აუქციონი, კლასიკური ავტომობილები, ავტოკოლექცია, პორშე 911, კადილაკი, პონტიაკი, კადილაკი სედანი დე ვილე, იაგუარ იქსქეი120, ტოიოტა სელიკა ესტი, მაზდა არიქს-7 ტურბო
Aa
Aa

ავტომობილებით ობსესია | იყიდე მანქანა, გაისეირნე და სამუდამოდ მიატოვე

ავტოენთუზიასტებისთვის ავტომობილებით, მითუმეტეს კლასიკური მოდელებით ობსესია უცხო ხილი ნამდვილად არ არის. ალბათ, ახალი მანქანის ყიდვის შემდეგაც ბევრს, ძალიან მალე უჩნდება სურვილი კიდევ ერთი ავტომობილი შეიძინოს და ეს წრეც დაუსრულებლად გრძელდება. თუმცა დღევანდელი ისტორიის გმირი, იმდენად შეპყრობილი გახდა მანქანების ყიდვის სურვილით, რომ მისმა კოლექციამ 1 300-მდე სხვადასხვა ზომის, ტიპისა და ბრენდის მოდელი მოიცვა.

კოლექცია, რომელიც ცოტა ხნის წინ ამერიკის შეერთებულ შტატებში Hagerty-მ აღმოაჩინა, მხოლოდ ერთ პირს ეკუთვნის. თუმცა მალე, თითოეული მათგანი აუქციონზე გაიყიდება, რაც ნიშნავს, რომ ამ კოლექციის ყველაზე მივიწყებული წევრიც კი ახალ სახლს იპოვის.

ამ წარმოუდგენელი ავტოფარეხის უკან გრეგ რასკი დგას, რომლის მამამ, ბობიმ რასკმა, 1974 წელს მუყაოს წარმოების ფირმა Rusken Packaging-ი დააარსა. 1992 წელს გრეგმა საოჯახო ბიზნესი გადაიბარა და პარალელურად დაიწყო ის, რაც ათწლეულების განმავლობაში საავტომობილო აკვიატებად ექცა. მისი მიდგომა კი, ბევრს ალბათ არც მოგხიბლავთ: „იყიდე მანქანა, შაბათ-კვირას გაისეირნე, შემდეგ კი საბოლოოდ გააჩერე“. წლების განმავლობაში ეს ჩვევა ტრადიციად იქცა, მისი ავტოფარეხი კი, ამერიკული საავტომობილო ისტორიის საწყობად.

Hagerty-თან საუბრისას რასკი ამბობს, რომ წლების განმავლობაში მან არაერთი ფაზა გაიარა: ზოგჯერ ათობით Cadillac-ს აგროვებდა, შემდგომ კი, მისი ყურადღება Chevrolet-მა და Trans Am-მა მიიპყრო.

ამ თვეში აუქციონზე 200-ზე მეტი მანქანა გაიყიდება იმ ავტომობილებიდან, რომელთაც Hagerty „კეთილშობილურ კოლექციას“ უწოდებს, დარჩენილი მოდელები კი, აუქციონზე მომდევნო თვეში გამოჩნდება. მათგან 180 ამჟამად ონლაინაა განთავსებული. ნაწილი იდეალურ მდგომარეობაშია, ნაწილი კი შეკეთებას საჭიროებს.

კოლექციის ერთ-ერთი თვალსაჩინო ლოტი 1998 წლის Pontiac Firebird Trans Am-ია, რომელსაც 84 000 კილომეტრამდე აქვს დაფარული და ოქროსფერი საღებავით გამოირჩევა. ხელმისაწვდომია სხვა ამერიკული კლასიკური ავტომობილებიც, მათ შორის V8 ძრავით აღჭურვილი Chevrolet C10, 1953 წლის Pontiac Chieftain და 1956 წლის Cadillac Sedan de Ville.

მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილების უმეტესობა ამერიკულია, რასკის ავტოფარეხში მოდელებს მსოფლიოს სხვა წერტილებიდანაც შევხვდებით. აქ დაგხვდებათ 1953 წლის Jaguar XK120, რომელიც უკვე დიდ ინტერესს იწვევს, LS1-ძრავიანი 1989 წლის Mazda RX-7 Turbo, 1995 წლის Toyota Celica ST Coupe და 1967 წლის Porsche 911 Coupe.

 

მსგავსი სიახლეები