Aa Aa
11 ივლისი 2022  |  15:23

Gallardo-ს შთაგონებით შექმნილი „ოფროუდერი“ Lexus-ის ძრავით

თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ ტაილანდში ავტომობილები უყვართ. ქვეყანაში უამრავი სახელოსნო და ფარეხია, სადაც ენთუზიასტებს საშუალება ეძლევათ გიჟური იდეები განახორციელონ. ამ სტატიაში კი ასეთ მაგალითზე მოგიყვებით.

CB Media-ზე გასაჯაროებულ ვიდეოში ერთ-ერთი სახელოსნოა ნაჩვენები, რომელიც სუპერქარების ასლების შექმნით არის დაკავებული. იქ მომუშავე მექანიკოსები ამ მომენტში Lamborghini Gallardo-ს და Aventador-ის ასლებს ქმნიან. ამ ორიდან კი Gallardo-ს შთაგონებით შექმნილი „ოფროუდერი“ განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს.



Gallardo-ს ეს უნიკალური ასლი Toyota Hilux-ზეა დაფუძნებული. კორპუსის წინა ნაწილში მას Lexus-ის ძრავა აქვს. თავად კორპუსი კი Gallardo-ს ფორმებს თითქმის იდენტურად იმეორებს. წინა ნაწილში ბამპერი 2012 წელს გამოსული LP560-4-ის მსგავსია. სპორტული მაშუქები და მასთან არსებული პანელები კი ნამდვილ Lamborghini-ის მოგაგონებთ. ასლებს ხშირად ეტყობა, რომ ნაწილები არაორიგინალია. ამ პროექტის ნახვისას კი ასეთი შეგრძნება არ დაგეუფლებათ. თუ, რა თქმა უნდა, „ოფროუდის“ კოსტიუმში გამოწყობას არ გავითვალისწინებთ.

მოდელს უგზოობაში სასიარულოდ უზარმაზარი ბორბლები აქვს. Lexus-ის ძრავიდან წამოსული სიმძლავრე ოთხივე საბურავზე განაწილდება. დიდი მსგავსებაა ინტერიერშიც, რომელსაც ჯერ კიდევ დიდი მუშაობა სჭირდება. 



ეს Gallardo ერთადერთი დამაინტრიგებელი ნაშრომი არ გახლავთ. კომპანია Gallardo-ებისა და Aventador-ების ასლებზე მუშაობს, რომლებიც Toyota Crown-ზე არის დაფუძნებული. ამ მანქანებში ძრავის შუაში განთავსებაც იგეგმება, რაც მართვადობაზეც დადებითად აისახება. ძალოვანი აგრეგატის შერჩევა კი მომხმარებლის სურვილებზეა დამოკიდებული. მაგალითისთვის, ერთ-ერთ მოდელში Audi-ის V6-იც შეგხვდებათ.

რა ღირს ეს კარგად შესრულებული ასლები? Lamborgini Gallardo-ს კლასიკური რეპლიკა 60 000$ ღირს. ეს „ოფროუდერი“ Gallardo კი უკვე 45 000$-ად არის გაყიდული.

გაზიარება: