დაბალანსებული და ეკონომიური: 2017 წლის Ford Fiesta
2017 წლის Ford Fiesta მცირე ზომის ავტომობილია. 2011 წლის შემდეგ მანქანის დიზაინმა მხოლოდ მცირე ცვლილებები განიცადა და, შეიძლება ითქვას, რომ მოძველდა კიდეც. მიუხედავად ამისა, სტილში ჰარმონია მაინც იგრძნობა. სალონში ხარისხიანი მატერიაა გამოყენებული, თუმცა, მგზავრებისთვის სივრცე არადამაკმაყოფილებელია. 2017 წლის მოდელები თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, თუმცა, რამდენად, ეს უკვე მანქანის ვერსიაზეა დამოკიდებული. Ford-ი ვერსიების, ძრავების და ფუნქციების მრავალფეროვნებას გვთავაზობს.
ფასი:
- Ford Fiesta Style - £12,715
- Ford Fiesta Zetec - £14,215
- Ford Fiesta B&O Play Zetec - £15,165
- Ford Fiesta Titanium - £16,145
- Ford Fiesta Titanium X - £17,495
- Ford Fiesta ST-Line - £16,145
- Ford Fiesta ST-Line X - £17,495
- Ford Fiesta Vignale - £19,345
საბაზისო მოდელი 15-იან დისკებზეა და შესაძლოა მისი ექსტერიერით მოხიბლული არ დარჩეთ. სამწუხაროდ, მას ბევრი სტანდარტული ფუნქციაც აკლია.
Zetec-ი დიზაინის უკეთეს დეტალებს გვთავაზობს. ტექნოლოგიურადაც, საბაზისო მოდელთან შედარებით, უკეთ აღჭურვილია. Ford Fiesta B&O Play Zetec ვერსია კი უფრო დახვეწილია. მას 8-ინჩიანი სენსორული ეკრანი და 10-დინამიკიანი აუდიო სისტემა აქვს.
Titanium ვერსიაში დამატებითი თანხის გადახდა ნამდვილად ღირს. 16-იანი დისკები, კრუიზ და კლიმატ კონტროლი სტანდარტულია. Titanium X ვერსიას უკანა ხედვის კამერა ემატება და სხვა მცირე განსხვავებული დეტალებიც აქვს, თუმცა, თანხის დამატებად რამდენად ღირს, ეგ უკვე სხვა საკითხია.
ST-Line სპორტული ვერსიაა. მას 17-იანი დისკები და უფრო აგრესიული შეხედულება აქვს. სავარძლებიც სპორტულია. ST-Line X-ს საგზაო ნიშნების ცნობის სისტემა ემატება.
Ford Fiesta Vignale ყველაზე დახვეწილი და ძვირიანი ვერსიაა. მას ტყავის დეტალები და პანორამული ლიუკი აქვს.
ძრავა და მართვადობა
მოდელების უმეტესობა 1.6-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 120 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. სტანდარტული 5-სიჩქარიანი მექანიკაა, თუმცა, 6-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფიც ხელმისაწვდომია. ავტომატური გადაცემათა კოლოფი, მართალია უფრო ეკონომიურია, თუმცა, სიჩქარეებში კარგად არ გადადის. ზუსტი არ არის, განსაკუთრებით კი დაბალ სიჩქარეებზე.
მანქანის მართვადობა დამაკმაყოფილებელია. მართალია, ეს ავტომობილი სწრაფი არ არის, მაგრამ მისი მასისთვის კარგი მაჩვენებლები აქვს. მართვადობით აღფრთოვანებული არ დარჩებით, მაგრამ არც უკმაყოფილობას იგრძნობთ.
1-ლიტრიანი 3-ცილინდრიანი ძრავა 123 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ეს 4-ცილიანდრიანზე მაღალი მაჩვენებელია. საწვავს კი ნაკლებს მოიხმარს. ტურბო-3-ის ხმა ბევრად სახალისოა. Fiesta ამ ძრავით მაგალითია იმისა, თუ როგორი მხიარული შეიძლება იყოს პატარა ძრავიანი ავტომობილი.
Fiesta ST-ს ტურბოდაბერვის 1.6-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ძრავა 197 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ეს მოდელი ბევრად ძლიერი და სპორტულია, ვიდრე საბაზისო. ის მხოლოდ მექანიკური გადაცემათა კოლოფითაა. ეს მანქანა ნამდვილი ენთუზიასტებისთვისაა.
მთლიანობაში Fiesta გზაზე ძალიან თავდაჯერებულად გამოიყურება. მეტიც, იფიქრებ, რომ მის მონაცემებზე უკეთესი შესაძლებლობა აქვს. ელექტრო მართვის სისტემაზე მანქანა სწრაფად რეაგირებს, კარგად დაბალანსებულია და მისით ტრასაზე გასეირნება ნამდვილად უსაფრთხოა.
