შუმახერის საიდუმლო Porsche | Ferrari გერმანელს ამ მოდელის საჯაროდ გამოჩენას უკრძალავდა
Formula 1-ის ლეგენდის, მიხაელ შუმახერის კუთვნილი შავი ფერის Porsche Carrera GT აუქციონზე გასაყიდად გამოდის. 2004 წელს გამოშვებული სუპერქარი სპეციალურად გერმანელი მრბოლელისთვის შეიძინეს, თუმცა Ferrari-სთან გაფორმებული კონტრაქტის პირობებით შუმახერს მისი საჯაროდ გამოჩენისა და რეკლამირების უფლება არ ჰქონდა.
ამის გამო მოდელი შუმახერის მენეჯერის, ვილი ვებერის სახელზე გაფორმდა და მას სარგებლობაში გადაეცა. ამის შესახებ ავტომობილის დოკუმენტებშიც წერილობით არის დადასტურებული.

რატომ აუკრძალა Ferrari-მ შუმახერს მანქანის გამოჩენა?
საქმე იმაში გახლავთ, რომ იმ დროს Ferrari Fiat Group-ში შედიოდა, კონტრაქტი კი შუმახერს ოფიციალური ღონისძიებების ფარგლებში მხოლოდ ამ ჯგუფში შემავალი ბრენდების ავტომობილების გამოყენების უფლებას აძლევდა. ხოლო Porsche კონკურენტ ავტომწარმოებელს წარმოადგენდა. შესაბამისად, შუმახერს Porsche-ით ოფიციალურ ღონისძიებებსა და საჯარო შეხვედრებში გამოჩენა ეკრძალებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ Porsche მისი მენეჯერის, ვილი ვებერის სახელზე იყო გაფორმებული, მანქანა შუმახერის პირადი სარგებლობისთვის შეიძინეს. როგორც გითხარით, ამის დამადასტურებელი დოკუმენტებიც ავტომობილის ისტორიაში ინახება.

ახლა კი ავტომობილი გასაყიდადაა გამოტანილი. Mecum Auctions-ის საშუალებით ის 2027 წლის 16 იანვარს გახდება ხელმისაწვდომი. ახალი მფლობელი Porsche-სთან ერთად ამ ავტომობილთან დაკავშირებულ მოგონებებსაც მიიღებს. მაგალითად, მანქანის ისტორიაში შუმახერის საჭესთან ყოფნის ამსახველი ფოტოები ინახება, ასევე Porsche-ს უკანა ნაწილზე ინიციალები MS-იც დატანილია. ამასთან, მანქანის მანუალში შუმახერის ბოლო სარბოლო ჩაფხუტია გამოსახული.
მიუხედავად ცნობილი მფლობელისა, ავტომობილს საკმაოდ მოკრძალებული დიზაინი აქვს. როგორც გამოცემა Motorious-ი აღნიშნავს, ეს დიზაინი გარკვეულწილად მის ისტორიასაც შეესაბამება — ავტომობილი თავისი ნამდვილი მფლობელით საჭესთან ვერ გამოჩნდებოდა.

Porsche Carrera GT-ს ამ მონაცემებით დაახლოებით 14 500 კილომეტრი აქვს გავლილი. ამ მანძილის დაახლოებით ნახევარი კი ვილი ვებერის საკუთრებაში.
2013 წლის დეკემბერში სათხილამურო ტრასაზე მომხდარი მძიმე შემთხვევის შემდეგ შუმახერის ოჯახი საზოგადოებრივი ყურადღებისგან მოშორებით აგრძელებს ცხოვრებას. თუმცა ლეგენდარული გერმანელის ჯანმრთელობისადმი ინტერესი საკმაოდ მაღალია.

შუმახერის სარბოლო წარსულის გათვალისწინებით კი მის პირად საკუთრებაში არსებული მანქანების აუქციონზე გამოჩენა ყოველთვის მაღალ მოთხოვნას იწვევს. მოთხოვნა მათ საბოლოო ღირებულებაშიც აისახება. მაგალითად, შუმახერის F1 ბოლიდიც აუქციონზე $18 მილიონად გაიყიდა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს