Aa Aa
28 მაისი 2024  |  17:06

ახალ Bugatti-ის შესაძლოა „სახლის ბენზინგასამართი სადგური“ მოჰყვეს

კომპანიაში სჯერათ, რომ შიგაწვის ძრავის სიცოცხლისუნარიანობას სინთეზური საწვავის გამოყენებით შეინარჩუნებენ.

როდესაც თქვენს მომხმარებელს შეუძლია ჰიპერმანქანისთვის მილიონებიც კი დახარჯოს, კომპანიების მფლობელთა მადაც შესაბამისად იზრდება. შედეგად, გასაკვირი არაა, რომ Bugatti-ის აღმასრულებელ დირექტორ მათე რიმაცსაც, არაორდინალური იდეა დაებადა. რიმაცის ახალი გეგმით, გამორიცხული არაა, რომ თქვენ მომავალ Bugatti-ის თან საკუთარი „სახლის ბენზინგასამართი სადგური“ მოჰყვეს.

Bugatti-ის ახალი გეგმით, მომხმარებელს მისი ავტომობილების საწვავით შევსება უკვე სახლიდანაც შეეძლება. 36 წლის ხორვატ მეწარმეს სჯერა, რომ შიგაწვის ძრავებს ჯერ კიდევ დიდი მომავალი აქვს და სამომავლოდ, მათი სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებას უკვე სინთეზური საწვავის გამოყენებითაც შეძლებენ.

ლონდონში, Financial Times-ის Future of the Car Summit-ზე გამოსვლისას, რიმაცმა მათ ახალ ხედვაზე ისაუბრა: „ჩვენ შეგვეძლება შევქმნათ ლამაზი საწვავის სადგურები Bugatti-ის მფლობელთა სახლებისთვის. შიგაწვის მანქანებისთვის კი, სინთეზურ საწვავს გამოვიყენებთ". 

კომპანიის ხელმძღვანელობა სინთეზური საწვავის გამოყენების შესაძლებლობას დიდი ხანია განიხილავს. Porsche, რომელიც Bugatti Rimac-ის 45%-ის მფლობელია, ჩილეში მდებარე საცდელ ქარხანაში თითქმის ორი წელია, რაც ელექტროსაწვავს (eFuel) აწარმოებს. 

არსებული გეგმით, ათწლეულის შუა რიცხვებისთვის, ქარხნის ყოველწლიურმა წარმოებამ 14.5 მილიონს უნდა მიაღწიოს. 2027 წლისთვის კი, წლიურმა წარმოებამ 145 მილიონი გალონი უნდა შეადგინოს, რაც დაახლოებით 1.4 მილიარდი მანქანისთვის იქნება საკმარისი.  

Bugatti-ის ახალი ჰიპერქარის დებიუტი 20 ივნისს შედგება. კომპანიის განცხადებით ეს იქნება „ჭეშმარიტად, სრულიად ახალი მოდელი“. რიმაცის თქმით, არცერთი ნაწილი ახალ მოდელში Nevera-დან ან Chiron-დან გადმოტანილი არ იქნება. მანქანას ექნება სრულად ახალი V-16 ძრავაც, რომლის გამოყენებასაც Bugatti გრძელვადიან პერსპექტივაშიც გეგმავს. მთავარია მის მიზნებს ევროკავშირის 2035 წლის რეგულაციებმა ხელი არ შეუშალოს.

გაზიარება: