Aa Aa
25 აგვისტო 2022  |  11:05

ესპანეთში ქურდს მანქანა კიბეზე გაეჭედა

რამდენიმე დღის წინ მადრიდის მოსახლეობა უცნაური სანახაობის მომსწრე გახდა. ქურდი მოპარული მანქანით Plaza Eliptica-ს ტერიტორიაზე შევიდა. ავტმობილით კიბეებზე ასვლისას კი საფეხურებზე გაიჭედა.

36 წლის კაცმა ეს Mazda იქვე არსებული „პარკინგიდან“ მოიპარა. როგორც აღმოჩნდა, მფლობელმა მანქანა არ დაკეტა და გასაღები მანქანაში დატოვა. მანქანის მეპატრონის მეგობარმა დამნაშავის შეჩერება სცადა, თუმცა, უშედეგოდ.

მოგვიანებით ქურდი ავტობუსების სადგომში შევიდა. მან შუშის რამდენიმე კარი ჩაამტვრია და კიბეზე გადაწყვიტა ასვლა. ქურდის შეჩერება საფეხურებმა შეძლო.

როგორც ზემოთ მიბმულ ვიდეოში ხედავთ, ამ ადამიანს არაფერი გამოუვიდა. მანქანა საფეხურებზე ისე გაიჭედა, რომ ვერც ზემოთ ადიოდა და ვერც ქვემოთ ჩამოდიოდა. მალევე კი პოლიციაც გამოჩნდა.

როგორც მოგვიანებით გაირკვა ეს ადამიანი ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ იყო. სწორედ ამიტომ, ის ჯერ ავტობუსების სადგურში მოხვდა და შემდეგ გაქცევა კიბით გადაწყვიტა. საბედნიეროდ, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. პოლიციელებმა დამნაშავე დააკავეს. დაკავებული მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს.

სამაშველო სამსახურმა მანქანა მაქსიმალურად ფრთხილად გადმოიტანა. როგორც ხედავთ ის საკმაოდ არის დაზიანებული. შეკეთების ხარჯებს დაზღვევა აანაზღაურებს. შემდეგში კი მფლობელი ავტომობილს აუცილებლად დაკეტავს და გასაღებსაც საგულდაგულოდ შეინახავს. 

გაზიარება: