ფორდი ისტორიული საცავებიდან იშვიათ GT-ს ყიდის
ისტორიაში პირველად, ფორდი პირადი საცავებიდან ავტომობილს გაყიდის!
მანქანა, რომელიც აუქციონზე გამოვა, არც მეტი, არც ნაკლები, 2006 წლის Ford GT იქნება. ეს GT Heritage Edition-ის ყველაზე ადრეული გამოშვებაა — საწყისი ფასი, სავარაუდოდ, 800000 ევრო იქნება.
ლურჯი GT ნარინჯისფერი აქცენტებით... ნამდვილად ლამაზი სანახაობაა, რომელიც ლე მანის რბოლებზე ფორდის ტრიუმფის მოსაგონებლად შექმნეს — რა თქმა უნდა, ეს მოდელი მხოლოდ ვიზუალური სიამოვნება არ არის — 5.4-ლიტრიანი V8 ძრავა 500 ცხენის ძალითა და 678 ნიუტონიანი მაბრუნი მომენტით, რომელიც უკანა ბორბლებამდე გადაცემათა 6-სიჩქარიანი, მექანიკური კოლოფით მიდის.
ამ მოდელს ამერიკული კომპანია მარკეტინგული მიზნებით იყენებდა, მას შემდეგ კი ისტორიული კოლექციის ნაწილია. თუ თქვენ ხართ ის ბედნიერი, ვინც GT-ის შესაძენად იბრძოლებს, ამისათვის არიზონაში გამგზავრება და ქალაქ სკოტსდეილში ბარეტ-ჯექსონის 2025 წლის საშემოდგომო აუქციონში მონაწილეობა მოგიწევთ.
თუ ფიქრობთ, რომ ეს ავტომობილი აწყობის დღიდან ავტოფარეხში ინახება, ცდებით... ოდომეტრი 8435 მილს უჩვენებს, რაც ატლანტის ოკეანის გადმოღმა მცხოვრები ადამიანებისთვის 13600კმ-მდე დაფარულ მანძილს ნიშნავს. გარდა ამისა, GT ორ საგზაო ინციდენტშიც მონაწილეობდა — ერთ შემთხვევაში, უკნიდან მომავალი მანქანა დაბალი სიჩქარით დაეჯახა, ხოლო მეორე შემთხვევაში, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და თხრილში ჩავარდა, რის შედეგადაც სპორტქარის ქვედა ნაწილი ოდნავ დაზიანდა (ამ მიზეზებით ყიდვას ნუ გადაიფიქრებთ, ორივე მათგანი 20 წლის წინ მოხდა და GT-ს შეკეთებაზეც კომპანიამ იზრუნა).
ნებისმიერ შემთხვევაში, ავტომობილის მყიდველი ერთ-ერთ ყველაზე იშვიათ და განსაკუთრებულ ფორდს დაეპატრონება.