დინამიკაზე ბევრს ვერ დავიჩივლებთ, მაგრამ ეს პატარა ავტომობილი ზედმეტად სწრაფად ჩერდება. ქვაფენილზე და სხვა უსწორმასწორებებზე სიარულსაც კომფორტულს ვერ ვუწოდებთ.
ყველაზე სასიამოვნო Fiesta ST-ის მართვაა. ეს არის კარგი, ეკონომიური მანქანა ადეკვატურ ფასად. მას უფრო ხისტი დაკიდების სისტემა აქვს. ამ ავტომობილს Mini Cooper S-ისა და Hyundai Veloster Turbo-სთვის კონკურენციის გაწევა შეუძლია. თავისი შესაფერისი ფასის გამო, მან შეიძლება Volkswagen GTI-სა და Ford Focus ST-ის მყიდველებიც წაართვას.
საწვავის მოხმარება
EPA-ს თანახმად, 2017 წლის Ford Fiesta-ს ყველაზე ეკონომიური ვერსია ქალაქში 100კმ-ზე 7.6 ლიტრ საწვავს მოიხმარს, ტრასაზე - 5.7ლიტრს. ეს შედეგი შიგა წვის ძრავისთვის საკმაოდ ეკონომიური და იშვიათია.
Fiesta ST-ის შემთხვევაში ეს მაჩვენებლები 9.1ლ/ 7.1ლ -ია.
საბაზისო ძრავა ქალაქში 100კმ-ზე 8.7ლიტრს, ქალაქში კი 6.7 ლიტრ საწვავს მოიხმარს.
უნდა აღინიშნოს, რომ ბევრ საშულო ზომის სედანს უკეთესი მაჩვენებლები აქვს. მაღალ სიჩქარეზე Fusion-ი უფრო აეროდინამიკური და ეკონომიურია.
ექსტერიერი და ინტერიერი
2017 წლის Fiesta ცდილობს თავისი სახელი ექსტერიერითაც გაამართლოს. ეს მანქანა ყველა კუთხიდან კარგად გამოიყურება, თუმცა, მაინც საშუალო შეფასებას იმსახურებს.
ექსტერიერში პროპორციები კარგადაა დაცული. დეტალები საინტერესოა. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მისმა სტილმა 2011 წლიდან 7 წლის განმავლობაში სულ მცირედი განახლებები განიცადა.
გვერდიდან Fiesta-ს დეტალები მკაფიოა. სახურავი თაღის ფორმისაა. უკანა მაშუქები დიზაინში კარგად ზის. ფართო ცხაურა და დაბალი კლირენსი მანქანას უფრო აგრესიულ შესახედაობას აძლევს.
5-კარიანს უკეთესი შესახედაობა აქვს. 4-კარიანი სედანი დახვეწას ჯერ კიდევ საჭიროებს. პროპორციები იმდენად ზუსტად არაა დაცული, როგორც ჰეჩბექის შემთხვევაში. სედანი თავისი გრძელი აგებულებით და მგზავრებისთვის მოკლე ნაწილით, მაღალი და ვიწრო ჩანს.
Fiesta ST ჰეჩბექი ყველაზე კარგად გამოიყურება. მას სკისებრი შავი ცხაურა უფრო აგრესიულ შეხედულებას აძლევს. ამას უკან ქრომის მაყუჩის წყვილი მილები ემატება. დაბალი კლირენსი და მჭიდრო დისკები მანქანის ექსტერიერს სპორტულობას მატებს.
მანქანის ინტერიერიც ჰარმონიულია. ხარისხიანი მატერიაა გამოყენებული. სალონი თანამედროვედაა აღჭურვილი. თუმცა, სივრცე ძალიან ცუდ შეფასებას იმსახურებს. წესით, ამ მანქანაში ადგილი 5 ადამიანისთვის უნდა იყოს, თუმცა, ავტომობილში ამდენი ადამიანის ჩასმა შეუძლებელია. ადაპტირებადმა წინა სავარძლებმა არ მოგატყუოთ. უკანა სავარძლების მგზავრებისთვის თავს ზემოთ და ფეხებისთვის სივრცე ძალიან მცირეა. მაღალი ადამიანებისთვის ეს ატომობილი განსაკუთრებით არაკომფორტულია. მანქანა ვიწროა და წინა სავარძლების მგზავრებს გარშემო ძალიან მცირე სივრცე აქვთ.
მართალია, ადამიანებისთვის არა, მაგრამ, სალონში ნივთებისთვის საკმარისი სივრცეა. ჭიქების ჩასადებიც კომფორტულია.
