Audi საქმეშია! — ერთი დამუხტვით გავლილი მანძილის რეკორდი A6 Sportback-მა მოხსნა
დამმუხტველი ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ბატარეების ტექნოლოგიების დახვეწასთან ერთად, ელექტრომობილების სვლის მარაგთან დაკავშირებული შიში თანდათან წარსულს ჩაბარდა. დღეს ბაზარზე მრავლად ვხვდებით მოდელებს, რომლებიც შორ მანძილზე გადაადგილებისთვის სრულიად მზად არიან.
ასევე იხილეთ: როგორ შექმნა კარლ ბენცის მოსწავლემ Audi?
აღსანიშნავია, რომ 2025 წელს გინესის მსოფლიო რეკორდი ერთი დამუხტვით ყველაზე გრძელი დისტანციის დაფარვაში Lucid Air Grand Touring-მა დაამყარა, რომელმაც 1205 კმ-ის გავლა შეძლო, თუმცა ეს შედეგი უკვე გაუმჯობესდა და ახალი რეკორდი Audi-ს ეკუთვნის!
ევროპის რალის ჩემპიონმა, მიკო მარჩიკმა, ახალი მსოფლიო რეკორდი Audi A6 Sportback e-tron performance-ით დაამყარა. რეკორდული სვლა პოლონეთში, ზაკოპანეში დაიწყო, სადაც ტატრას მთებმა რეგენერაციული დამუხტვის მაქსიმალურად გამოყენების შესანიშნავი შესაძლებლობა შექმნა.

მარშრუტმა გაიარა კრაკოვი, ვისლას ხეობა, სანდომიეჟი, პულავი, ვარშავა, პლოცკი, ვლოცლავეკი, ტორუნი, გრუდზიონძი და ჰელის ნახევარკუნძულამდე მიაღწია, რის შემდეგაც მძღოლმა უკან გამობრუნება დაიწყო. როდესაც ელექტრომობილის ბატარეას ენერგია საბოლოოდ გამოელია, ოდომეტრზე 1338 კილომეტრი იყო დაფიქსირებული — და ეს ყველაფერი მხოლოდ ერთი დამუხტვით!
ეს ნამდვილად შთამბეჭდავი ციფრია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ქარხნულად ამ მოდელის კომბინირებული სვლის მარაგი 681-იდან 776 კილომეტრამდეა. გარდა ამისა, A6 Sportback e-tron performance სულაც არ არის სუსტი ავტომობილი: ის აღჭურვილია უკანა ღერძზე განთავსებული 367-ცხენისძალიანი ელექტროძრავით, 0-დან 100 კმ/სთ-მდე 5.4 წამში ჩქარდება, ხოლო მისი მაქსიმალური სიჩქარე 210 კმ/სთ-ია.

მარჩიკის თქმით, რეკორდი დამყარდა ჩვეულებრივ, საზოგადოებრივ გზებზე, სადაც მოძრაობა გახსნილი იყო, ხოლო მარშრუტის არაერთი მონაკვეთის დაფარვა პიკის საათებში მოუწია. მიუხედავად ამისა, A6 e-tron-ის ენერგიის საშუალო მოხმარებამ რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი — ყოველ 100 კილომეტრზე 7.09 კვტ/სთ შეადგინა.
„მჯერა, რომ ელექტრომობილების ტექნოლოგია, რომელსაც Volkswagen Group-ი წლების განმავლობაში ავითარებს, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ათწლეულების განმავლობაში ჯგუფის შიგაწვის ძრავები თავიანთ სეგმენტებში ლიდერობდნენ, დღეს კი მათი ელექტრო-ტექნოლოგიებიც ინდუსტრიის სათავეშია და მიხარია, რომ ამ პოტენციალის დემონსტრირება შევძელით“ — აღნიშნა მრბოლელმა.
საინტერესოა, რომ მიკო მარჩიკი ახლა გინესის რეკორდის მფლობელია როგორც შიგაწვის ძრავიან, ისე ელექტრომობილებში. 2025 წელს მან Skoda Superb-ით ერთ ავზზე ყველაზე გრძელი დისტანციის დაფარვის რეკორდი დაამყარა — 2831 კილომეტრი, სადაც საწვავის საშუალო მოხმარება 100 კმ-ზე სულ რაღაც 2.6 ლიტრი იყო.
