Aa Aa
20 ნოემბერი 2022  |  12:05

Toyota Hilux-მა კონტროლი დაკარგა და ჰაერში აიჭრა

ავსტრალიაში Toyota Hilux-ის მძღოლი და მის გვერდით მჯდომი მგზავრი უმძიმეს ავარიას გადაურჩნენ.

მათ უკან მომავალი მანქანის სალონიდან გადაღებულ ვიდეოში შავი Toyota Hilux-ი კარგად ჩანს. მის წინ Toyota C-HR-ი მიდის. მას შემდეგ, რაც გზა ორ დამოუკიდებელ ზოლად იყოფა Hilux-ის მძღოლი საჭეს მკვეთრად იღებს და წყვეტილ ხაზს კვეთს. როგორც ჩანს, ამ მანევრის შესრულებისას მას აქსელერატორის სატერფულიდან ფეხი არ აუღია, რასაც კონტროლის დაკარგვა მოჰყვა.

პიკაპი მთელი სისწრაფით გზის მარჯვნივ გადავიდა და მოსრიალდა. საბოლოოდ Toyota ბალახზე აღმოჩნდა, რომლის ბოლოსაც პატარა ბორცვი იყო. ამ ტრამპლინივით რელიეფმა კი Hilux-ი ჰაერში გაუშვა.

YouTube-ზე გავრცელებული ვიდეოს აღწერაში ვკითხულობთ, რომ Hilux-ი სკოლის გზაზე მიდიოდა. საბედნიეროდ მასში მსხდომი ადამიანები უვნებლად გადარჩნენ.

ის, თუ როგორ მარტივად დაკარგა Toyota-მ კონტროლი ნამდვილად გასაკვირია. სავარაუდოდ, მანქანა ამ მომენტში მხოლოდ უკანა ხიდით მუშაობდა. შედეგად, აქსელერატორის სატერფულზე ფეხის შენარჩუნებამ კონტროლის დაკარგვა და ბალახის საფარზე გადასვლა გამოიწვია. არ არის გამორიცხული ისიც, რომ Hilux-ის საბურავები ბოლომდე გაცვეთილი იყო, რამაც მოცურების პროვოცირება გამოიწვია.

გაზიარება: