თბილისი, მევლუდ მელაძე, რუსთაველის გამზირი, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია
Aa
Aa

„არის რისკი გაიზარდოს გადაადგილების დრო, რუსთაველთან მდებარე წვრილი ქუჩები დაიტვირთოს“ | მევლუდ მელაძე ახალ სატრანსპორტო სქემაზე

„არის იმის რისკი, რომ გადაადგილების დრო კი არ შემცირდეს, არამედ გაიზარდოს და რუსთაველის ირგვლივ არსებული წვრილი ქუჩები დაიტვირთოს“, — ასე აფასებს „ბიზნესპრესნიუსთან“ „საქართველოს საავტომობილო ფედერაციის“ ვიცე-პრეზიდენტი მევლუდ მელაძე რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ რუსთაველის გამზირზე ახალი სატრანსპორტო სქემის ამოქმედებას.

როგორც გუშინდელი სხდომიდან გაირკვა, შუქნიშნით რეგულირებული ახალი სატრანსპორტო კვანძების მოწყობის შემდეგ რუსთაველის გამზირის მკვეთ ქუჩებზეც შესაძლებელი იქნება მარცხნივ მოხვევა და შედეგად მთაწმინდისკენ მიმავალ ავტომობილებს აღარ მოუწევთ გამზირის ტრანზიტულად გავლა და ზეთისხილის ხესთან მოტრიალება.

ამასთან, სანაპიროდან პირდაპირ შესაძლებელი იქნება მთაწმინდის ზედა ქუჩებზე ასვლა და უკუმიმართულებით პირდაპირ სანაპიროზე ჩამოსვლა. ასევე, მთაწმინდიდან ჩამოსვლისას მძღოლებს აღარ მოუწევთ თავისუფლების მოედნამდე გადაადგილება და მარცხნივ მოხვევით პირდაპირ გავლენ კოსტავას ქუჩის მიმართულებით.

როგორც მევლუდ მელაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ განმარტავს, პროექტის ეფექტურობა პრაქტიკაში გამოჩნდება და გადამწყვეტი მნიშვნელობა შუქნიშნების სინქრონიზაციას ექნება.

„მოსაზრების დონეზე საინტერესოა, თუმცა პრაქტიკაში გამოჩნდება, რამდენად იმუშავებს ეს ყველაფერი. როგორც წერია, საინტერესოდ გამოიყურება, მაგრამ პრაქტიკულად როგორ იმუშავებს, მთავარი ესაა. მე და სხვა სპეციალისტები, რომლებიც პრაქტიკოსები ვართ, შემდეგ უკვე იმას ვაფასებთ, რაც ნახაზზე იყო შექმნილი, რაც კაბინეტებში იქმნება და დასკვნებს სწორედ ამის მიხედვით ვაკეთებთ.

ვნახოთ, როცა ეს ყველაფერი განხორციელდება, რა შედეგს მოგვცემს, რადგან ამის დახაზვისა და დათვლის პროცესში არ ვიყავი ჩართული. შესაბამისად, როცა უკვე ფუნქციური გახდება, მაშინ შევაფასებ, რამდენად იმუშავა თუ არ იმუშავა კონკრეტულმა პროექტმა. ეს ყველაფერი ბევრი წვრილმანისგან შედგება, ასე მარტივი არ არის. კონკრეტული გზაჯვარედინები, რომლებიც ყველა მხრიდან გაატარებს ავტომობილებს, ავტომატურად გულისხმობს, რომ იმ მხარეებს, რომლებსაც იმ მომენტში არ ატარებს, უფრო მეტ ხანს აჩერებს.

აქ მთელი ამბავი ის არის, რომ შუქნიშნების ერთმანეთთან სინქრონიზაცია იქნება საჭირო. დაგვჭირდება სხვადასხვა ვერსიის დატესტვა და შედეგიც ამის მიხედვით დადგება. რამდენად მუშა იქნება ეს, სწორედ პრაქტიკულ ნაწილში გამოჩნდება. ეს ყველაფერი კარგად გამოიყურება, რადგან ავტომობილებს აღარ მოუწევთ უფრო მეტი მანძილის გავლა იმისთვის, რომ კონკრეტული დანიშნულების ადგილამდე მივიდნენ, მაგრამ გააჩნია, ეს ყველაფერი როგორ იქნება ერთმანეთთან ბმაში.

აქ ერთ კონკრეტულ გზაჯვარედინზე არ არის საუბარი, მთლიანი ციკლია, რომელიც ერთმანეთს კრავს და აფერხებს. ეს ყველაფერი ისე უნდა იყოს გაკეთებული, რომ ერთმანეთს ხელს არ უშლიდეს. თუ ისეა მოდელირებული, რომ ერთმანეთს ხელს არ უშლის და კონკრეტულ მიმართულებებზე ჩახერგვებსა და დროის გაწელვას არ გამოიწვევს, მაშინ კარგი იქნება“, — აცხადებს მევლუდ მელაძე.

„ბიზნესპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ, რა კონკრეტულ რისკებს შეიძლება შეიცავდეს ახალი სქემა, მელაძე აცხადებს, რომ ეს არის გადაადგილების დროის ზრდა, მისი შემცირების ნაცვლად.

„რისკი არის ის, რომ იმის მაგივრად, ჩვენი ტრანსპორტირების დრო შემცირდეს, შესაძლოა, პირიქით, გაიზარდოს. თუ ეს ერთმანეთთან ბმაში არ იმუშავებს, მაშინ გადაადგილების დრო შეიძლება გაიზარდოს, ნაცვლად იმისა, რომ შემცირებულიყო. რუსთაველის გამზირს ჰქონდა ერთი უდიდესი უპირატესობა — მართალია, არ იყო მოქნილი ქვეითებისთვის, რაც უნდა ვაღიაროთ, მაგრამ იყო მოქნილი ტრანსპორტირების მხრივ.

შეფერხება თითქმის არ გვხვდებოდა და როგორც საზოგადოებრივი, ისე კერძო ტრანსპორტი ახერხებდა კონკრეტული მონაკვეთის ძალიან სწრაფად დაძლევას, ანუ გადაადგილების სიჩქარე საკმაოდ მაღალი იყო. რამდენიმე გზაჯვარედინისა და შუქნიშნის შექმნა, სავარაუდოდ, გამოიწვევს ამ გადაადგილების დროის გაწელვას. უფრო მეტი დრო იქნება საჭირო იმიტომ, რომ მეტი კვანძისა და შუქნიშნის გავლა მოგიწევს.

თუმცა, ამას თუ დააბალანსებს ორი რამ: ერთი, რომ ქვეითებზე იმდენად იქნება მორგებული, რომ მათ უფრო გაუადვილდებათ კონკრეტული ქუჩის გადაკვეთა, ან, მაგალითად, მძღოლი სანაპიროდან პირდაპირ ავა მთაწმინდაზე და იმის გამო, რომ წრე არ დაარტყა, ამან შეუმცირა დრო, მაშინ, რა თქმა უნდა, კარგი იქნება.

უბრალოდ, არის იმის რისკი, რომ გადაადგილების დრო კი არ შემცირდეს, არამედ გაიზარდოს და დაიტვირთოს რუსთაველის ირგვლივ არსებული სხვა წვრილი ქუჩები, როგორც ზედა, ისე ქვედა მხარეს, რათა ადამიანებმა ტრანსპორტირების ხანგრძლივობა სწორედ ამ გზით შეიმცირონ“, — განაცხადა მევლუდ მელაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“.

წყარო - bpn.ge

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ასევე დაგაინტერესებთ
    „რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება“, — კალაძე
    „რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება“, — კალაძე