ლანდო ნორისი, ოსკარ პიასტრი, მაკლარენი, მაკლარენ ეფ1, ფორმულა 1-ის ბოლიდები
Aa
Aa

McLaren-ი F1-ის ბოლიდს ჯერ მილიარდერს მიჰყიდის, შემდეგ კი ჩემპიონატში გამოიყენებს

მომდევნო წელს მსოფლიოს ერთ-ერთი მილიარდერი მიიღებს შესაძლებლობას, Formula 1-ის ოფიციალური ბოლიდი სახლში გაიყოლოს. ამ შესაძლებლობას კი მათ McLaren-ი მისცემს, რომელიც აუქციონზე არა უკვე რბოლაში გამოყენებულ ბოლიდს, არამედ 2027 წლის სეზონის მოდელს გამოიტანს, რომლის ისტორიაც ჯერ არ დაწყებულა.

ასევე იხილეთ: ისტორია, რომელიც არ იცით: რატომ არ არიან ქალები F1-ში

თუმცა ეს ყველაფერი არაა: გამარჯვებული თავადვე აარჩევს, თუ რომელი პილოტის ბოლიდის შეძენა სურს. იქნება ეს ლანდო ნორისი თუ ოსკარ პიასტრი. ამის შემდეგ შერჩეული მრბოლელი სწორედ ამ ბოლიდით 2027 წლის რბოლებში ჩაერთვება, ხოლო მფლობელს F1-ის მანქანა მხოლოდ 2029 წლის სეზონის დასრულების შემდეგ ჩაბარდება.

McLaren-ის შეთავაზება უჩვეულოა, მიუხედავად იმისა, რომ Formula 1-ის გუნდებისგან ძველი ბოლიდების გაყიდვები ნამდვილად არ გვიკვირს. თუმცა ეს პირველი შემთხვევა ნამდვილად არაა, რადგან 2025 წელს McLaren-მა 2026 წლის სეზონის ბოლიდიც წინასწარ გაყიდა.

აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი ბოლიდი McLaren MCL41 გახლავთ. აუქციონი 9 დეკემბერს აბუ-დაბიში RM Sotheby's-ის ორგანიზებით გაიმართება. თუმცა კონკრეტული გასაყიდი ეგზემპლარი აუქციონზე წარმოდგენილი არ იქნება, რადგან ის ჯერ არც აუწყვიათ. მისი ოფიციალური პრეზენტაცია მხოლოდ 2027 წლისთვისაა დაგეგმილი.

როგორც გითხარით, ყველაზე დიდი შეთავაზების ავტორი წინასწარ აირჩევს, რომელი მრბოლელის მიერ გამოყენებული ბოლიდი სურს — ნორისის თუ პიასტრიის.

ბოლიდი სრულად დასრულებული 2027 წლის სეზონისთვის იქნება — ამ სეზონისთვის შესაბამისი შეფერილობითა და Mercedes-AMG-ის ძრავით. ბოლიდის სიმძლავრე McLaren-ს ამ ეტაპზე არ დაუკონკრეტებია. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ McLaren-ს არ სურს, სხვა გუნდებმა მისი უახლესი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები გადაიღონ, მყიდველი ნამდვილ სარბოლო ავტომობილს მხოლოდ 2029 წლის სეზონის დასრულების შემდეგ მიიღებს.

მანამდე კი მას მხოლოდ საპრეზენტაციო ვერსია გადაეცემა, რომელიც ვიზუალურად 2027 წლის ბოლიდის იდენტური იქნება, თუმცა ძრავისა და უახლესი აეროდინამიკური კომპონენტების გარეშე.

ბოლიდის მფლობელს ასევე შესაძლებლობა ექნება, შეხვდეს გუნდის ხელმძღვანელს, ზაკ ბრაუნს, ასევე პილოტებს — ლანდო ნორისსა და ოსკარ პიასტრის. განსაკუთრებით საინტერესოა ისიც, რომ მფლობელს შეეძლება თავისი ავტომობილი სარბოლო ტრასაზეც გაიყვანოს და რამდენჯერაც მოისურვებს, იასპარეზოს. ამისთვის McLaren-ი, გარკვეული საფასურის სანაცვლოდ, მას ინჟინრებისა და მექანიკოსების გუნდს გამოუყოფს.

RM Sotheby's-ის ექსპერტების შეფასებით, ბოლიდის საბოლოო გასაყიდი ფასი 8.2-დან 10 მილიონ ევრომდე იქნება. შედარებისთვის, 2025 წელს აუქციონზე McLaren-ის 2026 წლის ბოლიდი 10.5 მილიონ ევროდ გაიყიდა. თუმცა ამ მოდელს მფლობელი მხოლოდ 2028 წელს მიიღებს.

 

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები