Aa Aa
8 მარტი 2022  |  00:14

ყველაზე დაუფასებელი გერმანული ძრავები

ალბათ, თქვენთვის ახალი არ იქნება იმის გაგება, რომ გერმანული ინჟინერია საავტომობილო სამყაროში ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება. ამას გერმანული ავტომწარმოებლების ისტორია, გამოცდილება და მემკვიდრეობა მოწმობს. ეს ქვეყანა ისეთი მწარმოებლების სამშობლოა, როგორიც Mercedes-ი, Porsche, BMW და Audi-ა.

ამ კომპანიების ძლიერი მხარე, ხარისხთან, უსაფრთხოებასთან და ეფექტურ ავტომობილებთან ერთად, სიმძლავრე და წარმადობაც გახლავთ. გერმანული აგრეგატები ინჟინერიის მწვერვალებს იპყრობს. თუმცა, ყველა მათგანმა დამსახურებული აღიარება ვერ მოიპოვა. ამ სტატიაში კი სწორედ ასეთ ძრავებზე ვისაუბრებთ.

Mercedes M139


Mercedes-ის M139 ძრავა 2-ლიტრი მოცულობისაა, ოთხი ცილინდრი აქვს და ტურბინაც ეხმარება. აგრეგატს მწარმოებლის უახლეს მოდელებში - AMG A45-ში და GLA45-ში გადააწყდებით. M139 M133-ის გაუმჯობესებული ვერსიაა, რომელიც ყველაზე სწრაფ 4-ცილინდრიან ძრავად ითვლებოდა.

ახალი ძალოვანი აგრეგატი ორ ვერსიად არსებობს. ერთი 382-ცხენისძალიანი საბაზისო დონისაა, ხოლო მეორე 416-ცხენისძალიანი ანალოგია, რომელიც AMG-ის S მოდელებში გვხვდება. ასეთი შედეგი AMG-ის ინჟინრული გადაწყვეტების მეშვეობით არის მიღწეული - შემშვები და გამშვები სისტემის განლაგება შეცვლილია, ტრანვსერსულად ჩადგმულ ძრავას კი ტურბინა თბოსაიზოლაციო ტიხართან აქვს დამონტაჟებული. ასე შემშვები ნაკადი უფრო პირდაპირი და ნაკლებად შეზღუდულია.

AMG-ის სხვა ძრავების მსგავსად, M139 ტექნიკოსების მიერ ხელით იწყობა. ეს ყველაფერი კი რა თქმა უნდა “One Man, One Engine-ის“ (ერთი კაცი, ერთი ძრავა) ფილოსოფიით ხორციელდება.

Porsche-ს 3.6-ლიტრიანი ოპოზიტური 6-ცილინდრიანი


Porsche-ს ეს ორტურბინიანი ძრავა ჰაერის გაგრილებაზე მომუშავე 911-ის ბოლო აგრეგატი გახლავთ. თავდაპირველად, მწარმოებელი Volkswagen-ისთვისა და 912-ის მოდელებისთვის ოპოზიტურ 4-ცილინდრიან ძრავებს უშვებდა. მოგვიანებით კი ორი ცილინდრის დამატება გადაწყდა. შედეგად, 6-ცილინდრიანი ოპოზიტური შეიქმნა.

მიუხედავად იმისა, რომ საწყის ეტაპზე აგრეგატი უტურბინო იყო, ორი ცილინდრის დამატებით სიმძლავრე საკმაოდ გაიზარდა. საბაზისო Carrera 247 ცხენის ძალით იყო წარმოდგენილი. 911-მა 6-სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფიც მიიღო, რაც 5-იანის გაუმჯობესებული ვერსია გახლდათ. ამ მოწყობის ძლიერი მხარე კი საოცარი გამძლეობა და მისაღები წარმადობა იყო.

Audi R5


R5 ის აგრეგატია, რომლითაც Quattro იყო აღჭურვილი. დიახ, 80-იანების რალის საკულტო ავტომობილი. Audi Sport Quattro-ში მოდიფიცირებული 2.1-ლიტრიანი ხუთცილინდრიანი ძრავა 470 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. თუმცა, ხშირ შემთხვევაში შესაძლოა სიმძლავრე 500 ცხენის ძალასაც აჭარბებდა. ასეთ სხვაობას კი ტურბინის ჰაერის რეცირკულიზაციის სისტემა იძლეოდა, რომელიც ტურბინის დაყოვნების დასაძლევად მუშაობდა.

ამ აგრეგატის ხუთ ცილინდრში საწვავი ერთმანეთის მიყოლებით ფეთქდებოდა. ამის შედეგი აგრეგატის უფრო დაბალანსებული მუშაობა იყო. Quattro-ს ძალოვან აგრეგატს მანქანის 0-დან 60კმ/სთ-მდე აჩქარება 3.1 წამში შეეძლო. ასეთი მონაცემები კი იმ პერიოდის რალის მანქანისთვის გასაოცარი გახლდათ.

