„მერსედესის“ ჰიპერ ჰეჩბეკი: 2019 Mercedes-AMG A45 S
2013 წელს „მერსედესმა“ პირველი A45 AMG წარადგინა. ავტოინდუსტრიის ექსპერტები გაოგნებულნი დარჩნენ. ყველა ავტოჟურნალსა და გადაცემაში გაოცებული ჟურნალისტებისა და კრიტიკოსების ახალი „ა კლასის“ შეფასებები გვხვდებოდა. საღი აზროვნების ფარგლებში ვერ ჯდებოდა ის ფაქტი, რომ 2-ლიტრიანი ძრავიდან 355 ცხენის ძალა ამოიღეს, თანაც ისე, რომ საწვავის ეკონომიასა და ძრავის სიცოცხლისუნარიანობაზე ეს ნეგატიურად არ აისახა. მიუხედავად ასეთი ტექნოლოგიური პროგრესისა, „ნორდშლაიფზე“ მან რეკორდების დამყარება ვერ მოახერხა და მისი კონკურენტი VW Golf R პედესტალიდან ვერ ჩამოაგდო.

გადიოდა დრო და „ცხელი ჰეჩბეკების“ კლასი უფრო და უფრო იხვეწებოდა. ჯერ ახალმა Honda Civic Type R-მა „გოლფს“ გვირგვინი წაართვა, შემდგომ კი Renault Megane Trophy R.S.-მა. „მერსედესის“ ინჟინრები ამ ყველაფერს უყურებდნენ, ჩანაწერებს აკეთებდნენ და 2019 წელს განახლებული „ა კლასი“ gamouSves – Mercedes-AMG A45 S. თუ მისი წინა მოდელი „ცხელ“ ჰექჩბექებს მიეკუთვნებოდა, ახალი უკვე ცდება ამ კლასის ჩარჩოებს. ცალკე კლასია შესაქმნელი: „ჰიპერ ცხელი ჰეჩბექი“. იმავე მოცულობის ძრავისგან, ახლა უკვე 415 ცხენის ძალა ამოიღეს.

ხშირ შემთხვევაში, ავტომწარმოებლის მიერ მოდელის განახლების შედეგად ვიზუალური მხარე იცვლება და ავტომობილს ოდნავ მეტი ცხენისძალაა აქვს ხოლმე. 2019 წლის A45 S-ი მისი წინაპარისგან რადიკალურად განსხვავდება. პირველი, რაც თვალში გვხვდება არის უფრო აგრესიული და აეროდინამიკული დიზაინი. უკანა ფრთის განახლებული ვარიანტი არა მხოლოდ ესთეტიკურ ფუნქციას ასრულებს, არამედ 415 ცხენის დამორჩილებაშიც გეხმარებათ. A 45 S-ს ჩვეულებრივი 45-სგან 19-იანი დისკები ასხვავებს. ამ დისკების უკან 6-დგუშიანი მუხრუჭები წინ და 4-დგუშიანი უკან თავს იმშვენებს.

ინტერიერში მოხვედრისას ხვდებით, რომ ნამდვილად „მერსედესში“ ხართ. სალონში ძალიან კომფორტული და კარგი გვერდითა დამჭერის მქონე სავარძლებია. სტანდარტული მაჩვენებლთა დაფის ნაცვლად, გვხვდება ორი 26 სმ-იანი ეკრანი. ერთზე ასახულია სპიდომეტრი, ტახომეტრი და სხვა საჭირო მაჩვენებელი, მის გვერდით კი გასართობ-საინფორმაციო ეკრანია.

AMG Perfomance-ის მულტიფუნქციური საჭე, რომელიც A45 S-ის საბაზო კომპლექტაციაში შედის, ზუსტი მართვის საწინდარია. თან ერთი ძალიან საინტერესო ფუნქცია აქვს: მართვის რეჟიმები საჭიდანვე შეგიძლიათ აირჩიოთ, რათა ავტომობილის მართვას არ მოცდეთ.

