კონცეპტი, მომავლის ტექნოლოგია, მერსედესი, მომავლის მანქანა, მერსედეს 300ესელი გულვინგი, მერსედეს ვიჟენ აიკონიკი
Aa
Aa

Mercedes-ის მომავლის გრანდ კუპე 1930-იანებიდან | რა არის Vision Iconic?

გერმანულმა ავტომწარმოებელმა Mercedes-მა განსაცვიფრებელი ორკარიანი კუპე, Vision Iconic-ის კონცეპტი წარმოადგინა. ელეგანტური პროპორციებისა და დიდი ზომის განათებული ცხაურის გარდა, გრანდ კუპეს რეტროსტილის სალონი და თანამედროვე მართვის შესაძლებლობები გამოარჩევს.

ექსტერიერი Mercedes-ის წარსულის სტილის ელემენტებს ფუტურისტულ დეტალებთან აერთიანებს. ახალი სტილის ცხაური პირველად GLC EV-ის სერიულ მოდელში ვიხილეთ და ალბათ, შემდგომი წარმოების ავტომობილებშიც ხშირად შეგვხვდება. მისი ფორმა კი, რეალურად, ისეთი კლასიკური მოდელების ინსპირაციითაა მიღებული, როგორებიც W108, W111 და 600 Pullman-ი. თუმცა ამ კონკრეტულ კონცეპტში აგრესიული ფორმის მაშუქებთანაა შეხამებული.

ეს სტილი გარკვეულწილად 2016 და 2017 წლების Vision Mercedes-Maybach 6 Coupé-სა და Cabriolet-ის კონცეპტებს გვაგონებს. დახრილი სახურავი კი მოხრილი კუდისკენ გრძელდება, რაც აშკარად ლეგენდარულ 300 SL Gullwing-ზე მინიშნებაა.

Mercedes-ის დიზაინის ხელმძღვანელის, გორდენ ვაგენერის განცადებით, „ვიზუალური ჩვენებისთვის განკუთვნილი მანქანა 1930-იანი წლების საავტომობილო დიზაინის ოქროს ხანიდანაა შთაგონებული“. ვაგენერი მას როგორც „მოძრაობაში მყოფ ქანდაკებას აღწერს - მარადიული ელეგანტურობისა და მომავლის პატივისცემას“.

Vision Iconic-ის ინტერიერი ისეთივე შთამბეჭდავია, როგორც ექსტერიერი. კომპანიამ შთაგონების წყაროდ არტ-დეკო აირჩია. როგორც Mercedes-ის გუნდიც აღნიშნავს, ინტერიერში თქვენ დაგხვდებათ კომფორტი, რომელიც „ციფრული ფუფუნების სრულიად ახალ გამოცდილებასთანაა“ გაერთიანებული. ოთხსპიციანი საჭე, გამჭვირვალე ხელსაწყოთა პანელით და მის ცენტრში განთავსებული ოთხი ტრადიციული სტილის საათით - მათგან ერთ-ერთი, AI-თანამგზავრის ფუნქციასაც ასრულებს, რაც რეტროსტილს ფუტურისტულ ელფერს სძენს.

ნოსტალგიური შტრიხების მიუხედავად, Vision Iconic-ი მომავლის ტექნოლოგიებითაა სავსე. ამ კონცეპტში მეოთხე დონის თვითმართვადი ტექნოლოგია უნდა ვიხილოთ, რომელიც „ნეირომორფული გამოთვლებითაა“ აღჭურვილი. ეს ნიშნავს, რომ ტექნოლოგია ადამიანის ტვინის ფუნქციაზეა დაფუძნებული. Mercedes-ის შეფასებით, ეს მიდგომა ინტერპრეტაციის კუთხით ათჯერ უფრო ეფექტიანია, ვიდრე ამჟამინდელი სისტემები და შეუძლია AI-ის მიერ დამუშავებული ენერგიის მოხმარება 90 პროცენტით შეამციროს.

კიდევ ერთი გამორჩეული მახასიათებელი მზის საფარია, რომელიც მანქანის ძარას სრულად ფარავს. ეს საფარი არა მხოლოდ აკუმულატორს ტენის, არამედ მზის სხივების გამოყენებით, ავტომობილისთვის წლიურად, 12 000 კილომეტრის გავლის შესაძლებლობასაც უზრუნველყოფს. 20%-იანი ეფექტიანობით, საფარი ადაპტირებადია ნებისმიერ ფერთან და შექმნილია მარტივი გადამუშავებისთვის.

Mercedes-ის ხაზში ფლაგმანური კუპეს დაბრუნების შესახებ ხმები პირველად ამ წლის დასაწყისში გავრცელდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ავტომწარმოებელმა ორკარიანი S-კლასის მოდელების სავაჭრო ნიშანი, Maybach-ისა და AMG-ის ფორმებში დაარეგისტრირა. თუმცა, ეს დიზაინები S-კლასის სედანის ამჟამინდელ თაობას ეფუძნებოდა, რომლის განახლებაც მომავალ წელს იგეგმება.

ამ კონკრეტული კონცეპტის შესახებ კი, ჯერ თითქმის არაფერი ვიცით. მაგრამ ალბათ მხოლოდ ორი არჩევანი გაქვს: Vision Iconic ან მომავალი მოდელების წინასწარი პრეზენტაციაა ან უბრალოდ ახალი დიზაინის შესწავლა, რომელიც კვლავ დამუშავების პროცესშია.

 

მსგავსი სიახლეები