აშშ, ფორდი, ჯენერალ მოტორსი, სამხედრო ტექნიკა, ჯიემი, დრონების წარმოება
Aa
Aa

აშშ-ის არმია GM-სა და Ford-ს დამრტყმელი დრონების წარმოებაში დახმარებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ადგილობრივ კომპანიებთან სამხედრო აღჭურვილობის წარმოებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, რაც General Motors-ის მასობრივი წარმოების გამოცდილების გამოყენებასაც ითვალისწინებს რაკეტების დასამზადებლად. თუმცა, The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ახლა პენტაგონს ავტომწარმოებლების დახმარება დამრტყმელი და სადაზვერვო დრონების წარმოებაშიც სჭირდება.

გამოცემის ცნობით, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობამ ავტომწარმოებლებსა და არასაავტომობილო ინდუსტრიულ კომპანიებს მას შემდეგ მიმართა, რაც გაირკვა, რომ ამერიკულ დრონების მწარმოებელ კომპანიებს არ გააჩნიათ საკმარისი გამოცდილება და სიმძლავრე სათადარიგო ნაწილების იმ რაოდენობით საწარმოებლად, რასაც სამხედროები ითხოვენ.

ასევე იხილეთ:  როგორ გაანადგურეს სამოქალაქო პიკაპებმა მუამარ კადაფის ტანკები? 

WSJ-ის წყაროების თანახმად, ისეთი ავტოგიგანტები, როგორებიც GM-ი და Ford-ი არიან, მხოლოდ დრონების კომპონენტებს დაამზადებენ და არა მზა საფრენ აპარატებს. გასაგები მიზეზების გამო, ავტომწარმოებლები პოტენციურ კონტრაქტებს სიფრთხილით ეკიდებიან — კომპანიებს აშფოთებთ საზოგადოების თვალში იმიჯის შელახვის საფრთხე, რაც იარაღის წარმოებასთან კავშირს შეიძლება მოჰყვეს. ასევე, ავტომწარმოებლები უფრთხიან დაბალ მოგების მარჟასა და სტაბილური, გრძელვადიანი მოთხოვნის გარანტიების არარსებობას.

თავის მხრივ, პენტაგონის შეფასებით, სამხედრო დრონების ბაზრის მოცულობამ შესაძლოა 30 მილიარდ დოლარს მიაღწიოს — უწყებამ რამდენიმე სამხედრო შტოსთვის დრონების შემუშავების პროგრამები გააერთიანა, რათა უფრო მსხვილი კონტრაქტორებისთვის მიმზიდველი შეკვეთები შეექმნა.

ავტომწარმოებლების შეიარაღებულ ძალებთან მუშაობის იდეა ახალი სულაც არ არის. მეორე მსოფლიო ომის დროს დეტროიტის „დიდმა სამეულმა“ სამოქალაქო ავტომობილების წარმოება შეაჩერა და აშშ-ის მთავრობისთვის თვითმფრინავებიდან და ტანკებიდან დაწყებული, საბრძოლო მასალებით დამთავრებული, ყველაფერს აწარმოებდა.

მსგავსი შეთანხმებები მთელ მსოფლიოში ფორმდება: ფრანგულმა Ranault-მა, რომელიც ამჟამად თავისი მეგობრული ელექტრომობილებით არის ცნობილი, თავდაცვის გიგანტ Thales-თან ერთად დრონების წარმოების ვალდებულება აიღო. Reuters-ის ცნობით, იაპონიის მთავრობაც ცდილობს დაარწმუნოს ადგილობრივი საავტომობილო ბრენდები, ჩაერთონ დრონების წარმოებაში, თუმცა Toyota, Honda და Nissan-ი ჯერჯერობით თავს იკავებენ.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    შეჯავშნულმა Grenadier-მა შესაძლოა ბრიტანეთის არმიის მოძველებული Land Rover-ები ჩაანაცვლოს
    შეჯავშნულმა Grenadier-მა შესაძლოა ბრიტანეთის არმიის მოძველებული Land Rover-ები ჩაანაცვლოს