ახალი „ა კლასის“ მართვა A45-ის მართვას არანაირად არ ჰგავს, ბევრად უფრო დინამიური და სასიამოვნოა. პირველი შესანიშნავი სხვაობა ძრავის ქცევაშია. თუ წინა მოდელში მაღალ ბრუნზე ძრავა, ატმოსფერულის მსგავსად, ეფექტური აღარ იყო, ახლა მაბრუნი მომენტის პიკი უფრო მაღალ ბრუნზეა (5 000 ბრ/წთ) (წინა მოდელში მაბრუნი მომენტის პიკი 3 500 ბრ/წთ-ზე იყო). 0-100-ამდე აჩქარება სულ რაღაც 3.9 წამს საჭიროებს. ეს კი უკვე „სუპერქარების“ ტერიტორიაა. ძალიან საინტერესო რეაქცია ექნებათ Ferrari-ს მფლობელებს, როდესაც შუქნიშნიდან დაძვრისას, მხედველობიდან წამებში დაეკარგებით. სად საოჯახო 4-კარიანი ჰეჩბექი და სად “Ferrari”-ს სუპერქარი...

გახსოვთ, მეოთხე თაობის Ford Focus-ზე დრიფტის ღილაკი რომ არსებობს? ანალოგიური რამ აქვს ახალ „ა კლასს“. ახალი Torque Vectoring სისტემის ხარჯზე AWD „მერსედესს“ დრიფტიც შეუძლია. ეს ფუნქცია ნამდვილად მხოლოდ გასართობად არის, მაგრამ ეს სისტემა საბურავებს შორის 415 ცხენის ძალის სწორ განაწილებას უზრუნველჰყოფს.
Mercedes-AMG A45 S სუფთა სარბოლო იარაღია. ამ ავტომობილში ყველაფერი ისეა შეფუთული, რომ ტრეკზე სიარულისას ნანომეტრებს უმიზნებდე, რათა უკეთესი დრო აჩვენო. ამისთვის A45 S-ს MBUX-ის ტელემეტრიის სისტემა აქვს, სადაც ირჩევთ ტრეკს და პროგრამა დროის და სხვა მონაცემების ათვლას იწყებს.
AMG-ს ნაწილი ცალსახად ავხსენით, თუმცა Mercedes იმიტომ არის, რომ პრაქტიკული ავტომობილია, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან გამოსადეგია. სალონში ოთხი ადამიანი ძალიან მარტივად მოთავსდება, თუმცა მაღალი ადამიანებისთვის უკან ჯდომა შეიძლება ცოტა არაკომფორტული აღმოჩნდეს. მიუხედავად ასეთი მძლავრი ძრავისა, საკმაოდ ეკონომიურია. სულ რაღაც 7,5 ლიტრს წვავს 100 კილომეტრზე. 56-ლიტრიანი საწვავის ავზი კი საკმაოდ შორ მანძილებზე მგზავრობას უზრუნველყოფს და ბენზინგასამართი სადგურების იშვიათი სტუმარი იქნებით.

ახალი Mercedes-AMG A45 S მოსაბეზრებელი მანქანა ნამდვილად არ არის. თანამედროვე ტექნოლოგიების მქონე პატარა სასწაულია, რომელიც ყოველდღე დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ, ქალაქსა თუ ტრეკზე, მარტო, ოჯახის წევრებსა თუ მეგობრებთან ერთად.
ყველაფერი კარგია, მაგრამ მთავარი კითხვა ისაა, თქვენ გადაიხდიდით თუ არა 66 499$-ს ამ მოდელში? ეს კითხვა დიდი ალბათობით ბევრ ადამიანში დავის საკითხი გახდება, თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ ამ ფასში თქვენ ყიდულობთ ექსკლუზიურ ავტომობილს. ამ ყველაფერს მის უნივერსალურ შესაძლებლობებს და ინოვაციურ ტექნოლოგიებს თუ დავამატებთ, მაშინ მხოლოდ ფასის გამო ნუ განვსჯით, მივიღოთ ისეთი, როგორიც არის.
