Aa Aa
18 მაისი 2022  |  13:08

ავტომობილის 10 ლეგენდარული აქსესუარის წარმომავლობის ისტორია

ჰულა გოგონა, ფუმფულა კამათლები, ანტენის ბურთები... საიდან მოდის ეს უჩვეულო აქსესუარები? როგორ გავრცელდა მსოფლიოს მასშტაბით?

ჩვენ ამ აქსესუარების ასოცირებას კულტურასთან და პროგრესთან ვახდენთ. თუმცა, მათი ნაწილი იმდენად არაბუნებრივია ავტომობილისთვის, რომ ვერ ვხვდებით, როგორ მოხვდა იქ. საიდან დაიწყო ყველაფერი? გააკეთა ეს Mustan GT-ის მძღოლმა მამაკაცმა, რომელიც შთაგონებული იყო რაიმეთი, თუ ვიღაც მეამბოხე ბავშვმა მოდიფიცირებული Skyline-ის საჭესთან, რომელსაც ზუსტად არც კი ესმოდა, რის დამტკიცებას ცდილობა...

იაპონური სახელური

მეამბოხე იაპონელი ახალგაზრდები ვანდალიზმის ფაქტს ჩადიოდნენ. მეტროს ჭერიდან სახელურებს ხსნიდნენ და ავტომობილს ამაგრებდნენ. ეს მათთვის საამაყო იყო და დამოუკიდებლობას გამოხატავდა. 

ზოგი სახელურებს სარკის წინ კიდებდა, ზოგი კი წინა და უკანა ბამპერზე. რა თქმა უნდა, ეს სახელური ბუქსირებისთვის ნაკლებად გამოდგებოდა. ის უბრალოდ JDM-ებისთვის დამახასიათებელი ელემენტი გახდა. დღეს კი ვანდალიზმის ჩადენის გარეშე, ამ დეტალის შეძენა Amazon-ზე $11-ად არის შესაძლებელი.

ფუმფულა კამათლები

ამ აქსესუარის გამოყენება სათავეს მეორე მსოფლიო ომიდან იღებს. პილოტები სალონში ფუმფულა კამათლებს კიდებდნენ, რაც უბრალოდ კარგი იღბლის ან სიკვდილთან თამაშის სიმბოლო იყო. ეს ტრადიცია მიწაზე დაბრუნების შემდეგაც გააგრძელეს.

ყველაზე გავრცელებული იყო თეთრი ფერი შავი წერტილებით. კამათლებს უკანა ხედვის სარკეზე კიდებდნენ. ფუმფულა კამათლები ჰოთ როდებში, 50-იანების და 70-იანების ავტომობილებში ჭარბობდა.

საქარე მინის ბანერები

საიდან დაიწყო საქარე მინის ბანერების ტრენდი? 60-იანების დასაწყისიდან სარბოლო ავტომობილის საქარე მინის ზედა ნაწილში სპონსორების ბანერებს აკრავდნენ. 70-იანებში ბრიტანეთის ტურინგ ავტომობილების ჩემპიონატში ხილულ ადგილას სპონსორების ბანერებს აკრავდნენ. ეს ადგილი ყველა კუთხიდან კარგად ჩანს, ამიტომ იქ მხოლოდ საუკეთესო ბრენდების რეკლამებს ნახავდით.

ავტოსპორტიდან ეს ტრენდი ქუჩებშიც გადმოვიდა. ბანერი ავტომობილს თითქოს სპორტულად აქცევს. გარდა ამისა, პრაქტიკული დანიშნულებაც აქვს, მზისგან გიცავს.

გიჟური მაყუჩები

ასეთი მაყუჩები ფართოდ გავრცელებული არ არის. ზოგან ასეთი ავტომობილების სამრეცხაოებში შესვლა აკრძალულია. ზოგ მათგანს კი უბრალოდ გარკვეულ ადგილებში გატევის პრობლემაც აქვს. გულის ფორმის, ელვის ფორმის და სხვა უცნაური მაყუჩები სათავეს იაპონიიდან იღებს. ასეთ კულტურას Bōsōzoku ჰქვია და ის მოტოციკლების მოდიფიცირებიდან იღებს სათავეს..

პროტესტის ნიშნად, მეამბოხე ახალგაზრდები ფერად ავტომობილებს გიგანტურ ფრთებს და მაყუჩებს უმატებენ. ყველაზე გავრცელებული ზემოთ აწეული, კუთხოვანი ორმაგი მაყუჩებია. 90-იანებში ასეთი ავტომობილები ამერიკის შეერთებულ შტატებში შეუშვეს და ამერიკამ ეს კულტურა საკუთარივით შეითვისა.

ანტენის ბურთები

70-90-იან წლებში რადიოს მოუქნელი ანტენები საქარე მინას ხვდებოდა ხოლმე და ლაქებს ტოვებდა, ან ტეხდა კიდეც. ამასთან საბრძოლველად ხალხმა ანტენაზე ნაჭრის ჩამოცმა დაიწყო. კომპანიებმა ამით სარგებლის ნახვა გადაწყვიტეს და ბურთი მოიფიქრეს. "Harvey Ball"-მა ბურთზე მოღიმარი სახე დაიტანა და ის ანტენის ბურთების „სახე“ გახდა.  

ეს იყო იაფი და მარტივი პროდუქტი. ამიტომ მისი წარმოება ბევრმა კომპანიამ აიტაცა. ბურთის უამრავი ვერსია გამოჩნდა. ეს ტრენდი 2000-იან წლებამდე გაგრძელდა, სანამ ავტომწარმოებლებმა ისეთი ანტენები არ შემოგვთავაზეს, რომლებიც საქარე მინას არ აზიანებდა. ზოგმა კი ანტენა სახურავზე გადაიტანა.

ქვედა განათება

90-იანებში ავტომობილებს გიჟურ ფერებში ღებავდნენ და განათებებს უმატებენ. ზუსტად ცნობილი არ არის, როდის და რატომ დაიწყო ეს ტრენდი. რაც ვიცით ისაა, რომ ამას შოუებისთვის აკეთებდნენ და დროთა განმავლობაში ეს განათებები სულ უფრო მეტი და გიჟური ხდებოდა. LED ნათურების ერაში ეს ტრენდი დაგვიბრუნდა.

„მოხსენით გაფრენამდე“ იარლიყი

წითელი იარლიყი წარწერით „მოხსენით გაფრენამდე“ სათავეს სამხედრო სტრატეგიიდან იღებს. ეს იყო შეხსენება მექანიკოსებისთვის იმის, რომ ფრენის წინ გარკვეული ნაწილები საჰაერო ხომალდებიდან მოეხსნათ. ეს გაფრთხილების ნიშანი ბევრი ფორმით გვხდებოდა: დამცავი საფარებით დაწყებული, სარჭებით დასრულებული. ყველაზე პოპულარული კი მაინც ბრელოკის სახით გახდა, რადგან პრაქტიკული და მარტივია. გამანადგურებელთან ასოცირება კი სახალისოა.

თავდაპირველად, ამ წარწერას მხოლოდ წითელ ფონზე შეხვდებოდით, ახლა კი მისი შეძენა უამრავ ფერშია შესაძლებელი.

ხის მძივების საფარი

ხის მძივების საფარი ტრადიციას ჰავაის მსგავსი ადგილიდან უნდა იღებდეს, მაგრამ არა. მის უკან სულ სხვა ისტორია დგას. ყველაფერი ნიუ იორკის ტაქსებიდან დაიწყო. მძღოლებმა გადაწყვიტეს, რომ საჭესთან ხანგრძლივი ჯდომის დროს სტიმულაცია სჭირდებოდათ. ეს 1985 წელს მოხდა. 1990 წლიდან კი მძივებიანი საფარი დიდი ჟურნალების კატალოგებში გამოჩნდა.

ამ ტრენდმა დიდხანს ვერ გასტანა, რადგან, საბოლოოდ, საკმაოდ შემაწუხებელი გამოდგა. თოკები მძივებს აზიანებდა. ხის გატეხილი მძივები ზურგში ცუდად ერჭობა და სიმართლე რომ ვთქვათ, მაინცდამაინც არც მასაჟის ეფექტი აქვს.

წვეტიანი ქანჩები

ერთი შეხედვით ეს ბაიკერულ აქსესუარს ჰგავს. სინამდვილეში კი მას პრაქტიკული დანიშნულება აქვს. წვეტები წყლის გასაფანტად და ქანჩების დასაცავად იყო. თავდაპირველად, მას სატვირთოები მოიხმარდნენ, რომლებიც შორ მანძილზე გადაადგილდებოდნენ და საბურავებს ხშირად ცვლიდნენ. დაჟანგებულ ქანჩებს საბურავის სწრაფად გამოცვლაში ხელი არ უნდა შეეშალა.

ზოგს ეს სტილი უბრალოდ მოსწონს და აქსესუარად იყენებს. ზოგი კი მის პრაქტიკულ დანიშნულებასაც აქცევს ყურადღებას. ისიც გასათვალისწინებელია, რომ წვეტიანი ქანჩები დისკებისა და საბურავების მოპარვას ართულებს.

ჰულა გოგონა

მალევე მას შემდეგ, რაც ჰავაი შტატი გახდა, 50-იანებში ჯარისკაცები ამ მიმართულებით ხშირად დაცურავდნენ. მაშინ ხელოვანები ამ თოჯინას წებოთი და მავთულებით აკეთებდნენ. ზოგიერთი ასეთი თოჯინა ახლა კოლექციონერების ფავორიტია. ჯარისკაცებს ისინი სახლში მიჰქონდათ და მალევე ავტომობილის აქსესუარად იქცა. 60-იანებში და 70-იანებში ამ თოჯინების იაფფასიანი რეპლიკების გაკეთება დაიწყეს და მას მერე კიდევ უფრო გავრცელდა.

ახლა ჰავაიური თოჯინა ძირითადად ყველგანმავლების მფლობელებს შორის არის პოპულარული. ჰულა გოგოების შეძენა Amazon-იდან $13 დაჯდება.

გაზიარება: