მაღალ კონკურენციაში დაჩრდილული EV: 2020 წლის Nissan Leaf
Aa
Aa

მაღალ კონკურენციაში დაჩრდილული EV: 2020 წლის Nissan Leaf

ელექტრო მანქანების სეგმენტში დღეს Tesla Model 3, Jaguar I-Pace და Audi e-Tron-ი დომინირებს. გასაკვირი არაა, დაგავიწყდეთ, რომ Nissan-ი სრულიად ელექტრო Leaf-ს 2010 წლიდან გვთავაზობს. 

2020 წლის Leaf-ი უფრო ტევადი, კარგად აღჭურვილი და უფრო ხელმისაწვდომიცაა. დამატებითი ნახევრად-დამოუკიდებელი მართვის სისტემა ხელმისაწვდომია, მაგალითად, Tesla-ს ავტოპილოტის სისტემა, თუმცა, რა თქმა უნდა, ამაში თანხის გადახდა მოგიწევთ. სეგმენტში მისი მთავარი კონკურენტებია Chevrolet Bolt EV, Kia Niro EV და Hyundai Ioniq-ი. Leaf-ს რომ უფრო მეტი გამძლეობა ჰქონოდა, ის სეგმენტში ერთ-ერთ წამყავნ პოზიციას დაიკავებდა.

რა არის ახალი 2020 წლისთვის?

Nissan-მა 2020 წლის მოდელზე მძღოლის დამხმარე ბევრი ფუნქცია სტანდარტული გახადა. Safety Shield 360 ავტომატური დამუხრუჭების სისტემას ქვეითის შემჩნევით, ზოლიდან გადასვლაზე გაფრთხილებას, უხილავი წერტილის მონიტორინგს, უკანა გადამკვეთ მოძრაობაზე გაფრთხილებას და სხვა სისტემებს მოიცავს. საინფრომაციო-გასართობი სისტემის 5- და 7-ინჩიანები ეკრანები 8-ინჩიანით ჩაანაცვლეს. Apple CarPlay-ს და Android Auto-ს გამოყენება შესაძლებელია. დაბალ სიჩქარეზე სიარულისას, მანქანა ქვეითების გასაფრთხილებლად ხმას გამოსცემს.   

ფასი

  • S: $32,525
  • SV: $35,115
  • S Plus: $39,125
  • SV Plus: $40,675
  • SL Plus: $44,825

საუკეთესო არჩევანი S Plus ვერსიაა. მისი ფასი ყველაზე ადეკვატურია. ყველაზე გამძლე, ძლიერი მოტორი და ყველა საჭირო სტანდარტული აღჭურვილობაც აქვს. ამ მანქანის მყიდველები 8-ინჩიან სენსორულ ეკრანს, Apple CarPlay-სა და Android Auto-ზე წვდომით, მიიღებენ. კლიმატ კონტროლი, ღილაკით დაძვრა და ავტომატური წინა მაშუქები ამ მოდელისთვის სტანდარტულია.

ძრავა და მართვადობა

2020 წლის საბაზისო Leaf მოდელს 110კვ-იანი ელექტრო მოტორი აქვს, რომელიც 147 ცხენის ძალას და 320ნმ-ს გამოიმუშავებს. Leaf Plus მოდელები, უფრო ძლიერი 160კვ-იანი მოტორით, 214 ცხენის ძალითა და 339ნმ-ითაა.  ეს მოდელები Volkswagen e-Golf-ზე სწრაფი, მაგრამ Bolt EV-ზე,  BMW i3s-სა და Model 3-ზე ნელია. Plus მოდელების აჩქარება უფრო დამაკმაყოფილებელია.

ამ მანქანის მართვა მაინცდამაინც ვერ გაგამხიარულებთ, მაგრამ, Nissan-მა ორი წლის წინ დაკიდების სისტემა განაახლა და ახლა ის, წინა თაობის ავტომობილთან შედარებით, ადეკვატურად გამოიყურება. როგორც სხვა ყველა ელექტრო ავტომობილს, Leaf-საც მომენტალური მაბრუნი მომენტი აქვს, რაც მანქანის მართვას უფრო სასიამოვნოს ხდის.   

Leaf-ის მართვადობა უმეტესწილად რეჟიმის შერჩევაზეა დამოკიდებული. ჩვეულებრივ რეჟიმში Leaf Plus-ის თვლებმა პარკინგიდან გამოსვლისას შესაძლოა ჭრიალიც კი დაიწყოს, მაღალ სიჩქარეზე ტრასაზე სიარული კი მისთვის პრობლემას საერთოდ არ წარმოადგენს.  Eco რეჟიმში ბატარეის გამძლეობა 5-10%-ით იზრდება.

ბატარეა და გამძლეობა

Leaf-ის დასამუხტად მისი შეერთება შესაძლებელია, როგორც 120-ვოლტიან დენის წყაროში, ასევე 240-ვოლტიანში. დამუხტვის დრო ბევრად განსხვავდება. Nissan-ის თქმით, Leaf-ი 240-ვოლტის შემთხვევაში 7 საათში დაიმუხტება. DC სწრაფი დამტენი S მოდელზე არჩევითია, დანარჩენ მოდელებზე სტანდარტული. საბაზისო მოდელს 40კვ/სთ ბატარეა აქვს და მხოლოდ 241 კმ-ს გავლა შეუძლია. ეს e-Golf-ს მაჩვენებელზე უკეთესია, თუმცა, სხვა კონკურენტებს ჩამორჩება. Leaf Plus-ს 62კვ/სთ-იანი ბატარეა აქვს. ყველაზე გამძლე S Plus-ია. მას დაახლოებით 364 კილომეტრის გავლა შეუძლია. SV Plus და SL Plus მოდელები კი 346 კმ-ს გადის.