Fiesta ST-ის არჩევის შემთხვევაში, თქვენ უფრო კომფორტულ სავარძლებს მიიღებთ. Recaro-ს სავარძლები უკანა მგზავრებისთვის ცოტა ფეხის სივრცესაც ათავისუფლებს. ამ მოდელის ძრავის ხმა სალონში შემოდის.
ჰეჩბექ ვერსიებს ბარგისთვის იმდენი სივრცე არ აქვს, რაც სეგმენტში ლიდერებს. სედანი კი საკმაოდ ტევადია.
საინფორმაციო-გასართობი სისტემა
კარგად აღჭურვილი მხოლოდ მაღალფასიანი ვერსიებია. დანარჩენებში საჭირო ფუნქციების ნაკლებობა შეინიშნება. 2008 წლის მოდელთან შედარებით, სალონში ორჯერ ნაკლები ღილაკია. გამოყენებაც უფრო ადვილია.
Titanium ვერსიებში 8-ინჩიანი სენსორული ეკრანია. სისტემა ძალიან ინტუიტიურია და თითის დაჭერაზე სწრაფად რეაგირებს. Ford-ის SYNC 3 პროგრამის გამოყენება მარტივია. DAB რადიო, Apple CarPlay, Android Auto, USB ორი პორტი Zetec მოდელის ზემოთ ხელმისაწვდომია. Zetec ვერსიას 6.5-ინჩიანი სენსორული ეკრანი აქვს. Tinatium მოდელებს ზემოთ 4.2-ინჩიანი TFT ეკრანიცაა.
მანქანის აუდიო სისტემა მოდელზეა დამოკიდებული. მოდელების უმეტესობაში 6-დინამიკიანი სისტემაა. არსებობს 10-დინამიკიანი B&O Play სისტემა, რომელიც Titanium X-ისთვის, B&O Play Titanium-სა და B&O Play Zetec-ისთვის სტანდარტულია. სხვა შემთხვევაში მისი ფასი სამასი დოლარია.
უსაფრთხოება და მძღოლის დამხმარე ფუნქციები
2017 წლის Fiesta შეჯახების ტესტებში ორაზროვან შეფასებებს იმსახურებს.
ამ მანქანის საბაზისო მოდელს უკანა ხედვის კამერაც კი არ აქვს. ეს ფუნქცია სტანდარტული Titanium ვერსიიდანაა.
NHTSA-ს ტესტებში წინა შეჯახების და გადაბრუნების ტესტში მანქანამ 5-დან 4 ვარსკვლავი დაიმსახურა. გვერდიდან შეჯახების ტესტში 5-დან 5. თუმცა, აღნიშნული იყო, რომ შეჯახებისას უკანა გვერდითა მარცხენა კარი ინტერიერში იჭრება, რაც დაზიანების საფრთხეს ზრდის.
მანქანას მთლიანობაში მძღოლის დამხმარე 15 სისტემა აქვს. მათგან ზოგი სტანდარტულია. უმეტესობა კი დამატებითი ფუქციაა. უსაფრთხოების ძირითადი ხელმისაწვდომი სისტემებია:
- შეჯახების არიდება ქვეითის შემჩნევით;
- საგზაო ნიშნების ცნობა;
- უხილავი წერტილის მონიტორინგი;
- გადამკვეთ მოძრაობაზე გაფრთხილება;
- ზოლში დარჩენის სისტემა;
- ადაპტირებადი კრუიზ კონტროლი;
- პარკირების დამხმარე სისტემა.
დასკვნა
2017 წლისთვის Ford Fiesta-ს დიზანი უკვე მოძველებულია, თუმცა, მისი პროპორციები ჰარმონიულობის შეგრძნებას ტოვებს. ინტერიერში ხარისხიანი მატერიაა გამოყენებული. სალონში სივრცე ამ მანქანის უარყოფითი მხარეა. მასში 5 ადამიანი ვერ მოთავსდება. უკანა სავარძლების მგზავრებისთვის ძალიან სივიწროეა. კომფორტულად ვერც წინა სავარძლების მგზავრები იგრძნობენ თავს. Recaro-ს სავარძლები მდგომარეობას აუმჯობესებს. ვერსიების უმეტესობა თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი. გამაღიზიანებელი ღილაკებიც ნაკლებია. ამ მანქანის მთავარი დადებითი მხარე მისი ეკონომიურობა და უსაფრთხოების სისტემებია. 2017 წლის ვერსიებიდან საუკეთესო არჩევანი მაინც Ford Fiesta ST-Line ვერსიაა. მისი ფასი მანქანის შესაძლებლობებს მთლიანად შეეფერება.