ვიდეო: მოპარული ავტომობილი GTA-ს სტილში გაფრინდა
Lincoln Town Car სახურავზე დაეცა, მაგრამ ხეებმა მგზავრები მძიმე დაზიანებისგან იხსნა.
სან ფრანცისკოს მცხოვრებლები თვალებს ვერ უჯერებდნენ, როცა დაინახეს, როგორ გადმოფრინდა ავტომობილი და სახურავზე დაეცა. კიდევ უფრო უცნაური ისაა, რომ მგზავრები დაზიანებების გარეშე გადარჩნენ და პოლიციის მოსვლამდე გაიქცნენ.

ეს სანახაობა ერთდროულად რამდენიმე კამერამ გადაიღო. Lincoln Town Car-ი ერთ-ერთ ქუჩაზე ბარიერს შეეჯახა, გაანგრია და გაფრინდა. ავტომობილი გზად ხეებმა შეანელა. საბოლოოდ, Lincoln-ი სახურავით სხვა ქუჩაზე დაეცა.
თვითმხილველებმა დასახმარებლად მაშინვე ავტომობილთან მიირბინეს. მგზავრებმა ავტომობილიდან გადმოსვლა თავად შეძლეს და პოლიციის მოსვლამდე გაიქცნენ. თვითმხილველების თქმით, მათ სულ მცირე 3 ადამიანი შენიშნეს.
როგორც ჩანს, ამ შემთხვევისას ყველაზე მძიმედ Lincoln-ი დაშავდა. ასევე BMW X3-ც, რომელიც იქვე იყო გაჩერებული.
როგორც აღმოჩნდა, ავტომობილი მოპარული იყო, რაც მგზავრების გაქცევას ხსნის. რაც უნდა იყოს, ეს ყველაფერი ვიდეო თამაშის სტილში გაქცევას ჰგავდა, რომელიც რეალურ ცხოვრებაში დაზიანებების გარეშე არ სრულდება ხოლმე.