სასამართლო, უბედური შემთხვევა, ვოლვო, ტექნოლოგიები
Aa
Aa

ძაღლმა ქალი საავადმყოფოში, ვოლვო კი სასამართლოში გაგზავნა

ვოლვოს ხსენებაზე, პირველი რაც გვახსენდება, ალბათ, უსაფრთხოებაა... სწორედ ამიტომ, ეს ამბავი ძალიან უცნაურია — ნიუ-ჯერსის მკვიდრი შვედურ კომპანიას საბარგულის სენსორის ტექნიკური ხარვეზისთვის უჩივის, რამაც მას თავის ქალის მძიმე ტრავმა მიაყენა — ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ მთავარი ეჭვმიტანილი არც მეტი, არც ნაკლები, გამვლელი ძაღლია.

როგორც რამდენიმე დღის წინ შეტანილი სარჩელიდან ვიგებთ, ორი წლის წინ, 2023 წლის ოქტომბერში, მეგან კორი თავისი ვოლვოს (რომლის მოდელიც დაკონკრეტებული არ არის) საბარგულთან იდგა, როცა ავტომობილის ქვეშ ძაღლმა გაირბინა. სავარაუდოდ, ცუგამ ბამპერის ქვედა ნაწილზე დამონტაჟებული მოძრაობის სენსორი გაააქტიურა, რამაც საბარგულის კარის მკვეთრი დახურვა და მის ქვეშ მდგარი ქალის მძიმედ დაზიანება გამოიწვია. 

ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ ვოლვოს დისტანციურ სისტემაში უსაფრთხოების ზომები ადეკვატურად არ იყო დაცული და საბარგულის კარს უკუქცევის ფუნქცია უნდა ჰქონოდა (მართლაც, ალბათ, რიგით ლიფტში არსებული ტექნოლოგიის ქონას ძვირადღირებული ავტომობილისგანაც მოველით).  

კომპანია, ჯერჯერობით, დუმილის უფლებას იყენებს...

(პოტენციურად სახიფათო) სასარგებლო ფუნქცია

ფორდის მიერ, დაახლოებით, 15 წლის წინ წარმოდგენილი საბარგულის სენსორით გაღების ტექნოლოგია ნამდვილად ძალიან კომფორტულია და დღეს თითქმის ყველა ავტომწარმოებელი იყენებს — მართლაც, როცა ორივე ხელი დაკავებულია, ფეხის ერთი მოძრაობით იმის გაკეთება, რისთვისაც ტვირთის ძირს დადება ან ცალ ხელში გაჭირვებით გადანაწილება მოგვიწევდა, დიდი ფუფუნებაა. 


აღნიშნული სისტემით ვოლვოს არაერთი მოდელია აღჭურვილი — XC60, XC90, EX90 და V90 Cross Country. საინტერესოა, რომ მცირე ხნის წინ, კომპანიამ 2024 წლის აპრილიდან 2025 წლის თებერვლამდე წარმოებული EX90-ები, სწორედ საბარგულის კარის ხარვეზის გამო, უკან გამოიხმო (თუმცა, კორის ინციდენტი 2023 წელს მოხდა, ამიტომ ეს ფაქტი ნაკლებად რელევანტურია). 

საბოლოოდ, რთულია იმის თქმა, ავტომწარმოებლებს ეშლებათ, მძღოლებს თუ ძაღლებს, თუმცა შეცდომისგან დაზღვეული ისეთი მზრუნველი კომპანიაც არ არის, როგორიც ვოლვოა — თუმცა მთავარი ის არის, თუ როგორ შეძლებს ბრენდი პასუხისმგებლობის აღებას და შეცდომის გამოსწორებას. 

მსგავსი სიახლეები