რუსეთში დეფიციტის გამო გაზავებული ბენზინის გაყიდვა დაიწყეს
NSN-ის ცნობით, საწვავის დეფიციტის გამო რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე გაზავებული ბენზინი გამოჩნდა.
რუსეთის ავტოსერვისთა კავშირის წარმომადგენლების განცხადებით, რუსულ ბაზარზე ბენზინის მიმწოდებლების ნაწილი ოქტანურ რიცხვს დანამატებით ზრდის, რისი მიზეზიც ზოგ რეგიონში დეფიციტის ფონზე შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობა განაპირობებს.
მსგავსი რამ რუსეთში 2000-იანი და 2010-იანი წლების მიჯნაზეც ხდებოდა.
ბენზინის დეფიციტი უკრაინის არმიის მიერ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მასობრივი განადგურების შედეგად წარმოიშვა — პროცესის, რომელიც აგვისტოს თვიდან მიმდინარეობს. ქვეყანაში ყოველი მესამე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, ანუ 20-ზე მეტი დიდი ქარხანა დაზიანდა. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) მონაცემებით, რუსეთში ნავთობის გადამუშავების მოცულობა, დაახლოებით, 10%-ით, დღეში 5 მლნ ბარელამდე შემცირდა, რაც 2026 წლის შუა პერიოდამდე ვერ აღდგება.
საწვავის ბაზარზე კრიზისის შესამსუბუქებლად მთავრობამ რუსეთიდან ბენზინის ექსპორტი აკრძალა, ასევე, ბელარუსიდან საწვავის შესყიდვები ოთხჯერ გაზარდა და საიმპორტო გადასახადი გააუქმა, რომ ჩინეთიდან, სამხრეთ კორეიდან და სინგაპურიდან მიწოდება შესაძლებელი გამხდარიყო.
ამასთან, მთავრობა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებისთვის მონომეთილანილინის (MMA) გამოყენებაზე აკრძალვის მოხსნას განიხილავს, რაც ოქტანური რიცხვის ასამაღლებელი დანამატია და წარმოებას ზრდის. ეს ნივთიერება მაღალი ტოქსიკურობისა და კიბოს რისკის გამო მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში აკრძალულია, თუმცა რუსეთში 2016 წლამდე გამოიყენებოდა.
 
წყარო: Business Press News