ინსაიდერების ცნობით, Porshce ახალ, უნიკალურ მოდელზე მუშაობს...
საავტომობილო სამყაროში გავრცელებული ინფორმაციით, Porsche ახალ ფლაგმანურ სუპერქარზე მუშაობს, რომელიც შიდა ინდექსით S1-ის სახელითაა ცნობილი. ინსაიდერული ცნობების თანახმად, პროექტის ყველაზე სენსაციური დეტალი მისი ძალური აგრეგატია: გერმანული ბრენდი გეგმავს, უარი თქვას სრულ ელექტრიფიკაციაზე და ავტომობილი 8-ცილინდრიანი ოპოზიტური ბენზინის ძრავით აღჭურვოს.
ასევე იხილეთ: Porsche-ს შემაშფოთებელი ისტორია და აქამდე უცნობი ფაქტები
ისტორიულად, Porsche-ს 8-ცილინდრიანი ოპოზიტური აგრეგატები მხოლოდ სარბოლო ავტომობილებში (მაგალითად, ლეგენდარულ Porsche 908-ში) გამოიყენებოდა და იგი სერიულ საგზაო მოდელში არასდროს ჩადგმულა. რამდენიმე წლის წინ კომპანია მუშაობდა 5.0-ლიტრიან, 750-ცხენისძალიან Flat-8 პროტოტიპზე Cayman-ის ბაზაზე, თუმცა ეს პროექტი მაშინ სერიულ წარმოებამდე ვერ მივიდა. თუ ახალი ჭორები დადასტურდა, S1 გახდება ბრენდის ისტორიაში პირველი საგზაო პორშე, რომელიც ამ იშვიათი არქიტექტურის ძრავით გამოვა.

საინტერესოა, რომ ამ ცნობების გავრცელებამდე ცოტა ხნით ადრე, Porsche-სთან მჭიდროდ დაკავშირებულმა ატელიემ, RUF-მა, Goodwood-ის სიჩქარის ფესტივალზე საკუთარი 4.8-ლიტრიანი Twin-Turbo Flat-8 ძრავი წარადგინა, რომელიც 1000-ზე მეტ ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ავტომოყვარულებში უკვე გაჩნდა ვარაუდი, რომ Porsche-სა და RUF-ს შორის შესაძლოა ტექნოლოგიური თანამშრომლობაც კი მიმდინარეობდეს.

მოსალოდნელია, რომ ახალი სუპერქარი Porsche S1-ის სავარაუდო ღირებულება 500 000 ევროს ფარგლებში იქნება. ავტომწარმოებელმა შესაძლოა პროექტის პირველადი კონცეფცია ინვესტორებს უკვე ოქტომბერში, Capital Markets Day-ს ფარგლებში წარუდგინოს.