BMW M62


BMW-ს M62 ის ძრავაა, რომელიც 90-იან წლებში გამოშვებულ მეხუთე და მერვე სერიებში გვხვდება. გარდა ამისა, 2005 წელს გამოშვებული Range Rover-ი კაპოტის ქვეშ სწორედ ამ აგრეგატს მალავდა. M62-ის მოცულობა 3.5 ლიტრიდან 4.8 ლიტრამდეა. ამ V8 ძრავის სიმძლავრე 232 ცხენის ძალიდან 370 ცხენის ძალამდე მერყეობს.

ამ აგრეგატების კიდევ ერთი ხიბლი Bosch Motronic-ის ძრავის კომპიუტერია. მისი მეშვეობით, ძრავის მოდიფიცირება მარტივი იყო. M62 გამძლეობითა და საიმედოობით გამოირჩეოდა, რაც საწვავის მიწოდების სისტემის სიმარტივით იყო გამოწვეული.

Volkswagen ALH TDI


“მილიონ მილიანი“ რესურსის მქონე გერმანული ძრავა რამდენიმე მეინსტრიმულ მოდელში გვხვდებოდა: Beetle-ი, Passat-ი და Jetta. ეს მანქანები მსოფლიოს სხვადასხვა ბაზარზე პოპულარობას არ უჩივიან, ხოლო ლეგენდარული აგრეგატი საოცარი რეპუტაციით სარგებლობს.

ALH TDI ძრავები 1.9 ლიტრი მოცულობისაა, რომელსაც 4 ცილინდრი აქვს. გამორჩეული ძრავის სტატუსი მან გამშვები კოლექტორითა და მთავარი ბლოკით დაიმსახურა. ეს აგრეგატები არამხოლოდ გამძლეობით იყო ცნობილი, არამედ ეკონომიითაც. TDI-ით აღჭურვილი Jetta-ს საშუალო წვა 5.6 ლიტრი გახლდათ. რაც შეეხება გამძლეობას - ვერ ნახავთ ნახევარ მილიონიანი გარბენის მქონე მოდელს, რომელსაც ძრავაზე პრობლემა აქვს. მილიონი მილის გავლის შემდეგ დაშლილ ALH TDI-ს მხოლოდ მცირედი ცვეთა ჰქონდა. მოვლის შემთხვევაში კი ეს აგრეგატები „თორის“ ჩაქუჩივით იყო.

Volkswagen Group 8.0 W-16


ეს W-16 ტიპის ძრავაა, რომელიც VW-მ Veyron-ში და Chiron-ში გამოიყენა. ეს არამხოლოდ ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი ძალოვანი აგრეგატია, არამედ მწარმოებლის ყველაზე ამბიციურ პროექტსაც წარმოადგენს. მას 16 ცილინდრი აქვს, ხოლო დგუშების სისტემა W-ს კონფიგურაციით მუშაობს. წონა 400 კილოგრამს შეადგენს.

ეს უზარმაზარი ძრავა Veyron-ში 987 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. Chiron-ში მაჩვენებელი 1 500 ცხენის ძალამდე გაიზარდა. VW Group-ს ასეთი კომპლექსური და მასიური აგრეგატის შექმნა კოლოსალური სიმძლავრის მისაღებად დასჭირდა. უამრავი ავტომოყვარული W16-ს საავტომობილო ინჟინერიის მწვერვალადაც მიიჩნევს. Veyron-ი და Chiron-ი კი ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ საწარმოო მოდელებად გვევლინებიან.

BMW N74


N74 BMW-ს 12-ცილინდრიანი ძრავების უახლესი ვერსიაა. მისი შექმნა 2008 წლით თარიღდება. ეს აგრეგატი BMW-ს ინჟინერიასა და გამძლეობის ნამდვილი რეპრეზენტაციაა. N74-ს საწვავის შეფრქვევის პირდაპირი სისტემა და Garett-ის ორი ტურბინა აქვს. ეს უკანასკნელი დეტალი სპეციალურად ამ ძრავისთვის შეიქმნა.

N74 BMW-ს პირველი ძრავა გახლავთ, რომელიც ZF-ის ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან დაწყვილდა. მისი პირველი ვერსია 6.0-ლიტრი მოცულობის N74B60 იყო და ის 536 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. უახლესი ვერსიის სიმძლავრე 624 ცხენის ძალითა და 900ნმ-ით არის განსაზღვრული. 

ჩამოთვლილთაგან რომელია ყველაზე დაუფასებელი გერმანული ძრავა? იქნებ ჩვენი სია არ მოიცავდა ასეთს? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

გაზიარება: