ავტომფლობელებისთვის სავალდებულო დაზღვევის შემოღება იგეგმება | რა ვიცით?
საქართველოში ავტომობილების მფლობელთათვის სავალდებულო დაზღვევის შემოღება განიხილება. შედეგად, ყველა ის მძღოლი, რომელიც სადაზღვევო სისტემით ნებაყოფლობით არ სარგებლობს, ვალდებული გახდება, რომ მისი ბრალეულობით მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე საკუთარი პასუხისმგებლობა დააზღვიოს.
როგორც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მომზადებული სიუჟეტიდან ირკვევა, სავალდებულო მინიმალური პაკეტის ღირებულება ამ ეტაპისთვის განსაზღვრული არაა, თუმცა განიხილება თვიურად 30-მდე ლარის გადახდა.
ასევე იხილეთ: საქართველოში, შესაძლოა, ავტომფლობელთათვის მესამე პირის დაზღვევა სავალდებულო გახდეს
ცნობისთვის, სავალდებულო დაზღვევაზე მომზადებული კანონპროექტის გაგზავნა საშემოდგომო სესიაზეა დაგეგმილი. ცვლილებების მიზეზად ავტოსაგზაო შემთხვევათა გაზრდილი რაოდენობა და საქართველოს მიერ ევროპის კავშირის წინაშე აღებული ვალდებულებები სახელდება. სტატისტიკის თანახმად, ამჟამად საქართველოს მასშტაბით ავტომფლობელთა მხოლოდ 8%-ია დაზღვეული.
როგორც სიუჟეტშია აღნიშნული, სადაზღვევო სფეროში მომუშავე ექსპერტების თქმით, ამ ცვლილებებზე საუბარი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. მათივე განცხადებით, აღნიშნული კანონი ქვეყნის ეკონომიკურ და სადაზღვევო სფეროს განვითარებას დაეხმარება და საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკურ სტაბილურობას შეუწყობს ხელს.
„ეს ნიშნავს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევებისას დაშავების ან ავტომობილის დაზიანების შემთხვევაში ადამიანს ზარალის ანაზღაურების გარანტია ექნება და კერძო პირთან დავა არ დასჭირდება“, — აღნიშნულია საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მომზადებულ სიუჟეტში.
ავტომფლობელთათვის სავალდებულო დაზღვევის კანონპროექტთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები — მათ შორის პაკეტის ღირებულება და ძალაში შესვლის დრო — სავარაუდოდ, საშემოდგომო სესიაზე, მისი განხილვის დაწყების შემდეგ გახდება ცნობილი.