.

Lamborghini Gallardo 2JZ


ალბათ, ახლა იფიქრებთ „სტატიისთვის პირდაპირ 2JZ-ის უცნაური სვაპები დაერქმიათო“, მაგრამ რას ვიზამთ? ამით გარკვეულწილად ამ ძრავის აქტუალურობასა და პოპულარობას ვუსვამთ ხაზს.

2022 წლის SEMA-ს ავტოჩვენება ბევრი სიურპრიზით იყო დატვირთული. მიუხედავად იმისა, რომ ფესტივალზე ბევრი EV-ი ვიხილეთ, ყველაზე განსაკუთრებული მანქანა ელექტრო ძრავით არ ყოფილა აღჭურვილი. ეს სტატუსი 2JZ-ით წარმოდგენილმა Lamborghini Gallardo-მ დაიმსახურა.

ამ პროექტისთვის სიტყვა „სვაპის“ გამოყენება შესაძლოა უპრიანი არაა, რადგან ამ მანქანის მფლობელმა მხოლოდ Gallardo-ს კორპუსი შეიძინა. ეს ნიშნავს, რომ შეძენისას ავტომობილში 5-ლიტრიანი V10 ძრავა უკვე აღარ იდო. ბევრი ფიქრის შემდეგ კი ბრის იეგერმა თავისი მანქანის 2JZ-ით აღჭურვა გადაწყვიტა.

აგრეგატი, რა თქმა უნდა, ქარხნული არ არის. მას უზარმაზარი ტურბინა აქვს დაყენებული, რომელიც ძრავის განყოფილებიდან იმზირება. ამ მდგომარეობაში ეს Gallardo 1 000 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.
კორპუსის უკანა ნაწილის პანელების უმეტესობა არ არის დამონტაჟებული, რადგან მფლობელს გამოაშკარავებული ძრავის ნაწილები მოსწონს. ცნობისთვის, „გალარდოს“ 6-სიჩქარიანი მექანიკური კოლოფი შენარჩუნებულია. დიახ, 2JZ-ი მიდის ყველაფერზე!

Ferrari-ს ძრავიანი Toyota GT4586

ტკბილი ლუკმა ბოლოსთვის მოვიტოვეთ. ალბათ გახსოვთ, როდესაც პორტლენდის „ტოუგეზე“ განიერკორპუსიანი წითელი Toyota GT86 დაიმტვრა. ავტომობილს პროფესიონალი დრიფტერი რაიან თერქი მართავდა. ამ ადამიანმა GT86-ს საუკეთესო „სვაპი“ გაუკეთა - 2-ლიტრიანი ატმოსფერული ოპოზიტური ძრავა ამოიღო და მის სანაცვლოდ, იაპონურ მანქანაში, Ferrari-ს 4.5-ლიტრიანი V8 ძრავა მოათავსა.

დიახ, ეს სწორედ ის აგრეგატია, რომელიც Ferrari 458 Italia-ში გვხვდება. დიახ, ეს ის ძრავაა, რომელიც 562 ცხენის ძალასა და 540ნმ-ს გამოიმუშავებს. დიახ, ის Toyota-ში დევს.

ამ ავტომობილს დეტალურად Donut Media-ში განიხილავენ, რომლის ყურებასაც, თუ ინგლისურ ენას ფლობთ, აუცილებლად გირჩევთ. რაიანი ამ ვიდეოში ამ ავტომობილის ყოველდღიურად გამოყენებაზეც საუბრობს. წარმოგიდგენიათ როგორ სიყვარულთან გვაქვს საქმე?

როგორც ხედავთ, ავტომოყვარულების ფანტაზიას საზღვარი არ აქვს. როგორია თქვენი საოცნებო ავტომობილისა და ძრავის დუეტი? იქნებ ჩამოთვლილში განვიხილეთ ასეთი? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში!

გაზიარება: