ტოპ გირი, გორდონ რემზი
Aa
Aa

ოფიციალურად: Top Gear-ი ბრუნდება და მას შეფი გორდონ რემზი გაუძღვება

საკულტო საავტომობილო შოუ Top Gear-ი ტელეეკრანებზე გრანდიოზული დაბრუნებისთვის ემზადება — გადაცემის ახალი მთავარი წამყვანი კი მსოფლიოში ცნობილი შეფ-მზარეული, ტელევარსკვლავი და გამორჩეული ავტომოყვარული გორდონ რემზი იქნება.

რემზი Top Gear-ის მთავარ სავარძელს დაიკავებს და თანაწამყვანების სრულიად ახალ გუნდსა და, რა თქმა უნდა, ლეგენდარულ „სტიგს“ გაუძღვება. თუმცა, არ იფიქროთ, რომ მაყურებელს მხოლოდ მშრალი და რაციონალური სამომხმარებლო რჩევები ელის.

პირიქით — შეფი და მისი გუნდი მაყურებელს კვლავ იმ თავგადასავლებს, ექსტრემალურ ტრიუკებს, იუმორსა და ქაოსს შესთავაზებენ, რომლითაც Top Gear-მა ავტოჰოლიკების მთელი თაობა გამოზარდა. გადაღებები დანსფოლდის აეროდრომზე, ისე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გაიმართება.

შოუს აქტიური გადაღებები მომავალ წელს დაიწყება, ბრიტანელი მაყურებელი კი განახლებულ Top Gear-ს ეკრანებზე 2028 წლიდან იხილავს. თავად გორდონ რემზი ახალ გამოწვევას დიდი ენთუზიაზმით ხვდება:

„ავტომობილებით ჩემი გატაცება ბავშვობაში დაიწყო, როდესაც სილვერსტოუნის ტრასიდან ერთი მინდვრის მოშორებით ვიზრდებოდი. ღობეებზე ვძვრებოდი და ჩუმად ვიპარებოდი, რომ რბოლებისთვის თვალი მომეკრა. სწორედ იმ ადრეულმა აღფრთოვანებამ გამიჩინა მთელი ცხოვრებისეული ვნება მანქანების, ავტოსპორტის, დახვეწილი დიზაინისა და განსაკუთრებული ინჟინერიის მიმართ.

თავის საუკეთესო ეპოქაში Top Gear-ი ყოველთვის მოულოდნელობებზე იყო აგებული — გასაოცარი, გასართობი და ზუსტად იმ დოზის ქაოსით, რაც საჭიროა. სწორედ ამ სულისკვეთებაზე გვინდა დავაშენოთ ახალი სეზონი, შემოვიტანოთ ახალი ენერგია და ამბიცია, რათა შევქმნათ რაღაც ნამდვილად ამაღელვებელი მაყურებელთა სრულიად ახალი თაობისთვის. ეს დაუჯერებლად საინტერესო შესაძლებლობაა და ერთი სული მაქვს, როდის დავიწყებთ!“, — განაცხადა რემზიმ.

Top Gear-ის ერთგული გულშემატკივრებისთვის შეფი გორდონი უცხო სახე სულაც არ არის. გარდა იმისა, რომ ის ნამდვილი ავტომოყვარულია — მისი პირადი კოლექცია თითქმის ყველა საოცნებო სუპერქარს აერთიანებს და სარბოლო ლიცენზიასაც კი ფლობს — რემზის თავისი შესაძლებლობები ტრეკზეც არაერთხელ დაუმტკიცებია.

იგი გადაცემაში სტუმრად სამჯერ იყო მიწვეული: ერთხელ Top Gear-ის სატესტო ტრასა Chevrolet Lacetti-ით 1 წუთსა და 46.3 წამში დაფარა, ხოლო სხვა ეპიზოდში ის კერძიც კი დააგემოვნა, რომელიც ჯერემი კლარკსონმა პირდაპირ ავტომობილის ძრავაზე მოამზადა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    გაიცანით გორდონ რემზის ავტომობილების 16 000 000-დოლარიანი კოლექცია
    გაიცანით გორდონ რემზის ავტომობილების 16 000 000-დოლარიანი კოლექცია