Tesla-ს რასობრივი დისკრიმინაციის ბრალდებით უჩივიან | სასამართლო პროცესის დეტალები
ელექტრომობილების ამერიკული მწარმოებელი Tesla კიდევ ერთი მასშტაბური სასამართლო დავის წინაშე აღმოჩნდა. კალიფორნიის სამოქალაქო უფლებების დეპარტამენტის მიერ წარდგენილი სარჩელი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის საკუთრებაში არსებულ კომპანიას რასობრივ დისკრიმინაციაში ადანაშაულებს.
კერძოდ, სარჩელის თანახმად, სარჩელი Tesla-ს ქარხანაში შავკანიანი თანამშრომლების მიმართ სავარაუდო რასობრივ დისკრიმინაციას შეეხება და ის სასამართლოს განსახილველად უახლოეს დღეებში გადაეცემა.

აღნიშნული დავა ჯერ კიდევ 2022 წლით თარიღდება. უწყების განცხადებით, Tesla-ს ერთ-ერთ ქარხანაში შავკანიანი თანამშრომლები სხვა დასაქმებულების მხრიდან სისტემატური შევიწროებისა და რასობრივი შეურაცხყოფის მსხვერპლნი იყვნენ. საქმეში ასევე ნახსენებია ქარხნის ტერიტორიაზე გაკეთებული რასისტული წარწერები და გრაფიტები და აღნიშნულია, რომ ამ ქმედებების აღსაკვეთად Tesla-მ სათანადო ზომები ვერ მიიღო.
კალიფორნიის სამოქალაქო უფლებების დეპარტამენტის მტკიცებითვე, კომპანია შავკანიან თანამშრომლებს სხვა თანამშრომლებთან შედარებით ნაკლებ ანაზღაურებას უხდიდა და მათ დაწინაურების შესაძლებლობებსაც უზღუდავდა.

Reuters-ის კითხვებზე Tesla-სა და მის ადვოკატებს კომენტარი არ გაუკეთებიათ. თუმცა კომპანია ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ მათი ორგანიზაცია დისკრიმინაციას არ დაუშვებს და ნებისმიერი თანამშრომელი, რომელიც მსგავს ქმედებაშია შემჩნეული, დაუყოვნებლივ სამსახურიდან გათავისუფლდა.
თუმცა, რეალურად, Tesla-ს სასამართლო დავა ბოლო წლების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პროცესად შეიძლება იქცეს, რომელიც აშშ-ის მსხვილ კომპანიაში დასაქმებისას რასობრივ დისკრიმინაციას ეხება. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი Tesla-ს მასშტაბი და გავლენებია, ისევე როგორც პროცესში ჩართული თანამშრომლების დიდი რაოდენობა.