აზერბაიჯანამდე და სომხეთამდე ახალი გზის მშენებლობის გამო რამდენიმე მოქალაქეს ქონება ჩამოერთმევა
რუსთავი–წითელი ხიდისა და რუსთავი–სადახლოს საავტომობილო გზის მონაკვეთებზე რამდენიმე მოქალაქეს ქონება ჩამოერთმევა. ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს ბრძანებაშია აღნიშნული.
აღსანიშნავია, რომ რუსთავი-წითელი ხიდის გზის სიგრძე 13 კმ-ს შეადგენს. გზატკეცილი ალგეთის გზაგამტარის დასავლეთით იწყება და საქართველო-სომხეთის სარკინიგზო ხაზის გადაკვეთამდე, მარეთთან მთავრდება. რაც შეეხება რუსთავი-სადახლოს მაგისტრალს, მისი სიგრძე 16.3 კმ-ს შეადგენს.
შესაბამისად, ოფიციალური პირების გადაწყვეტილებით, პროექტის საჭიროებიდან გამომდინარე ექსპროპრიაციას (საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით) ექვემდებარება 12 მოქალაქის საკუთრებაში არსებული, ჯამურად 22139 კვ.მ ფართობის ტერიტორია — ნაკვეთებზე არსებული მრავალწლიანი ნარგავებით, ერთწლიანი კულტურებითა და სხვა აქტივებით.
როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში.
წყარო: Business Press News