Aa Aa
9 აპრილი 2024  |  10:42

როგორ გადაიქცა Porsche 718 Cayman-ი დრიფტის მანქანად?

ფორმულა დრიფტის მოქმედი ჩემპიონი ჩელსი დენოფა Cayman-ის დრიფტის მანქანაზე მუშაობს.

როგორც ჩანს, დრიფტის ჩემპიონატის მოგების ერთ-ერთი გზა Porsche-ს ყიდვაა. Formula Drift-ის მოქმედმა ჩემპიონმა ჩელსი დენოფამ ახლახან სწორედ 718 Cayman S შეიძინა და მისი დრიფტის მანქანად გარდაქმნა დაიწყო. ყველაზე საინტერესო კი ის ფაქტია, რომ Porsche-ს ტრანსფორმაციის სრულად ხილვა დენოფას მიერ გადაღებული ვიდეოებით შესაძლებელია.

Porsche, შუაში განთავსებული ძრავით, შესაძლოა დრიფტის მანქანად ბევრისთვის რთული წარმოსადგენი იყოს. თუმცა, გარკვეული ცვლილებებითა და დენოფას სწრაფი ხელებით, მიღებული შედეგები განსაცვიფრებელია.

მანქანის აწყობის დეტალურ კადრებს, დენოფა თავის YouTube არხზე აქვეყნებს. ვიდეოში, Cayman-ი საოცრად კარგად გამოიყურება და „დრიფტქარად“ გადაქცევის პოტენციალიც აქვს. დენოფამ შეძლო შეენარჩუნებინა უკანა სავალი ნაწილის გეომეტრია და უბრალოდ, ახალი საკიდარი დაამონტაჟა. 

დამატებით კი, Cayman-ის სიჩქარეთა კოლოფი უფრო ძლიერი ქუროს დაყენებით, მეორე, მესამე და მეოთხე სიჩქარეების გაძლიერებითა და დიფერენციალის შედუღებით გააუმჯობესა - რაც მისთვის, საკმაოდ მარტივი პროცესიც აღმოჩნდა.

დრიფტის მოქმედმა ჩემპიონმა 6-ცილინდრიან ატმოსფერულ ძრავას, 4-ცილინდრიანი ტურბოდაბერვიანი ძრავა ამჯობინა. ამ უკანასკნელს, ტურბინის დატრიალების დროს, უფრო მაღალი სიმძლავრის გამომუშავების პოტენციალი გააჩნია. ამჟამად, მანქანა 400 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, თუმცა მიზანი, მისი შესაძლებლობების 600 ცხენის ძალამდე გაზრდაა. ეს კი, ახალი გამშვებისა და ახალი ტურბინის საშუალებით გახდება შესაძლებელი.

„ფორმულა დრიფტზე“ მრბოლელი მანქანის არ გამოიყენებს, რაც დენოფას საშუალებას აძლევს, მაქსიმალურად მეტი Porsche-ს ნაწილი შეუნარჩუნოს ავტომობილს. ინტერიერი უცვლელი რჩება, იცვლება მხოლოდ სავარძლები, უსაფრთხოების ღვედები და ბუნებრივია, ჰიდრავლიკური ხელის მუხრუჭიც. დენოფას ვარაუდით, საჭირო იქნება გაგრილების სისტემის განახლებაც.

ამასთან ერთად კი, წინა ბორბლებთან მოთავსებული პატარა რადიატორები უფრო დიდით ჩანაცვლდება, რომელიც კაპოტში (რაც Porsche-ს საბარგულია) იქნება დამონტაჟებული. ზუსტად ისე, როგორც ახალ 911 GT3 RS-ში. ცვლილება გარე ზემოქმედებისგან რადიატორის დაცვის ხარისხს გააუმჯობესებს.

თუმცა, მცირე დაბრკოლებები დენოფას ავტომობილის ელექტრო სისტემასთან შეექმნა, რადგან თანამედროვე მანქანებს ურთიერთდაკავშირებული სისტემები აქვთ. ერთი სისტემის შეცვლამ კი, შესაძლოა ახალი პრობლემების წარმოქმნა გამოიწვიოს. სავარაუდოდ, ამ ყველაფერს დიდი ძალისხმევა დასჭირდა, მაგრამ თავად დენოფას საკითხზე დეტალური კომენტარი არ გაუკეთებია.

თუმცა, თავის ვიდეოში დეტალურად გვიზიარებს Cayman-ის დრიფტის მანქანად გარდაქმნის პროცესს და ემოციების განცდის საშუალებას გვაძლევს.

 

გაზიარება: