დღევანდელი ვიდეოს გმირი მთლად სტანდარტული BMW M6 არ არის. მისი ძრავის სივრცეში ლეგენდარული S85 V10 იმალება და მას კომპრესორი აქვს დამატებული. თუ გაინტერესებთ, კომპრესორიანი V10 ძრავის მქონე მანქანას ავტობანზე რა სიჩქარით შეუძლია „გადაადგილება“, მაშინ სწორ ადგილას მოხვდით.
BMW E63 M6 უკანასკნელი ატმოსფერული V10 ძრავის მქონე კუპეა. ეს საოცარი ავტომობილი შეიქმნა მაშინ, როდესაც ევროპაში გამონაბოლქვის ისეთი მკაცრი წესები არ იყო და ავტომწარმოებლები დედამიწის კეთილდღეობაზე ნაკლებად ზრუნავდნენ. 8 500 მაქსიმალური ბრუნის მქონე 5-ლიტრიანი ატმოსფერული V10 ძრავა განუმეორებელ შეგრძნებებს ტოვებს, რომლებიც დღევანდელ სუპერქარებსაც კი არ აქვს და, დიდი ალბათობით, ვერასდროს ექნება. S85-ის ჟღერადობა ტურბოკომპრესორებითა და ზედმეტი გამონაბოლქვის ნაწილაკების ფილტრებით შელახული არ იყო. E63 M6 დროის კაფსულაა, რომელიც ატმოსფერული ძრავების განვითარების პიკს წარმოადგენს, რადგან „ტექნოლოგიურმა პროგრესმა“ მას ხელი ვერ შეუშალა.
BMW-ს მიერ შემუშავებული V10 იმ დროისთვის რადიკალური, ერთგადაბმულობიანი SMG ტრანსმისიით იყო აღჭურვილი. SMG ტრანსმისიამ თავის დროზე ფურორი მოახდინა, მაგრამ თანამედროვე გადაცემათა კოლოფების ფონზე მას გამძლეობა და სიჩქარეების გადართვის სისწრაფე აკლია. ვიდეოშიც კი ჩანს, რომ ძრავის მაქსიმალური დატვირთვის დროს ტრანსმისიას სიჩქარიდან სიჩქარეში ხანდახან უხეშად გადააქვს.
ასევე დაგაინტერესებთ: 7 ყველაზე ცუდი მანქანა, რაც „ბიემვის" ოდესმე შეუქმნია
 
ამ კონკრეტულ M6-ს Infinitas-ის კომპრესორი უყენია, რომელსაც დამატებითი 150 ცხენის ძალის გამომუშავება შეუძლია, რაც ჯამში 650 ცხენის ძალაში აისახება. ამ ავტომობილის უნიკალურობა იმაში გამოიხატება, რომ კომპრესორმა V10 ძრავის ჟღერადობაზე ნეგატიურად არ იმოქმედა. აქსელერატორის პედლის დაჭერისას ძრავის სივრცეში თქვენ 650 ცხენის ძალა და BMW-ს V10-ის უნიკალური, დაუვიწყარი ჟღერადობა გელოდებათ.