Aa Aa
3 მარტი 2023  |  11:17

Mansory-ს 900-ცხენისძალიანი სათამაშო ქამელეონის შესაძლებლობებით

ამ Mercedes G-Class-ს კარები Rolls-Royce-ის მსგავსად ეღება.

თუ ამ ავტომობილმა თავისი უცნაური დიზაინით თქვენი ყურადღება მიიქცია, გეტყვით, რომ ეს მასთან დაკავშირებული ერთადერთი უცნაურობა არაა. იგივე შეგრძნება ამ მოდელის სახელის ამოკითხვის/გაგონების დროსაც დაგეუფლებათ. თქვენ წინაშეა GRONOS Coupe EVO C, „თვითმკვლელი“ კარებით, 24-იანი დისკებითა და 900 ცხენის ძალით. ეს ავტომობილი ჯამში 8 ეგზემპლარად იარსებებს.

და მაინც, რა არის GRONOS Coupe EVO C? ეს G63-ის კუპე ვერსიაა, რომელიც Mansory-მ გარდაქმნა. ამ განსხვავებული და გამორჩეული მოდელის წარმოება კი საკმაოდ შეზღუდული იქნება.



პირველი რაც თვალში გხვდებათ, Rolls-Royce-ის სტილის კარებია. ასე სალონში ჩაჯდომა უფრო კომფორტულად იქნება შესაძლებელი. ეს ნიშნავს, რომ მფლობელებს 4 კარის არარსებობა არ შეაწუხებთ. ალბათ, ამ ინტერიერში ჩაჯდომისას არავის არაფერი შეაწუხებთ. შეხედეთ ფერებსა და დეტალებს! მსურველები ინტერიერის მასალების, ფერებსა და ნაკერების ტიპს ინდივიდუალურად შეარჩევენ.

დრამატულ ხასიათს ატარებს ექსტერიერიც. G-Class-ს კორპუსზე უამრავი საჰაერო და აეროდინამიკური დანამატი აქვს. თუმცა, არის თუ არა ეს დეტალები ფუნქციური არ ვიცით. ვიცით ის, რომ მანქანის ფერი სხვადასხვა შუქზე და რაკურსზე განსხვავებული ფერისაა. ეს ქამელეონის თვისებები Mansory-მ თავისი ჯადოქრობებით მიანიჭა. 



Mansory მხოლოდ ვიზუალური ცვლილებებით არ შემოიფარგლა. მოდელს წარმადობის გასაძლიერებლად უფრო დიდი ზომის ტურბინები, გამშვები სისტემა და საწვავის შეფრქვევის მძლავრი ნაწილები აქვს დამატებული. ამ ყველაფერს ძრავის კომპიუტერის შეცვლაც ემატება. შედეგი 887-ცხენისძალიანი და 1 200 ნიუტონ მეტრიანი მონსტრია. ცნობისთვის, ქარხნული G63 576 ცხენის ძალასა და 850 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს.


ეს შესაძლოა ზედმეტად დიდ სიმძლავრედ მოგეჩვენოთ, მაგრამ გახსოვდეთ - ზედმეტი სიმძლავრე არ არსებობს! ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით.

Mansory ამბობს, რომ GRONOS Coupe EVO C-ს 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარება 3.3 წამში შეუძლია. წარმოგიდგენიათ 3 წამში აჩქარებული კუბიკი?

გაზიარება: