პაგანი, პაგანი ზონდა, ჰორაციო პაგანი, ინტერვიუ
Aa
Aa

რომელია პაგანის საყვარელი ავტომობილი? — დიზაინერის ინტერვიუ Top Gear-თან

ჰორაციო პაგანი ავტოსამყაროს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურაა, რომელმაც ინჟინერია და ხელოვნება უნაკლოდ შეაზავა. Top Gear-თან ინტერვიუში ლეგენდარულმა კონსტრუქტორმა გაიხსენა თავისი პირველი ნაბიჯები, ბრენდის ფილოსოფია და ის მიზეზები, რის გამოც Pagani-ს ჰიპერქარები ავტომოყვარულების ოცნების მწვერვალად იქცა.

ჰორაციო იხსენებს, რომ Zonda-ს საჭესთან პირველად დაჯდომა მისთვის ემოციურად უმნიშვნელოვანესი მომენტი იყო, რადგან ამაზე მთელი ცხოვრება ოცნებობდა. თუმცა, ყველაზე გასაოცარი ის აღმოჩნდა, რომ ავტომობილი პირველივე წამებიდან ძალიან შინაურულად და „მეგობრულად“ იგრძნობოდა. არანაირი ზედმეტი დრამატიზმი — ყველაფერი გასაოცრად გამართულად და ჰარმონიულად მუშაობდა.

პაგანის განცხადებით, ბრენდის ფუნდამენტური პრინციპები ლეონარდო და ვინჩის ფილოსოფიას ეფუძნება, სადაც ხელოვნება და მეცნიერება ერთმანეთს ერწყმის. ამას ემატება 1980-1990-იანი წლების სარბოლო ავტომობილების ესთეტიკა და დეტალებისადმი მანიაკალური ყურადღება. Pagani-ს სახელოსნოში თითოეული მოდელი ისეთივე ოსტატობითა და ხელნაკეთი მიდგომით იქმნება, როგორც აღორძინების ხანის ოსტატების შედევრები.

ბრენდმა საფუძველი ჩაუყარა ექსტრემალური პერსონალიზაციის კულტურასაც. ჰორაციოს თქმით, მისი მიზანი ყოველთვის მომხმარებლის ნებისმიერი სურვილისა და კაპრიზის მაქსიმალური დაკმაყოფილება იყო. მოგვიანებით ეს მიდგომა სხვა ბრენდებმაც აითვისეს და დღეს ეს ინდუსტრიაში უდიდეს ბიზნეს-მიმართულებად იქცა.

თავის შემოქმედებაში იტალიელმა ინჟინერმა Zonda S Roadster-ი გამოარჩია — მისი თქმით, ამ მოდელს შემთხვევაში ბევრი რამ ინჟინრების მიერ წინასწარ გათვლილი კვლევების გარეშე, ბუნებრივად გამოვიდა იდეალური — დაწყებული საქარე მინის მწმენდავების მუშაობიდან, დამთავრებული იმით, რომ ღია სალონში ჰაერის ნაკადი მძღოლს არ აწუხებდა. ავტომობილი კუპესავით ხისტი გამოდგა, ხოლო ღია სახურავმა V12 ძრავის საოცარი ხმის გაგონების შესაძლებლობა გააჩინა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ გადაერთო ბრენდი ტურბო ძრავებზე, პაგანიმ განაცხადა, რომ Zonda-ს ძრავი ახალ ეკოლოგიურ და უსაფრთხოების რეგულაციებს აღარ შეესაბამებოდა. გარდა ამისა, Pagani-ს მოდელების სასიცოცხლო ციკლი 10-12 წელს შეადგენს, რის გამოც პროექტის დაწყებისას აუცილებელი იყო ისეთი ძრავის არჩევა, რომელიც წლების განმავლობაში სიმძლავრის მომატების საშუალებას იძლეოდა. შედეგად, Huayra-ს ტურბინირებული V12 თავდაპირველი 700 ცხენის ძალიდან ეტაპობრივად 860-870 ცხენის ძალამდე გაიზარდა და გლობალური ჰომოლოგაციაც მარტივად გაიარა.

რომელია ჰორაციო პაგანის ფავორიტი მოდელი?

კონსტრუქტორის თქმით, მისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის არცერთი მოდელი (Zonda, Huayra, Utopia) არ იჭრებოდეს მეორის ტერიტორიაზე. სამივეს სრულიად განსხვავებული ხასიათი აქვს, თუმცა ერთსა და იმავე დნმ-ს იზიარებენ.

კითხვაზე, თუ რომელს აირჩევდა სასეირნოდ, ჰორაციო პასუხობს: „ეს სრულად დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ხასიათზე გაიღვიძებს ჩემი გონება იმ კონკრეტულ დღეს, ან საით მაქვს გეზი აღებული.“

მსგავსი სიახლეები