ჩინური ელექტრომობილი ევროპულ უსაფრთხოების ტესტში განადგურდა
თუ ჩინური ელექტრომობილების დახვეწილი ტექნოლოგიური მახასიათებლებით მოხიბლულნი ხართ და თან ფიქრობთ, რომ ისინი ამერიკული და ევროპული ავტომობილების ღირსეული კონკურენტებიც არიან, ალბათ ეს ბოლო ტესტირებები ეჭვის საფუძველს გაგიჩენთ.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ჩინური ავტომობილი და ბრენდიც ობიექტურად საკმაოდ კარგია, ამ მოდელზე იმავეს თქმა გაგვიჭირდება. პატარა აზიურმა ელექტრომობილმა ახლახან ევროპის წამყვანი ავარიული ტესტი „ჩააბარა“, რომელიც მისმა ყველა კონკურენტმა მანამდე წარმატებით გაიარა.
საუბარია Dongfeng-ის Nammi Box-ზე, პატარა ჰეჩბეკზე, რომელიც რეალურად Renault 5-ის ან BYD Dolphin-ის მსგავსია. თუმცა, ჩამოთვლილ მოდელებს, Euro NCAP-ის ავარიული ტესტის გავლის შემდეგ შესაბამისად ოთხი და ხუთი ვარსკვლავი მიენიჭა. Box-მა კი, მხოლოდ 3-ვარსკვლავიანი შეფასება მიიღო.
ორგანიზაციის დასკვნით, შეჯახებების ტესტის დროს, ავტომობილში მრავალი წერტილოვანი შედუღება დაზიანდა, რამაც სალონის გარშემო დეფორმაციის რისკი გაზარდა, ხოლო მგზავრები ბევრად დაუცველ მდგომარეობაში დატოვა. ტესტირება, რომელიც 50 კმ/სთ სიჩქარით და 1400 კგ წონის იმავე სიჩქარით მოძრავი ბარიერის საშუალებით ტარდება, იმ ტიპის შეჯახების სიმულაციისთვისაა შექმნილი, რომლის დროსაც სიკვდილიანობისა და სერიოზული დაზიანების რისკები ყველაზე მაღალია.
თუმცა კორპუსის სტრუქტურის დაზიანება ერთადერთი შავი ლაქა არ ყოფილა. არასაკმარისად ეფექტიანი იყო ავტომობილის უსაფრთხოების ბალიშები, რადგან მისი გახსნის მიუხედავადაც, მძღოლი თავით საჭეს ეჯახებოდა.
ასევე შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ კარები ავტომატურად ვერ იხსნებოდა, რაც ავარიის შემთხვევებში მგზავრების გადარჩენას მნიშვნელოვნად ართულებს. ეს უკანასკნელი ბოლო დროს არაერთი ფატალური შემთხვევის მიზეზად იქცა - მგზავრების ნაწილი ელექტრომობილიდან ვერ გადმოდიოდა და მათ დახმარებას ვერც გარშემომყოფები ახერხებდნენ.
Euro NCAP-მა ჩინეთის საკუთრებაში არსებული Dongfeng-ი იმ ფაქტის გამოც გააკრიტიკა, რომ გვერდითი შეჯახების შემთხვევაში არანაირი უსაფრთხოების საშუალება არ არსებობდა, რაც წინა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს ერთმანეთთან შეჯახებისგან დაიცავდა. საერთო ჯამში, ამ ელექტრომობილმა მხოლოდ 69%-იანი შეფასება მიიღო - ისიც, ზრდასრული მგზავრების დაცვისთვის.
თუმცა ამ მოდელის დასაცავად შეგვიძლია ვთქვათ, რომ Dongfeng-ი ერთადერთი მცირე ზომის ჰეჩბეკი არაა, რომელმაც 3-ვარსკვლავიანი შეფასება მიიღო. მათ შორისაა VW-ის უძველესი T-Cross, თუმცა ის გამონაკლისია, რადგან VW-ის სხვა მოდელებს 5-ვარსკვლავიანი შეფასებები აქვთ.