Volvo-ს ფინანსური პრობლემები და მათი გადაჭრის ხერხები
ელექტრონული და ავტონომური ავტომობილების პროექტებს საფრთხე არ ემუქრება.
კორონავირუსის პანდემიის გამო ძალიან ბევრი ავტომწარმოებელი რთულ ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. კომპანიებს ქარხნების დაკეტვა და საწარმო პროცესების გაჩერება მოუწიათ, რათა ვირუსის გავრცელების ტემპები შემცირებულიყო. ავტოსალონები დაიკეტა, გაყიდვები შეწყდა. ბევრ კომპანიას კრედიტის აღება, ზოგერთს თანამშრომლების ხელფასის შემცირება მოუწია ან ორივე ერთად. პანდემიის გამო საკმაოდ ბევრი ახალი მოდელის შემუშავება, წარდგენა და გამოშვება გადაიდო. შესაძლოა, ეს „ვოლვოსაც“ შეეხოს.
„ვოლვოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა Håkan Samuelsson-მა ერთ ერთ განცხადებაში ახსენა, რომ კომპანია ხარჯის შემცირების მიზნით ბიზნესის რამდენიმე ასპექტს უნდა გადახედოს. ხარჯის შემცირების ყველაზე ეფექტური ხერხი კვლევა-შემუშავების დეპარტამენტის და ავტომობილების საარსებო ციკლის ეტაპობრივი განახლებების, ე.წ. „facelift”-ის პროექტებზე უარის თქმა არის. აღმასრულებელი დირექტორის თქმით, მათ ათასობით მიმდინარე პროექტი აქვთ და შექმნილი ვითარების ფონზე უნდა გადაარჩიონ და მხოლოდ ყველაზე მნიშნვნელოვანი და მომგებიანი პროექტები დარჩეს.

ვიზუალური განახლებები ასევე დისკუსიის საკითხი გახდა, „facelift-ი“ რამდენად მიზანშეწონილია. დიდი ალბათობით, „ვოლვო“ General Motors-ს მიბაძავს, რომელმაც წინა თვის ბოლოს გამოაცხადა, რომ მოდელების ამ წლისთვის დაგეგმილი განახლებები გადაიდო.
„ვოლვო“, როგორც ავტომწარმოებლების უმეტესობა, საკმაოდ რთულ სიტუაციუაში აღმოჩნდა. შესაბამისად, ის წარმოების სტრატეგია სწორად უნდა შეიმუშავოს. Samuelsson-მა ახსენა, რომ ავტონომური და ელექტრონული ავტომობილების შექმნა-განვითარება კომპანიისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის პროექტებისგან შედგება. მანვე დაამატა, რომ არსებობს სამი „აბსოლუტური პრიორიტეტი, რომლის შეცვლა არსებულ სტრატეგიას გაანადგურებს.“

Volvo-ს შვილობილი კომპანიის ელექტრომობილი: Polestar 2
IHS Markit-ის კვლევის შედეგების მიხედვით დადგინდა, რომ ავტოინდუსტრიის კვლევის ბიუჯეტის წელს 17%-იანი, ხოლო 2021-ში - 12%-იანი შემცირებაა მოსალოდნელი. ანალოგიური სიტუაცია ავტომობილების შემუშავების ბიუჯეტშიც არის და ეს მომდევნო წლების ავტოინდუსტრიაზე საგრძნობლად აისახება.