სად ღირს ახალი ავტომობილი ყველაზე ძვირი | Visual Capitalist-ის რეიტინგი
ერთი და იმავე კლასის ავტომობილის ფასი სხვადასხვა ქვეყანაში ან ქალაქშიც კი, შესაძლოა თითქმის იდენტური, თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული იყოს. მაგალითად, სინგაპურში იმ ფასად, რაც ახალი ავტომობილი დაგიჯდებათ, არაა გამორიცხული, რომ სხვა ქალაქში საცხოვრებელი სახლიც კი მოგივიდეთ.
ასევე დაგაინტერესებთ: 8 გამძლე და საიმედო მანქანა, რომელსაც დამწყები მძღოლები 5000$-ად შეიძენენ
ფასებს შორის განსხვავებას რამდენიმე ძირითადი ფაქტორი განსაზღვრავს — მათ შორის, ეს შეიძლება იყოს იმპორტზე ტარიფები და მასთან დაკავშირებული სხვა ხარჯები, ასევე ავტომობილის ფლობის რეგულაციები და ა.შ.
ონლაინპლატფორმა Visual Capitalist-მა Deutsche Bank-ისა და Numbeo-ს მონაცემებზე დაყრდნობით მსოფლიოს 30 დიდ ქალაქში ახალი ავტომობილების ფასები შეადარა. მათი ღირებულება კი, საბოლოოდ, რეიტინგისთვის აშშ დოლარშია კონვერტირებული. შედარებისთვის გამოყენებულია Volkswagen Golf 1.5 ან მისი ეკვივალენტური ახალი ავტომობილი.

რატომ ღირს ახალი ავტომობილი სინგაპურში ასეთი ძვირი?
სინგაპურში ახალი ავტომობილების უჩვეულოდ მაღალი ფასი უმეტესწილად სახელმწიფოს რეგულაციებითაა განპირობებული. მაგალითად, ქალაქ-სახელმწიფო მკაცრად აკონტროლებს გზებზე ავტომობილების რაოდენობას, რაც ბოლო მონაცემებით 1 მილიონ ერთეულს შეადგენს. გარდა ამისა, აქ ავტომობილის შესაძენად Certificate of Entitlement-ის (COE) მიღებაც სჭირდებათ. ეს სერტიფიკატი მძღოლს 10 წლის განმავლობაში ფლობისა და გამოყენების უფლებას აძლევს.
ბოლო პერიოდში, COE-ს ღირებულებამ თითქმის 100 000 აშშ დოლარს მიაღწია და თან, ეს მხოლოდ სერტიფიკატის ფასია. ამაში არ შედის ავტომობილის, გადასახადებისა და სხვა მოსაკრებლების ღირებულება.

შედეგად, ახალი ავტომობილის საშუალო ფასი სინგაპურში დაახლოებით $156 200-ია. ეს თითქმის სამჯერ მეტია, ვიდრე მეორე ადგილზე მყოფ თელ-ავივში, სადაც ახალი ავტომობილი დაახლოებით $57 900 ღირს. აქვე, შედარებისთვის, ნიუ-იორკსა და პარიზში ახალი ავტომობილის ფასი დაახლოებით $35 000-ია.
სინგაპურის გამოკლებით, ქალაქებს შორის სხვაობა გაცილებით ნაკლებია. მაგალითად, ლონდონი, მილანი, ლოს-ანჯელესი, ჩიკაგო და ბარსელონა ახალი ავტომობილის ფასის მიხედვით დაახლოებით $35 000–$39 000 დიაპაზონის ფარგლებში მერყეობს. თან ეს იმის მიუხედავად, რომ ამ ქალაქებში ცხოვრების ღირებულება მნიშვნელოვნად განსხვავდება.
თუმცა, ავტომობილის შეძენის ფასი მხოლოდ ნაწილია და მისი შენახვის საბოლოო ღირებულებისგან მკვეთრად დაბალიც. თუნდაც ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ახალი ავტომობილის ფლობა და ექსპლუატაცია, საშუალოდ, წელიწადში დაახლოებით $12 863 ჯდება, რაც თვეში დაახლოებით 1 072 აშშ დოლარია.
| ქალაქი | ქვეყანა | ახალი ავტომობილის ფასი (USD) | ცვლილება (2016–2026) |
| სინგაპური | სინგაპური | $156,200 | +68% |
| თელ-ავივი | ისრაელი | $57,900 | +70% |
| კოპენჰაგენი | დანია | $51,300 | +15% |
| სტამბოლი | თურქეთი | $49,100 | +89% |
| ოსლო | ნორვეგია | $47,000 | +37% |
| ჰონგ-კონგი | ჰონგ-კონგი | $44,600 | +58% |
| ჟენევა | შვეიცარია | $44,100 | +64% |
| ამსტერდამი | ნიდერლანდები | $42,300 | +42% |
| კუალა-ლუმპური | მალაიზია | $41,800 | +20% |
| ბირმინგემი | გაერთიანებული სამეფო | $40,300 | +46% |
| დუბლინი | ირლანდია | $39,900 | +48% |
| მოსკოვი | რუსეთი | $39,000 | +134% |
| ლონდონი | გაერთიანებული სამეფო | $38,700 | +40% |
| ედინბურგი | გაერთიანებული სამეფო | $38,700 | +32% |
| ციურიხი | შვეიცარია | $38,500 | +33% |
| ჰელსინკი | ფინეთი | $37,400 | +32% |
| მილანი | იტალია | $37,100 | +62% |
| სან-ფრანცისკო | აშშ | $37,000 | +69% |
| ლოს-ანჯელესი | აშშ | $37,000 | +53% |
| ბოსტონი | აშშ | $36,600 | +63% |