Viper-ის V10-ით აღჭურვილი მოტოციკლი 500-ცხენისძალიანი მონსტრია
ალენ მილიარდი გიჟი (საუკეთესო გაგებით) ინჟინერია, რომელსაც წარსულში საოცარი პროექტები აქვს შესრულებული. მისი ერთ-ერთი საუკეთესო ქმნილება Viper-ის 10-ცილინდრიანი ძრავით აღჭურვილი მოტოციკლია. ორ ბორბლიან მონსტრზე მუშაობა ალენმა 2009 წელს, თავის ფარეხში დაასრულა.
ვიდეოში, რომელიც ზემოთაა მიბმული მფლობელი MOT-ის შემოწმებისთვის ემზადება. MOT-ი ტესტი ბრიტანეთში ყველა ავტომობილს და მოტოციკლს უტარდება, რომელიც გზებზე 3 წელზე მეტია დადის. პროცედურის ფარგლებში ტრანსპორტის ვარგისუნარიანობა მოწმდება.
ალენის ნამუშევარი კი იმდენად დახვეწილია, რომ MOT-ის უპრობლემოდ გადის. მილიარდისთვის კი ეს მნიშვნელოვანი გახლავთ, რადგან ამ მოტოციკლით ის ხშირად მოძრაობს და სამუზეუმო ექსპონატად არ არის ქცეული. ამას ოდომეტრზე გამოსახული 16 000კმ ადასტურებს.
ვიდეოში ნახავდით, რომ მოტოციკლის V10 მანქანების ჩვეულებრივ დინებაში 1 500rpm-ზე მეტს არ ტრიალებს. ეს სიმძლავრის დიდი რაოდენობითაა გამოწვეული. მოტო კი იმდენად დიდია, რომ მის ბორბლებს შორის მანძილი საშუალო ზომის ჰეჩბეკის ბორბლებს შორის მანძილზე გრძელია.
8-ლიტრიანი 10-ცილინდრიანი ძრავა 1995 წლის Dodge Viper GTS-დან არის აღებული. აგრეგატი 500 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მისი წონა 340 კილოგრამითაა განსაზღვრული. მთლიანად მოტოციკლი კი 630 კილოგრამს იწონის.
10-ცილინდრიანი ძრავის ზომიდან გამომდინარე, ჩარჩოს დიზაინი სრულად შეიცვალა. ალენმა თავისივე ხელით ორი ქვეჩარჩო დაამზადა, რომელიც ძრავას წინა და უკანა მხარესთანაა დაკავშირებული. ასეთი დიზაინის ჩარჩო გადაცემათა კოლოფის ჩადგმის საშუალებას აღარ იძლეოდა, მაგრამ აგრეგატს ნიუტონ მეტრის ისეთი რაოდენობა აქვს, რომ სიჩქარის ცვლილება არაა საჭირო.
ალენი ამბობს, რომ სპეციალური ბორბლის დამონტაჟების შემდგომ მოტოციკლის მაქსიმალური სიჩქარე 434 კმ/სთ-ით იქნება განსაზღვრული. მილიარდმა რამდენიმე წლის წინ თავისი ქმნილება Isle Of Man TT-ზე წაიყვანა და ბრიუს დანს სამართავად გადასცა. ამ უკანასკნელმა ორბორბლიანი მონსტრით 322 კმ/სთ განავითარა.
ასეთი მოტოციკლის აწყობას ძალზედ დიდი შრომა სჭირდება, მის მართვას კი უდიდესი გამოცდილება და გამბედაობა. წარმოიდგინეთ 640 კილოგრამი, 500 ცხენის ძალა და ორი ბორბალი. გაბედავდით ამ მონსტრის მართვას?