Aa Aa
9 ივლისი 2024  |  12:05

უშველიდით ჩაძირულ Ferrari Purosangue-ს?

ამ Ferrari Purosangue-ს შეკეთება ან ძალზედ იაფი, ან პირიქით - რამდენიმე კილოგრამი დოლარი დაჯდება.

აპრილის თვეში დუბაიში დიდი წყალდიდობა იყო. ამ უმდიდრეს ქალაქში ბევრი ეგზოტიკური ავტომობილი დადის. ალბათ, არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ წყალდიდობას ბევრი ძვირადღირებული ავტომობილი „შეეწირა“. ერთ-ერთი ასეთი კი სურათებზე ნაჩვენები Ferrari Purosangue-ა, რომელიც შველას ითხოვს.


Ferrari-ის SUV-ის გასაყიდი განცხადება Instagram-ის პლატფორმაზე განათავსეს. მისი მდგომარეობა არც ისე საამაყოა. როგორც ზემოთ დავწერეთ, შეკეთება შესაძლოა საკმაოდ იაფი ან ძალზედ ძვირი დაჯდეს. თუმცა, ისეთ განსაკუთრებულ მანქანას, როგორიც Purosangue-ა, ასე მიგდებულს არავინ დატოვებს.

თვალისმომჭრელი SUV-ი Nero Purosangue-ს ფერშია შეღებილი. ერთი შეხედვით მანქანა შავია, თუმცა, თუ მასთან ახლოს მიხვალთ, ის ფერს იცვლის და მუქ იასამნისფერში გადადის. ასევე, კორპუსის დეტალებზე გვაქვს ყვითელი აქცენტები.

თუ აშშ-ს აუქციონებისთვის გადაგიხედავთ, ე.წ. ჩაძირულ ავტომობილებს ყვითელი მარკერით მონიშნული აქვს ის ადგილი, სადაც წყლის დონემ მიაღწია. სამწუხაროდ, ამ Purosangue-ს ასეთი ნიშანი არ აქვს, რის გამოც გაურკვეველი რჩება თუ რამდენად ღრმა წყალშია „ნაჭყუმპალავები“.

მძიმე მდგომარეობაა სალონში. მანქანის ინტერიერი კოკპიტამდეა დასვრილი. ეს შესაძლოა იმით აიხსნას, რომ ავტომობილი ჩამოწეული შუშებით არის გაჩერებული. ასევე, ჩანს, რომ ინტერიერის რამდენიმე პანელი, გაურკვეველი მიზეზით, მოხსნილია.

წყალდიდობაში მოყოლილი ავტომობილის სრულფასოვანი დათვალიერების გარეშე შეძენა უდიდესი რისკია. იმის თქმა, თუ რა სჭირს სინამდვილეში მანქანას, სურათებით შეუძლებელია. თუმცა, როდესაც საქმე Ferrari-ის SUV-ის ეხება რისკზე წასვლა, ალბათ, ღირს.

თქვენ როგორ მოიქცეოდით? შეიძენდით ამ ავტომობილს? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

გაზიარება: