Aa Aa
8 ივნისი 2022  |  09:52

ავიაციიდან ავტომობილებამდე: ავტომწარმოებლები, რომლებიც თვითმფრინავებს აწყობდნენ

ავიაციის სამყარომ ავტოინდუსტრიას მრავალი უკვდავი დიზაინი აჩუქა. გადაადგილების ამ ორ საშუალებას იმაზე მეტი საერთო აქვს, ვიდრე წარმოგიდგენიათ. მეორე მსოფლიო ომში ბევრმა ავტომწარმოებელმა თვითმფრინავის ძრავების დამზადება დაიწყო. ომის დასრულების შემდეგ, ზოგი ავტოწარმოებას დაუბრუნდა, ზოგმა კი ავიაციასთან კავშირი არ გაწყვიტა.

ამ სტატიაში ჩვენ რამდენიმე წარმატებულ ავტომწარმოებლებზე მოგიყვებით, რომლებმაც ავიაციაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს.

BMW

ბევრს სჯერა, რომ BMW-მ თვითმფრინავების წარმოებით დაიწყო. ეს ასე არ არის, მაგრამ, როგორც ავტომწარმოებლების დიდი ნაწილი იმ დროს, BMW-ც მეორე მსოფლიო ომში იყო ჩართული. ის საჰაერო ხომალდების ძრავების განვითარებაში მონაწილეობდა. მან რამდენიმე წარმატებული ძრავაც ააწყო. მაგალითად, 801, 41.8-ლიტრიანი, 14-ცილინდრიანი მონსტრი, რომელმაც გერმანულ თვითმფრინავებს უფრო მაღალ სიმაღლეზე ფრენის საშუალება მისცა. თვითმფრინავების გარდა, BMW შეიარაღებული ძალებისთვის მოტოციკლებსაც აწყობდა.  

ომის შემდეგ BMW-მ აქცენტი ახალი ავტომობილის წარმოებაზე გააკეთა. ეს იყო რებრენდირებული Dixi, რომელიც თავისთავად Austin 7-ის ვერსია იყო. როცა 30-იანებში გასაყიდად ბაზარზე გამოჩნდა, მას BMW 3/15 ერქვა. ომის დროს BMW-მ ავტომობილების დივიზია მთლიანად მიატოვა. ამ დივიზიამ მუშაობა 1952 წლიდან გააგრძელა. ეს იმიტომ, რომ ომის დროს BMW-ს ქარხნების დიდი ნაწილი დაბომბვებისას განადგურდა. ავტომწარმოებელი 501 მდიდრული სედანით დაბრუნდა. 1955 წელს კი Isetta გამოუშვეს. დღეს BMW ავტომობილების წარმოებაზეა ფოკუსირებული. თუმცა, ირიბად ის ავიაციაში ისევაა ჩართული. Rolls Royce თვითმფრინავის ძრავების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებელია.

ROLLS ROYCE

როცა საქმე ავიაციას ეხება, Rolls Royce-ის დიდი ისტორია აქვს. მეორე მსოფლიო ომის დროს ეს კომპანიაც ძრავებით ერთ-ერთი მთავარი მომმარაგებელი იყო. BMW-სგან განსხვავებით, მის შვილობილ კომპანიას ავიაციასთან კონტაქტი არ გაუწყვეტია. Rolls-Royce’s Civil Aerospace კომერციული საჰაერო ხომალდებისთვის ძრავებს ამზადებს. კომპანიის ყველაზე პოპულარული ძრავა Trent XWB-ია, რომელსაც ბევრი ცნობილი თვითმფრინავი, მათ შორის Airbus A350 იყენებს.

დღეს Rolls Royce Motor Cars-ი BMW AG-ის მფლობელობაშია და ძველი კომპანიისგან, სახელის გარდა, აღარაფერია დარჩენილი. Rolls-Royce Motors-ი 2003 წლამდე ავტომობილებს Bentley-სთან ერთად აწყობდა. ამ ისტორიულ ბრენდებს Vickers-ი ფლობდა. საბოლოოდ, Rolls Royce-ის გაყიდვა გადაწყვიტეს. ყველაზე რეალური მყიდველი BMW იყო, რომელსაც კომპანიის შეძენა £340 მილიონად სურდა. თუმცა, Volkswagen-მა £430 მილიონი შესთავაზა. დიზაინები, სათავო ოფისები და ქარხნები Volkswagen-ს მიჰყიდეს. სახელი და ლოგო BMW-მ £40 მილიონად შეიძინა, რომელთანაც კომპანიას თანამშრომლობა აკავშირებდა. პირველი ავტომობილი, რომელიც Rolls Royce Motor Company-მ გამოუშვა, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ავტომობილად მიიჩნევა.  

Saab

Saab-ი 1937 წლის 2 აპრილს საბრძოლო თვითმფრინავების ასაწყობად დაარსდა. მეორე მსოფლიო ომის დროს Saab-ი შვედეთის სამხედრო ძალების ძრავებით მთავარი მომმარაგებელი იყო. ომის დასრულების შემდეგ სამოქალაქო ავიაციაში გადაინაცვლა. 1969 წელს კი Scania-სთან გაერთიანდა.

Saab-ის პირველი ავტომობილი 1947 წელს გამოვიდა. ავიაციაში Saab-ის მიზანი უცხოური მწარმოებლების გავლენის შემცირება იყო. იგივე მიზანი ჰქონდა ავტოწარმოებაშიც. პირველი მასობრივად წარმოებული ავტომობილი Saab 92 იყო. მოგვიანებით, კომპანიას პრობლემები შეექმნა. 1990 წელს მას Saab Automobile გამოეყო. საავტომობილო დივიზია General Motors-თან გაერთიანდა. 2000 წელს GM-მა Saab-ი მთლიანად შეიძინა. Saab-ი GM-ისგან Spyker-მა შეიძინა. 2011 წელს კი Saab-ი გაკოტრდა.  

Honda

სხვა კომპანიებისგან განსხვავებით, Honda ავიაციას მოგვიანებით შემოუერთა. Honda Aircraft Company-მ მუშაობა 2000 წლიდან დაიწყო. მას შემდეგ ბიზნესკლასის თვითმფრინავების აწყობითაა ცნობილი. ბოლო დროინდელი HA-420 HondaJet-ი გაუმჯობესებულ აეროდინამიკას და საწვავის ეკონომიურობას აერთიანებს.

კომპანიის დამაარსებელ სოიჩირო ჰონდას თავიდანვე ავტომობილების აწყობა უნდოდა, მაგრამ ომის შემდგომ იაპონიაში ახალი ავტომობილების გაყიდვა ძალიან რთული იყო. პირველი ავტომობილი Honda-ს ემბლემით 1963 წლის აგვისტოში გამოვიდა. T360 მინი პიკაპი იყო. რომელსაც 356 კუბატურის 4-ცილინდრიანი ძრავა ჰქონდა. შემდეგ S500 სპორტული ავტომობილი გამოვიდა. მას პატარა და ხმაურიანი ძრავა ჰქონდა. ომის შემდეგ განადგურებულ ქვეყანაში Honda-მ თავისი სანდოობითა და ხარისხით ადგილის დამკვიდრება შეძლო.

Chevrolet

Chevrolet-მა ავიაციაში მოღვაწეობა 1927 წელს დაიწყო. მათ ჰაერით გაგრილებადი 4-ცილინდრიანი ძრავა სპეციალურად Moundsville Aircraft Corp-ისთვის ააწყეს. შემდეგ 6-ცილინდრიანი ძრავა განავითარეს, რომელიც Chevolair ბრენდის სახელით გამოდიოდა. ყველაზე წარმატებული 333 4-ცილინდრიანი ძრავა იყო, რომელიც ბევრ სხვადასხვა ზომისა და დანიშნულების თვითმფრინავში გამოიყენებოდა.

 

ავტომობილების წარმოება კი კომპანიამ გაცილებით ადრე - 1911 წელს დაიწყო. 1919 წელს ამერიკის ყველაზე გაყიდვადი ავტომწარმოებელი გახდა. ეს მოხდა მალევე, რაც 1917 წელს General Motors-სთან გაერთიანდა.

Ford

ჰენრი ფორდი ექსცენტრულ გენიოსად მიიჩნეოდა. მისი მთავარი ინტერესი ავტომობილები იყო. პარტნიორის პოვნის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, 1903 წელს Ford-ი დააარსა. კომპანია უშვებდა მოდელებს A, B, C, F, K, N, R და S.  Ford-ი წარმატებული გამოდგა და ყოველწლიურად ათასობით ავტომობილს ყიდდა. მთლიანად ავტოინდუსტრიაში ყველაზე გარდამტეხი Ford Model T აღმოჩნდა. მან ამერიკა და მთელი მსოფლიო ბორბლებზე შეაყენა.  

Ford-ი ავიაციაში 1925 წელს გამოჩნდა. მას შემდეგ, რაც თვითმფრინავების მწარმოებელი პატარა კომპანია Stot-ი შეიძინა. თუმცა, სამმოტორიანი თვითმფრინავი ისეთივე წარმატებული არ გამოდგა, როგორც Ford Model T. 1927 წლიდან თვითმფრინავებთან ერთად Model A-საც უშვებდნენ. 199 თვითმფრინავის გამოშვების შემდეგ, 1933 წელს წარმოება შეწყდა. კომპანიამ თვითმფრინავ Flivver-ის გამოშვება სცადა, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო. თუმცა, ეს პროექტი ჩავარდა. მიუხედავად იმისა, რომ Ford-მა ავიაციაში წარმატებას ვერ მიაღწია, ავტომობილების წარმოებაში წინ სვლას აგრძელებდა და დღეს ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ავტომწარმოებელია.   

Packard

Packard-ი სიაში ერთ-ერთი ყველაზე ძველი ავტომწარმოებელია. მისი მოგზაურობა დეტროიტში დაიწყო. ის მდიდრულ ავტომობილებს აწყობდა. მეორე მსოფლიო ომის დაწყება იმას ნიშნავდა, რომ მდიდრული ავტომობილები აღარავის სჭირდებოდა. ამიტომ, კომპანიამ თვითმფრინავებისთვის ძრავების მომზადება დაიწყო. იმ დროს Packard-ი Rolls-Royce-თან ერთად 12-ცილინდრიან ძრავაზე მუშაობდა 4-საფეხურიანი კომპრესორით. ისინი დიდი ზომის თვითმფრინავების სხვა ძრავებზეც მუშაობდა.

Packard-ს ავტოსამყარო რეალურად არასდროს მიუტოვებია. ის 12-ცილინდრიან ავტომობილებს 1915-1923 წლებში აწყობდა. მართალია, კომპანიას ბევრი ინოვაცია ჰქონდა, მაგრამ დეტროიტში დაფუძნებულ სხვა წამყვან კომპანიებს მაინც ჩამორჩებოდა. 1953 წელს Studebaker-ი შეიძინეს და Studebaker-Packard შექმნეს. თანამშრომლობა ხანმოკლე გამოდგა, თუმცა, ამ პერიოდში გამორჩეული ავტომობილებისა და თვითმფრინავის ძრავების აწყობა მოასწრეს.

Fiat

Fiat-ი 1899 წელს 4-ცხენისძალიანი ავტომობილით გამოჩნდა. ნაკლებად ცნობილი ფაქტია, რომ ეს იტალიური ავტომწარმოებელი ერთ-ერთი პირველი იყო ვინც ავიაციაში ფული დააბანდა. 1903 წელს Wright Brothers-მა პირველი ფრენა განახორციელა. 1908 წელს კი Fiat-მა თვითმფრინავის ძრავების აწყობა დაიწყო. პირველი ძრავა SA 8/75 სარბოლო ავტომობილის ძრავის მიხედვით აიწყო. ამ ძრავამ გზა A10-ს გაუკვალა, რომელიც კომპანიის პირველი მასობრივად წარმოებული ძრავა იყო. 1914-1915 წლებში ის 1 070 ეგზემპლარად ააწყეს. Fiat-ი სამხედრო თვითმფრინავებზე ფოკუსირდებოდა. 1930-იან წლებში Fiat Aviazione-ს რამდენიმე საბრძოლო თვითმფრინავი ჰყავდა: CR.20, G.50, G.55 და ბომბდამშენი Fiat BR.20. 1969 წელს Fiats Aviazione იქცა Aeritalia-დ.

Fiat-ის ავტომობილები სულ უფრო პოპულარული ხდებოდა და მალე ყველაზე დიდი იტალიური ავტომწარმოებელიც გახდა. მოგვიანებით, კომპანია გაფართოვდა და ცნობილი ბრენდებიც შეიძინა. მაგალითად, Ferrari. ახლა Fiat-ი Stellantis-ის ნაწილია. Stellantis-ი მსოფლიოში სიდიდით მეექვსე ავტომწარმოებელია, რომელიც ელექტრო ტექნოლოგიებში თანხებს აბანდებს. სულ ახლახან ელექტრო Fiat 500e გამოჩნდა.

Subaru

Subaru-მ ავტომოყვარულების გულები უცნაური ფორმის ავტომობილებით მოიგო. ეს მწარმოებელი თანამედროვე ავიაციაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. 1915 წელს Aircraft Research Laboratory დაარსდა. 1932 წელს კი Nakajima Aircraft Company-დ გადაკეთდა. მეორე მსოფლიო ომის დროს ისინი იაპონიის სამხედრო თვითმფრინავებისთვის ძრავებს ამზადებდნენ. დღემდე ისინი Boeing-ისთვის ნაწილების მიწოდებაში აქტიურად არიან ჩართულები.

მათი ავტომობილები პოპულარული 1950-იანებში გახდა, როცა Subaru 1500-ს, საოჯახო, კომპაქტურ ავტომობილს ამზადებდნენ. ავტოენთუზიასტებს ეს ბრენდი რალიში მიღწეული წარმატების გამოც უყვართ.

Mitsubishi

Mitsubishi-მ არსებობა დაიწყო, როგორც Fuji Heavy Industries-მა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, კომპანია გემებზე იყო ფოკუსირებული. ავიაციაში Mitsubishi-ც მეორე მსოფლიო ომის დროს ჩაერთო. Mitsubishi A6M Zero იაპონიის საჰაერო ძალების მთავარი გამანადგურებელი იყო და თავისი კარგი მანევრულობით გამოირჩეოდა. დღეს Mitsubishi Aircraft Corporation-ი სამგზავრო თვითმფრინავებს აწყობს. მათ შორის, Mitsubishi SpaceJet-ს.

Mitsubishi-მ ავტოინდუსტრიაში 1970 წელს Mitsubishi Heavy Industries Automobile Division-ის სახელით გადმოინაცვლა. თუმცა, რეალურად Mitsubishi-მ პირველი ავტომობილი 1917 წელს ააწყო. მაშინ Mitsubishi Shipbuilding Co.Ltd.-იმ Model A წარმოგვიდგინა. ეს იყო პირველი იაპონური მასობრივი წარმოების ავტომობილი. კომპანიას Pajero-მ და Lancer-მა განსაკუთრებულ პოპულარობა მოუტანა. ახლა Renault–Nissan–Mitsubishi Alliance-ის ნაწილია და ავტომობილებს მთელი მსოფლიოს ბაზრისთვის უშვებს.  

გაზიარება: