მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა BMW-სგან ახალი მოდელები მიიღეს
ზედიზედ მეხუთე წელია, რაც გერმანული ავტომწარმოებელი BMW ესპანეთის სამეფო კლუბის ფეხბურთელებს ყოველი სეზონის დასაწყისში ახალ მოდელებს გადასცემს. პარტნიორობის ფარგლებში, BMW-ის ახალი მოდელი მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მაურინიომაც მიიღო.
წელსაც „რეალის“ ფეხბურთელებმა განსხვავებულ მოდელებზე გააკეთეს არჩევანი. მაგალითად, თუ ზოგიერთი დიდი ზომის SUV-ებისკენ იხრება, სხვები არჩევანს კომპაქტურ კროსოვერებზე აკეთებენ. არიან ისეთებიც, რომლებიც უპირატესობას სპორტულ ხასიათს ანიჭებენ. აქვე უნდა ითქვას, რომ ამ სეზონზე BMW-ის მიერ მადრიდელთათვის შეთავაზებული მოდელებიდან ყველა გარკვეულწილად ელექტრიფიცირებულია.

„რეალ მადრიდის“ ფეხბურთელებს შორის ყველაზე პოპულარული მოდელი BMW XM Label აღმოჩნდა. ამ უკანასკნელზე არჩევანი 15 ფეხბურთელმა შეაჩერა. ავტომობილი V8 ბენზინის ძრავას ელექტროძრავასთან აერთიანებს და კომბინირებულად 748 ცხენის ძალას გვთავაზობს. შედეგად, XM Label 100 კმ/სთ-მდე 3.8 წამში ჩქარდება, ხოლო მხოლოდ ელექტროძრავით 88 კილომეტრის დაფარვა შეუძლია.
ეს ფეხბურთელებს საშუალებას აძლევს, სავარჯიშო ბაზამდე და უკან გადაადგილდნენ ისე, რომ გზაში „გარემო არ დააბინძურონ“. ამასთან, თითოეულ მოთამაშეს საწვრთნელ კომპლექსში მათთვის გამოყოფილ საპარკინგე ადგილზე ადგილი და დასამუხტი პორტი აქვს.
BMW XM Label-ის მფლობელები გახდნენ ასენსიო, კარერასი, როდრიგო, ბერნარდო სილვა, ბრაჰიმ დიასი, ჯუდ ბელინგემი, კურტუა, არდა გიულერი და მადრიდელთა კიდევ რამდენიმე მოთამაშე. ცნობისთვის, ამ მოდელის ღირებულება 197 228 ევროა.

ედუარდო კამავინგამ და ჟოზე მოურინიომ კი არჩევანი BMW iX-ის xDrive60-ზე შეაჩერეს. გერმანელთა სრულად ელექტრო SUV 544 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და 100 კმ/სთ-მდე 4.6 წამში ჩქარდება. ამ მოდელს 109.1 კვტსთ ტევადობის ბატარეის წყალობით, ერთი დამუხტვით 701 კილომეტრამდე მანძილის გავლა შეუძლია. მოდელის საწყისი ფასი 107 900 ევროა.
BMW iX-ის მსგავსად, სრულად ელექტროა ახალი iX3-იც, რომელიც „რეალ მადრიდის“ სამმა ფეხბურთელმა, მათ შორის, კილიან მბაპემ შეარჩიეს. მოდელის ყველაზე მძლავრი, 50 xDrive ვერსია შეუკვეთეს. ავტომობილის სიმძლავრე 469 ცხენის ძალაა, 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 4.9 წამი სჭირდება, ხოლო 108.7 კვტსთ ბატარეა 806 კილომეტრამდე სვლის მარაგს უზრუნველყოფს. მოდელის ფასი 73 150 ევროა.
შედარებით კლასიკური აღმოჩნდა ვინისიუსის არჩევანი, რომელმაც BMW-სგან i7 60 xDrive მიიღო. ეს გერმანული ფლაგმანი სედანის სრულად ელექტრო ვერსიაა, 112 კვტსთ ტევადობის ბატარეითაა აღჭურვილი და ერთი დამუხტვით 725 კილომეტრამდე მანძილს ფარავს. მოდელი 544 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე 4.8 წამში ჩქარდება. ავტომობილის დამატებითი აღჭურვილობებიდან უნდა ვახსენოთ 31.3-ინჩიანი გასაშლელი ეკრანი, რომელიც უკანა მგზავრებისთვისაა განკუთვნილი. BMW i7 60 xDrive-ის ფასი 141 750 ევროა.

თანაგუნდელებისგან განსხვავებული არჩევანი გააკეთა ფედერიკო ვალვერდემ. მან BMW iX2 xDrive30 მიიღო, სრულად ელექტრო SUV, რომლის მთავარი მახასიათებელი კუპეს სტილის დიზაინია. სრულამძრავი მოდელი 306 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 5.6 წამი სჭირდება. ჩამოთვლილ მოდელებს შორის ის ყველაზე ხელმისაწვდომია — მისი ფასი 59 750 ევროა.
ცალკე აღნიშვნის ღირსია ედერ მილიტაოსა და ანდრეი ლუნინის მიერ შერჩეული ავტომობილი. ფეხბურთელებმა არჩევანი გაცილებით სპორტულ მოდელზე, BMW M5-ზე შეაჩერეს. ეს უკანასკნელი დამუხტვადი ჰიბრიდი სედანია.
მოდელი 727 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და 100 კმ/სთ-მდე მხოლოდ 3.2 წამში ჩქარდება. M Driver's Package-ის არჩევის შემთხვევაში მისი მაქსიმალური სიჩქარე 305 კმ/სთ-ს აღწევს. ესპანეთში ამ მოდელის ფასი 169 300 ევროა.

ბოლოსთვის კი მარკ კუკურელია შემოვინახეთ, რომელმაც თანაგუნდელებისგან განსხვავებით BMW X7 xDrive60 აირჩია. არ არის გამორიცხული, მისი არჩევანი ოჯახური მდგომარეობით იყოს განპირობებული. როგორც ვიცით, ესპანელს სამი შვილი ჰყავს, X7 კი ბრენდის ერთადერთი მოდელია, რომელსაც სტანდარტულად სავარძლების სამი რიგი აქვს.
ეს მოდელი 4.4-ლიტრიანი V8 ძრავითაა აღჭურვილი, რომლის სიმძლავრე 530 ცხენის ძალას შეადგენს. ესპანეთში ამ ავტომობილის ფასი 158 550 ევროა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს