Aa Aa
15 ივნისი 2023  |  11:05

ყველაზე გამორჩეული მოდელები Alpina-ს ისტორიაში

დაარსებიდან დღემდე Alpina იმ ნიშას ავსებდა, რომელიც BMW-მ არ ან ვერ შეავსო.

BMW-სა და Alpina-ს კავშირი გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან იწყება. ისტორია ძალზედ ჩვეულებრივი გახლავთ. ბურკარდ ბოვერზიპენს თავისი BMW 1500-ის გაძლიერება სურდა, რისთვისაც Weber-ის ორმაგი კარბიურატორის სისტემა შექმნა. მას შემდეგ Alpina ავტომობილის იდეალურად მოდიფიცირების სინონიმად იქცა. ასეთი სტატუსი კომპანიამ არამხოლოდ გაზრდილი ცხენის ძალებითა და მაბრუნი მომენტით, არამედ Alpina-ს სრული პაკეტის შეთავაზების შედეგად დაიმსახურა. ელეგანტური, სპორტული, დახვეწილი ექსტერიერის მქონე მანქანები საოცრად მდიდრული, კომფორტული და ორიგინალური ინტერიერით გამოირჩეოდა. ეს არის ნატიფი დეტალების მთელი ნაკრები, რაც BMW-ს ნებისმიერ მოდელს უფრო მიმზიდველობას ხდის.

მიუხედავად იმისა, რომ Alpina-ს ნამუშევრების გამორჩევა შეუძლებელია, ვეცდებით ქვემოთ იმ მოდელებზე გესაუბროთ, რომლებიც ამ კომპანიის სიამაყეს წარმოადგენენ.

Alpina B10 Biturbo


დილეტანტის თვალში შესაძლოა ის BMW E34 M5-ს ჰგავდეს, მაგრამ ნურას უკაცრავად. ეს M5 არ არის. მანქანას ყველა მაშუქი ორიგინალი აქვს, ძველი BMW-ეს ელეგანტურობაც ადგილზეა. ცხაურაც იდეალური ზომისაა. კაპოტის ქვეშ კი უამრავი ცხენი იმალება.

Alpina B10 BiTurbo-ს დებიუტი 1989 წელს შედგა. გამოსვლისას ის მსოფლიოში ყველაზე სწრაფი სედანი გახლდათ. Road & Track-ის პოლ ფრერემ მას „მსოფლიოში საუკეთესო 4-კარიანი“ უწოდა. ასეთი შეფასება უსაფუძვლო ვერ იქნებოდა.


Alpina-სთვის დონორი ავტომობილი E34 თაობის 535i იყო. ამ კომპანიამ 535i-ს ძრავა მთლიანად დაშალა და საკუთარი სტანდარტების მიხედვით გადააკეთა. შედეგად, 360 ცხენის ძალა და 520ნმ მიიღეს. დამატებითი დატვირთვისთვის Getrag-ის კოლოფის ჩადგმაც გადაწყდა.

რა გადააკეთა Alpina-მ? ყველაზე მნიშვნელოვანი დანამატი Garrett T25-ის ორი ტურბინა გახლდათ. ვრცელია ძრავის შიგნით შეცვლილი დეტალების ჩამონათვალიც: ნაწრთობი დგუშები, ახალი წვის კამერა, უნიკალური შემშვები სისტემა და ახალი გამშვები სისტემა. გაძლიერებული ძრავის გარდა, B10 BiTurbo განახლებული დაკიდების სისტემით, 17-იანი ულამაზესი და განიერი დისკებით, ფუნქციური სპოილერითა და ჰაერის გამტარით წარსდგა.

Alpina-ს კომპლექტაციით გამოშვებულ მეხუთე სერიას ისეთი მანქანების დაჩაგვრა შეეძლო, როგორიც Ferrari 348, Porsche Carrera 2 და Acura NSX-ი იყო. მაქსიმალური სიჩქარე 290კმ/სთ გახლდათ. 1989-1994 წლებში B10 BiTurbo-ს 507 ეგზემპლარი შეიქმნა.

Alpina 318i


1981 წელი იყო, როდესაც Shell-მა და გერმანიის Auto Motor und Sport-მა საკმაოდ უჩვეულო შეჯიბრი - Kilometer Marathon-ი - შექმნეს. მონაწილე გუნდები ერთმანეთს ყველაზე ეკონომიური მანქანებით უნდა შესჯიბრებოდნენ. ალბათ, ხვდებით, რომ მარათონი 1 კილომეტრზე ტარდებოდა. განაცხადი 120-მა კომპანიამ შეავსო. ერთ-ერთი კი Alpina იყო. შეჯიბრზე მათ უცნაური ცხვირის მქონე BMW E21 318i წარადგინეს.