ექსტერიერი და ინტერიერი

2020 წლის Leaf-ის სტილი ნამდვილად გაუმჯობესდა. ფაქტობრივად მხოლოდ “Zero Emissions” წარწერა გასცემს Leaf-ს, რომ ის ჩვეულებრივი ჰეჩბექი არაა. თუ ექსტერიერს 10-ქულიანი სისტემით შევაფასებთ, ის 6 ქულას დაიმსახურებს.  

პროფილში Leaf-ს ისეთი შეხედულება აქვს, თითქოს კაპოტი უფრო გრძელია და მის ქვეშ შესაძლოა შიგა წვის ძრავა იყოს მოთავსებული. კაპოტთან Leaf-ს დამტენის კარი აქვს.

მიუხედავად იმისა, რომ Leaf-ის სალონი პლასტმასითაა სავსე, ის კარგადაა აწყობილი და იაფფასიანის შთაბეჭდილებას არ ტოვებს. მანქანაში სოკოს ფორმის ბერკეტი იმდენად გამაღიზიანებლად გამოიყურება, რომ ამ სოკოს ტყეში დაბრუნება მოგინდებათ. მონაცემთა დაფა, ბერკეტისგან განსხვავებით, კარგად გამოიყურება.

SL მოდელზე არჩევითი ნაცრისფერი ტყავის სალონია, რაც მანქანის ინტერიერს ცოტათი ახალისებს. სავარძლები საკმაოდ კომფორტულია. სალონში საკმარისზე მეტი სივრცეა. უკანა სავარძლებზე ძალიან მაღალი მგზავრებიც კი თავისუფლად მოთავსდებიან.

ტვირთის ტევადობის მხრივ ეს მანქანა ამ სეგმენტში ერთ-ერთი საუკეთესოა. მას 7 ჩემოდანის დატევა შეუძლია. სავარძლების დაკეცვის შემთხვევაში კი იქ 19 ჩემოდანი მოთავსდება. Bolt EV-სა და e-Golf-ს საბარგულში მხოლოდ 5 თავსდება.  

საინფორმაციო-გასართობი სისტემა

ყველა Leaf მოდელი 8-იჩნიანი სენსორული ეკრანითაა. Apple CarPlay და Android Auto სტანდარტულია, ნავიგაცია კი დამატებითი ფუნქციაა. Nissan-ის უახლესი Nissan Connect პროგრამა თვალში უხეშად მოგხვდებათ. თუმცა, ის ინტუიციურია და ბრძანებებზე სწრაფად რეაგირებს. მანქანაში მუსიკის ხმამაღლა მოსმენის მოყვარულები 6-დინამიკიანი სისტემით შეიძლება იმედგაცრუებულები დარჩნენ. 7-დინამიკიანი Bose სისტემა SL და SL Plus მოდელებისთვის ექსკლუზიურია, თუმცა, მოხიბლული არც მისით დარჩებით.

უსაფრთხოება და მძღოლის დამხმარე სისტემები

IIHS-მა Leaf-ი ჯერ მხოლოდ ნაწილობრივ შეამოწმა. ამ დროისთვის ის შეჯახების ტესტებში „კარგ“ შეფასებას იმსახურებს. NHTSA-ს ჯერ არ შეუმოწმებია. მანქანას 2020 წლისთვის მძღოლის დამხმარე უამრავი ფუნქცია აქვს. Safety Shield 360  მრავალფეროვნებას გვთავაზობს. ნახევრად-დამოუკიდებელი მართვის სისტემა ProPilot Assist-ი SV, SV Plus და SL მოდელებზეა ხელმისაწვდომი. SL Plus-ზე სტანდარტულია. მძღოლის დამხმარე ძირითადი ფუნქციებია:

  • სტანდარტული ავტომატური დამუხრუჭების სისტემა ქვეითის შემჩნევით;
  • უხილავი წერტილის მონიტორინგი უკანა გადამკვეთ მოძრაობაზე გაფრთხილებით;
  • დამატებითი ადაპტირებადი კრუიზ კონტროლი ნახევრად-დამოუკიდებელი მართვის რეჟიმით.

 

შეჯამება

2020 წლის Nissan Leaf-ი სეგმენტში წამყვანი ავტომობილი ნამდვილად არაა. მანქანის სტილი გამაღიზიანებენელი არაა, თუმცა, ვერც აღფრთოვანებას იწვევს. ამ მანქანის მყიდველთათვის, სტილი, რა თქმა უნდა, გადამწყვეტი ფაქტორი ვერ იქნება. მთავარი ეკონომიურობა და ეკოლოგიურობაა. მანქანის ტექნიკური მონაცემები დამაკმაყოფილებელია. E-Golf-ს ჯაბნის, მაგრამ, მის სხვა უფრო პოპულარულ კონკურენტებს ჩამორჩება. სალონი ცოტათი უხარისხო, თუმცა, ძალიან კომფორტულია. Leaf-ი კარგად აღჭურვილი ავტომობილია. მას მძღოლის დამხმარე ფუნქციები უხვად აქვს, თუმცა, მუსიკის ხმამაღლა მოსმენის მოყვარულთათვის, ეს მანქანა საუკეთესო არჩევანი ვერ იქნება. თუ ამ ავტომობილის ყიდვას მაინც გადაწყვეტთ, მაშინ S Plus ვერსია საუკეთესო არჩევანია.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები