ევროპაში წარმოებული ბატარეების გამოყენება ელექტრომობილებს €2 100-ით გააძვირებს
ევროპის კავშირის ახალი ინდუსტრიული პოლიტიკა — რომელიც ავტომობილებისა და მათი კომპონენტების წარმოების რეგიონში გადმოტანას და ჩინეთზე დამოკიდებულების შემცირებას ისახავს მიზნად — შესაძლოა ახალ ელექტრომობილებზე ფასების ზრდის მიზეზად იქცეს.
ასევე დაგაინტერესებთ: როგორ იგებს ჩინეთი ელექტრომობილების ომს?
Bruegel-ის, ბრიუსელში მოქმედი დამოუკიდებელი ეკონომიკური კვლევითი ინსტიტუტის, ახალი ანგარიშის თანახმად, თუ ევროპის კავშირში ელექტრომობილების ბატარეების წარმოება სავალდებულო გახდება, თითო კილოვატსაათზე მათი ღირებულება €50-დან €85-მდე გაიზრდება. შედეგად, შესაძლებელია, რომ ელექტრომობილის საშუალო ღირებულება 2 100 ევროთი მოიმატოს.
ანგარიშის ავტორების შეფასებით, დაბალნახშირბადიანი ფოლადის გამოყენების მოთხოვნა ავტომობილების ფასს დამატებით €200-ით გაზრდის. და ეს მაშინ, როდესაც ევროპის კომისიის მიერ შემოთავაზებული ავტომობილების რეგისტრაციის გამარტივებული წესები მწარმოებლებს თითო ავტომობილზე მხოლოდ €61-ს თუ დაუზოგავს.

Bruegel-ის მკვლევრების განცხადებით, ევროპის კავშირის არსებული პოლიტიკა ევროპელ მწარმოებლებს უცხოური კონკურენციისგან იცავს, თუმცა საბოლოოდ წარმოქმნილი ხარჯი მომხმარებლებსა და გადასახადის გადამხდელებს დააწვებათ. განსაკუთრებით მაღალი წნეხი კი, შესაძლოა, შედარებით ხელმისაწვდომ ელექტრომობილებზე და დაბალი შემოსავლის მქონე მომხმარებლებზე მოვიდეს.
ვრცლად: ევროპის კავშირი ჩინეთს სთხოვს, ჰიბრიდული ავტომობილების ექსპორტი საკუთარი ნებით შეზღუდოს

ანგარიშის თანახმად, ორგანიზაციის მიერ ჩინურ ელექტრომობილებზე დაწესებულმა ტარიფებმა შესაძლოა დაცვითი ფუნქციაც სრულად ვერ შეასრულოს. ცნობისთვის, 2024 წლის ოქტომბრიდან ელექტრომობილების იმპორტზე ტარიფი 35.3%-მდე გაიზარდა, თუმცა ეს ზრდა plug-in (დამუხტვად) ჰიბრიდებს არ ეხება. შედეგად, ჩინეთიდან ელექტრომობილების იმპორტი პრაქტიკულად დასტაბილურდა, მაშინ როცა ჰიბრიდების იმპორტი გაიზარდა. Bruegel-ის შეფასებით, ეს რეგიონში შესაძლოა უფრო დამაბინძურებელი ავტომობილების ზრდის ხელშემწყობად იქცეს.