წაწვეტებული ცხვირის გარდა, რომელსაც აეროდინამიკურობა უნდა გაეუმჯობესებინა, მანქანას 2-ცილინდრიანი აგრეგატი ჰქონდა. სიმძლავრე მხოლოდ ერთ ბორბალზე ნაწილდებოდა. რაც ყველაზე საინტერესოა საწვავი, უკეთესი აფეთქებისთვის, ძრავაში მოხვედრამდე გრილდებოდა. შედეგი? საწვავის საშუალო მოხმარება 100კმ-ზე 2.6 ლიტრი გახლდათ. ამ კლასში გამარჯვება კი Alpina-მ მოიპოვა.

რა თქმა უნდა ეს E21 სერიული წარმოების მანქანა არ იყო. თუმცა, Alpina-ს ჭკვიანური ხედვები და მიდგომები თავის დროს უსწრებდა და ამას დაფასება, აღიარება და ხაზგასმა სჭირდება.

BMW Alpina Roadster V8


Z8-ზე დაფუძნებული Alpina Roadster V8 კომპანიის პირველი მოდელი იყო, რომელსაც სახელი ამერიკის ბაზარზე უნდა დაემკვიდრებინა. ამავდროულად, Roadster V8 Alpina პირველი მანქანა იყო, რომელიც ცხენის ძალების რაოდენობით დონორ ავტომობილს ჩამორჩებოდა.

Roadster V8-ს შემუშავებისას, Alpina-მ M5-ის ქარხნული 4.9-ლიტრიანი ძრავა 4.6-ლიტრიანი V8-თი ჩაანაცვლა. ამ აგრეგატით B10 V8 S-ი იყო წარმოდგენილი. ძრავაზე მუშაობისა და მისი გაუმჯობესების შემდეგ, მოცულობა 4.8 ლიტრამდე გაიზარდა. სიმძლავრემ 375 ცხენის ძალასა (ქარხნულ Z8-ზე 19-ით ნაკლები) და 520ნმ-ს შეადგენდა, რაც ZF-ის 5-სიჩქარიანი კოლოფით უკანა ბორბლებზე ნაწილდებოდა.

Roadster V8-ს მაქსიმალური სიჩქარე 260 კმ/სთ-მდე იყო შეზღუდული. გაუმჯობესებული იყო დაკიდების სისტემაც. ეს მანქანა დიზაინერული კუთხით ავტოინდუსტრიის სამყაროში უმაღლეს შეფასებას იმსახურებს, რასაც ვერ ვიტყვით მის მართვადობაზე. გახსოვთ ჯერემი კლარკსონის სიუჟეტი? მისი აზრით, ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც Alpina-მ დონორი ავტომობილი გაუმჯობესების ნაცვლად გააუარესა. მანქანა ზედმეტად მძიმე იყო, სიმძლავრე ნაკლები ჰქონდა. მექანიკური კოლოფი კი ავტომატიკურით იყო ჩანაცვლებული.

შეიძლება კლარკსონი მართალია. თუმცა, Roadster Z8 არასდროს გამოშვებულა იმ მიზნისთვის, რომ „მწვანე ჯოჯოხეთში“ რეკორდები მოხსნათ. ეს უფრო შეძლებული ადამიანების გასართობი სათამაშოა, რომელიც გემოვნების, სტატუსისა და სტილის დემონსტრაციისთვისაა შექმნილი. ამაზე მოწმობს Roadster Z8-ს გასაყიდი ფასიც, რაც 2003 წელს 137 000$-დან იწყებოდა. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად 333 ეგზემპლარის გამოშვება იგეგმებოდა, ჯამში სულ 555 მოდელი შეიქმნა.

2007 წლის Alpina B7


2007 წლის B7 Alpina-ს მეორე მოდელი იყო, რომელიც აშშ-ში გაიყიდა. დიახ, ის მახინჯი უკანალის მქონე მეშვიდე სერიაზე იყო დაფუძნებული. B7-ის სიმძლავრე 4.4-ლიტრიანი V8 ძრავიდან მოდიოდა, რომელიც საკმაოდ საინტერესოდ დაიბადა.

აგრეგატები დამატებითი გაგრილების გარეშე BMW-ს ავსტრიის ქარხანაში შეიქმნა, საიდანაც Alpina-ს საწარმოო კედლებში გაიგზავნა. ამ კომპანიის მიერ ძრავის დახვეწის შემდეგ კი ისინი მეშვიდე სერიის ქარხანაში, დინგოლფინგში, გაიგზავნა, სადაც გაგრილების სისტემა დაუმონტაჟეს.

შედეგი? 5 250-6 000 ბრუნზე 493 ცხენის ძალის მიღება იყო შესაძლებელი. უფრო შთამბეჭდავი იყო მაბრუნი მომენტიც, რაც 686 ნმ-ს შეადგენდა. ასეთი კოლოსალური სიმძლავრის წყალობით უზარმაზარ B7-ს 0-დან 100-მდე აჩქარება 4.8 წამში შეეძლო. მაქსიმალური სიჩქარე კი 300კმ/სთ+ გახლდათ.

Alpina B8 4.6


ეს ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული ავტომობილია, რომელიც Alpina-ს სამუშაო კედლებიდან გამოგორებულა. BMW-ს V8 ძრავის E36-ის თაობის მესამე სერიაში ჩადგმა მოსინჯული ჰქონდა. თუმცა ეს წამოწყება წარუმატებლად დასრულდა.

რა ქნა Alpina-მ? Alpina იქამდე არ მოეშვა E36-ის ძრავის განყოფილებას, სანამ E34 540i-ის V8 ძრავის განთავსება არ მოხერხდა. კომპანიამ მანქანის წინა ნაწილში 42 კონსტრიქციული შესწორება შეიტანა, რათა სასურველი მიზნისთვის მიეღწიათ. ინჟინრებმა დიდი სამუშაო გაწიეს ძრავის გაუმჯობესებისთვისაც. ზემოხსენებული აგრეგატის მოცულობა 4.6-ლიტრამდე გაიზარდა, შეიცვალა კარტერი, დამონტაჟდა უკეთესი კომპრესიის მქონე Mahle-ის დგუშები და გადაპროგრამირდა აირგანაწილების ფაზები. „ახალი“ ძრავა 333 ცხენის ძალასა და 470ნმ-ს გამოიმუშავებდა. სიმძლავრის 70% 1 000 ბრუნიდანვე იყო ხელმისაწვდომი, რაც E36 M3 Evo-ს პიკური მაბრუნი მომენტი იყო.

B8 4.6 Bilstein-ის აირზე მომუშავე ამორტიზატორებით იყო წარმოდგენილი. მანქანას წინ Lucas-ის სპეციალურად დამზადებული ვენტილირებადი სამუხრუჭე დისკები ჰქონდა. უკანა მუხრუჭები პირდაპირ E36 M3-დან იყო გადმოტანილი. საუკეთესო მოჭიდებას Michelin-ის საბურავები უზრუნველყოფდა, რომელიც Alpina-ს შეუდარებელი დიზაინით დამზადებულ 17-იან დისკებზე იყო გადაკრული.

B8 4.6-ს 0-დან 100-მდე აჩქარება 5.4 წამში შეეძლო. მაქსიმალური სიჩქარე კი 280კმ/სთ-ს აღწევდა. მოდელის წარმოება 1995-1998 წლებში მიმდინარეობდა და ჯამში 221 ეგზემპლარი შეიქმნა. მათგან 23 კი კაბრიოლეტი იყო.

Alpina B3 GT3


2011 წლის ADAC GT Masters-ში მოპოვებული გამარჯვების აღსანიშნავად შექმნილი B3 GT3 სულ 99 ეგზემპლარად არსებობს. მასში ზუსტად ის ძრავა გამოიყენეს, რაც B3 S BiTurbo-ში გვხვდება. მიუხედავად ამისა, Alpina-მ მოწყობას ტიტანისგან დამზადებული მაყუჩი და Akrapovic-ის ორმაგი მილი დაუყენა. სიმძლავრე ცხენის ძალით გაიზარდა და 408-ს შეადგინა. 11კგ-ით შემცირდა წონაც.

სიმძლავრის განაწილებაზე პასუხისმგებელი ZF-ის 6-სიჩქარიანი Switch-Tronic ტრანსმისია იყო. Alpina-მ Drexler-ს შეუკვეთა თვითბლოკირებადი დიფერენციალიც.

ვიზუალურად B3 GT3 სარბოლო მანქანას ჰგავს. წინა ტუჩი, უკანა დიფუზორი და ფრთა კარბონისგანაა დამზადებული. სალონში Alpina-მ Recaro სპორტული სავარძლებიც დაამონტაჟა, რომელიც ალკანტარით იყო შესრულებული. ასეთი მოწყობით B3 GT3 0-დან 100-კმ/სთ-მდე 4.3 წამში ჩქარდებოდა. მაქსიმალური სიჩქარე კი 300 კმ/სთ-ით იყო განსაზღვრული.





გაზიარება: